შსს აცხადებს, რომ თბილისსა და რეგიონებში უკანონო იარაღი ამოიღეს, დაკავებულია 9 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში, კახეთში, აჭარაში, ქვემო და შიდა ქართლში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. პოლიციამ 9 პირი დააკავა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

შსს-ს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1988 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ი.ნ. დააკავეს.

„სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას პისტოლეტი, მჭიდი და 12 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

კახეთში სხვადასხვა დროს დაკავებულია 4 პირი - 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დ.ბ., 1979 წელს დაბადებული ზ.მ., 1974 წელს დაბადებული დ.შ. და 1973 წელს დაბადებული ე.ვ. მათ 3 პისტოლეტის, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის, გადაჭრილი სანადირო თოფის, 4 მჭიდის, 77 ვაზნისა და ერთი ხელყუმბარის ქონას ედავებიან.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშროლების მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეა დაკავებული. როგორც შსს-ში განაცხადეს, პოლიციელებმა 1976 წელს დაბადებული ა.ო.-ს პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 41 ვაზნა და მჭიდი.

„ამავე დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაკავებული, წარსულში არაერთი დანაშაულისთვის ნასამართლევი, 1972 წელს დაბადებული ო.ე.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, 15 ვაზნა და მჭიდი“, - განაცხადეს შსს-ში.

უწყების ინფორმაციით, მარნეულის პოლიციის თანამშრომლებმა მარნეულში, უცხო ქვეყნის მოქალაქის, 2001 წელს დაბადებული დ.ჰ.-ს დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი, 10 ვაზნა და მჭიდი.

შიდა ქართლში 1984 წელს დაბადებული გ.ა. დააკავეს. შსს-ს ცნობით, პოლიციამ ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და 15 ვაზნა ამოიღო.

საქმეებზე გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების მუხლით მიმდინარეობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.