„ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ვახტანგ გომელაურმა თანამდებობა დატოვა. „დღეს, როდესაც ქვეყანაში მშვიდი ვითარებაა, თავს უფლება მივეცი, რომ ოჯახს - მეუღლეს, შვილებს და ახლად შეძენილ შვილიშვილს მეტი დრო დავუთმო“, - ასე განმარტავს გომელაური თანამდებობის დატოვებას შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელმა კობახიძეს, მდინარაძეს და სუბარს ცილისწამებისთვის უჩივლა
- 2 ირაკლი ოქრუაშვილი დააპატიმრეს წულუკიანის კომისიის სხდომაზე არმისვლის გამო
- 3 ბათუმის და ქობულეთის მერები ფეისბუკპოსტებით გადადგნენ
- 4 გლდანის ციხიდან კლინიკაში მძიმე დაზიანებებით გადაყვანილი პატიმარი გარდაიცვალა
- 5 ზურაბ ჯაფარიძე დააპატიმრეს „ქართული ოცნების“ კომისიაში გამოუცხადებლობის გამო
- 6 კობახიძემ ხუთ რეგიონში ახალი გუბერნატორები დანიშნა
იგი მადლობას უხდის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს და ქვეყნის არაფორმალურ მმართველს ბიძინა ივანიშვილს, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრს, მთავრობას და შს სამინისტროს თანამშრომლებს.
ვახტანგ გომელაური 2013 წლამდე იყო ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსი. 2013 წელს დანიშნეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ, 2015 წელს კი შინაგან საქმეთა მინისტრად. 2015-2019 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. 2019 წლის 8 სექტემბერს მეორედ დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრად.
2024 წლის დეკემბერში ვახტანგ გომელაური აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა გლობალურ „მაგნიტსკის სიაში“ შეიყვანა, მშვიდობიან დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებზე ძალადობის გამო. გომელაური სანქცირებულია დიდი ბრიტანეთისა და სხვა დასავლური ქვეყნების მიერაც.
სანქცირების შემდეგ გომელაური „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვიცე-პრემიერად დანიშნა.
იანვარში გომელაური ღირსების ორდენით დააჯილდოვა „ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა „კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის“.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ ახალ შინაგან საქმეთა მინისტრს, გელა გელაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, 2004-2005 წლებში მუშაობდა სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროს გამომძიებლად; 2005-2006 წლებში კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განყოფილების უფროსის მოადგილედ; 2007-2008 წლებში იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მრჩევლად; 2010-2012 წლებში იყო საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე;
2012-2016 წლებში იყო პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე; 2016-2018 წლებში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი; 2018-2023 წლებში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი; 2023-2024 წლებში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე; 2024-2025 წლებში თავდაცვის მინისტრის მოადგილე; 2025 წლის აპრილიდან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ანრი ოხანაშვილის დანიშვნის შემდეგ, იყო მისი მოადგილე.
