„ეს აბსურდი და ტყუილია. არანაირი კავშირი არ შემდგარა. ვინც მე პირადად მიცნობს, იცის, რომ არამარტო ნაცნობების, მტრის ოჯახსაც პატივს ვცემ და ჩემგან ასეთი რაღაც არასდროს არ ყოფილა არავის მიმართ, რომ ვინმეს ოჯახის ამოწყვეტით დავმუქრებოდი. ეს არის სრული აბსურდი“, - განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მისი ყოფილი მოადგილის, პატიმრობაში მყოფი სოსო გოგაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
გოგაშვილმა რამდენიმე დღის წინ განცხადება გაავრცელა, სადაც ის ამბობს, რომ შს მინისტრმა მას ციხეში არაერთხელ დაურეკა, მოსთხოვა, გაჩუმებულიყვნენ თვითონ და მისი ოჯახის წევრები და დაემუქრა. გოგაშვილისვე თქმით, მას ციხეში ოჯახის წევრებიც შეახვედრეს იმისათვის, რომ მათთვის ის მუქარა გადაეცა, რაც გომელაურისგან და ივანიშვილისგან მიიღო. არადა, გამოძიების პროცესში მიღებული დადგენილებით, გოგაშვილს ადვოკატების გარდა სხვა პირებთან შეხვედრა აკრძალული აქვს.
„ძალიან სამწუხაროა და გული მწყდება. სოსო გოგაშვილი 2013 წელს გავიცანი და წამოვიყვანე მე პირადად. რიგით თანამდებობაზე იყო გენინსპექციაში, მე მაშინ [მინისტრის] მოადგილე ვიყავი, ირაკლი ღარიბაშვილი იყო შს მინისტრი. მას ვთხოვე და ჩემს საკურატოროში გადმოვიყვანე და დავაწინაურე. ბოლოს ჩემი პირველი მოადგილე გახდა და თითქმის სამი წელი იყო ჩემი მოადგილე. ჩემი ოჯახის ახლობელი იყო, ისე დავახლოვდით ოჯახებით და ახლა რასაც ის აცხადებს, თურმე სამი წელი აგროვებდა ჩემზე, ჩვენს გუნდზე კომპრომატებს, გომელაური ციხეში უნდა იჯდეს თურმე და ა.შ.
2018-ში მოხდა მისი თანამდებობიდან გათავისუფლება და რატომ მოხდა, ეს თვითონ ყველაზე კარგად იცის, მაგას მე არ ვიტყვი. არაერთხელ დამიცავს ის მე გუნდისგან. ყველაზე მეტად გაოცებული მე ვარ, არავის არაფერს ვაყვედრი. რაც შემეძლო, ყველაფერი გავუკეთე, არაფერი არ ჰქონდა და გახდა პირველი მოადგილე.
მისი ოჯახისთვის არაფერი ცუდი არ მინდა, თუმცა, რაც მოხდა და სადამდეც მიიყვანა მისმა საქციელმა, ვხედავთ და ვწუხვარ“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა სოსო გოგაშვილის განცხადებას პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებითაც უპასუხა. გოგაშვილის სახელით გავრცელებულ წერილში ნათქვამია, რომ ვახტანგ გომელაური საიდუმლოდ შეხვდა სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის დედას, მედიკო მარგოშვილს, რის შემდეგაც მაჩალიკაშვილების ოჯახში მიაგზავნეს პირი, რომელმაც გარდაცვლილის მშობლები დაარწმუნა, რომ სპეცოპერაციისას სპეცრაზმი სოსო გოგაშვილს ექვემდებარებოდა.
„სოსო გოგაშვილი არ ყოფილა პანკისში, იქ. სპეცდანიშნულების რაზმი მექვემდებარებოდა პირადად მე და მას ვერავინ მისცემდა ბრძანებას. ის ბრძანება, რომ ვინმეს ლიკვიდაცია მოეხდინა... ამ შემთხვევაში მაჩალიკაშვილის ლიკვიდაცია მოხდა. ძალიან სამწუხაროა და კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ოჯახს. ძალიან მძიმე იყო, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ოჯახისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის. ასეთი ბრძანება, რა თქმა უნდა, არ გაცემულა და კიდევ ვადასტურებ, რომ სპეცდანიშნულების რაზმს ვხელმძღვანელობდი მე. ჩემი საკურატორო იყო, მაგრამ ჰყავდა თავისი მეთაური, რა თქმა უნდა“, - განაცხადა გომელაურმა.
იოსებ გოგაშვილი, რომელიც 2015-2018 წლებში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოდგილის თანამდებობას იკავებდა, 2022 წლის 16 ივლისს დააკავეს. პროკურატურა გოგაშვილს ბრალს სდებს, რომ წარსულში მისი სამსახურებრივი მდგომარებისა და კონტაქტების გამოყენებით, მოიპოვა და გაამჟღავნა კონკრეტული მოქალაქეების პერსონალური მონაცემები, რითაც ხელი შეუწყო აღნიშნული ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებას. მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.
ციხეში გოგაშვილისთვის მისი ოჯახის წევრების შეხვედრა მედიას დაუდასტურა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ. მინისტრის განმარტებით, გოგაშვილს ოჯახთან შეხვედრის ნება წახალისების მიზნით მისცეს.
„საქმის მასალებს ადევს გრიფი საიდუმლო და მე მხოლოდ იმას გეტყვით, რომ მისი შეხვედრა ოჯახის წევრებთან იყო კანონმდებლობის სრული დაცვით ჩატარებული. ეს იყო მისი თხოვნის საფუძველზე გაკეთებული. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ სხვათა შორის, ბატონი გოგაშვილი ძალიან დიდ მადლიერებას გამოხატავდა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიმართ, მისი ქცევაც იყო ძალიან დადებითი და შესაბამისად, გარკვეული წახალისების ღონისძიების სახით იყო. მე არ ვიცი, ის რაზე საუბრობს. მე ვიცი ის, რომ ის თანამშრომლებთან, მათ შორის ექიმებთანაც, ყოველთვის გამოხატავდა მადლიერებას მისდამი კარგი დამოკიდებულების გამო და ის შეხვედრა, რომელიც ჩატარდა, ჩატარდა მისი მოთხოვნით. მათ შორის, მისი ყოფაქცევაც იყო ძალიან დადებითი და ერთგვარი წახალისების ღონისძიების სახით იყო ეს შეხვედრა გამოყენებული. პენიტენციურ დაწესებულებაში აბსოლუტურად ყველა ქმედება ხორციელდება კანონის საფუძველზე და ვერც ერთი უკანონო ქმედება იქ ვერ განხორციელდება“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.