შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტივისტ გიგა მაქარაშვილს სასამართლოში უჩივის „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის. შსს-ის მართლწესრიგის ოფიცრის, კორნელი კირცხალიას მიერ შედგენილი ოქმის მიხედვით, მაქარაშვილმა პაპუაშვილს შეურაცხყოფა 2026 წლის 3 აპრილს, Facebook-ის საშუალებით მიაყენა. მასალებს ერთვის გიგა მაქარაშვილის Facebook-გვერდის სქრინი, სადაც გამოქვეყნებულია ფოტო. სურათზე გამოსახულია ორი პირი: მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი, პრორუსი პოლიტიკოსი იგორ დოდონი და შალვა პაპუაშვილი. პაპუაშვილის ფოტოზე დატანილია წარწერა: „შალვა განდონი“. აღსანიშნავია, რომ პოსტი გიგა მაქარაშვილის გვერდზე ამჟამად აღარ იძებნება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 4 პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ნუგზარ ქავთარაშვილს ეძებენ
- 5 მარნეულის მერის ძმა ბიზნესმენზე ჯგუფური თავდასხმის ბრალდებით დააკავეს
- 6 ირანის ელჩი: თუ რეგიონიდან იქნება ქმედება ჩვენ წინააღმდეგ, გვექნება რეაქცია

შსს-ს წარმომადგენელმა, სალომე ქირიამ, საქმეს დაურთო 2025 წლის დადგენილება, რომლითაც მაქარაშვილი ანალოგიური ქმედებისთვის (პაპუაშვილისა და მდინარაძის შეურაცხყოფა) წარსულში 4 000 ლარით დაჯარიმდა.
ადვოკატ მიხეილ ზაქარეიშვილის თქმით, მაქარაშვილი ფაქტს არც ადასტურებს და არც უარყოფს. ადვოკატი მიუთითებს ევროსასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის მიხედვითაც ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ კრიტიკული აზრის გამოხატვა დაცულია.
ადვოკატმა შალვა პაპუაშვილის მოწმის სახით დაკითხვა იშუამდგომლა: „შეურაცხყოფა არ არის ობიექტური რამ, შეფასებითია... [პაპუაშვილმა] თავად უნდა დაადასტუროს, რომ თავი შეურაცხყოფილად იგრძნო“.
მოსამართლე კობა ჩაგუნავას განმარტებით, კანონმდებლობით მნიშვნელობა არ აქვს, „დაერღვა თუ არა სიმშვიდე ბატონ შალვას“, რადგან სასამართლო სიტყვის ობიექტური მნიშვნელობით იხელმძღვანელებს.
ადვოკატი ეჭვქვეშ აყენებს სამართალდარღვევის ოქმის ნამდვილობას, რადგან ის 15 აპრილით არის დათარიღებული, მაშინ როცა სასამართლომ მასალები 14 აპრილს მიიღო. შსს ამას „ტექნიკურ ხარვეზს“ უწოდებს.
საქმის განხილვა 7 მაისს გაგრძელდება, სადაც მოწმის სახით პოლიციელი კორნელი კირცხალია დაიკითხება. სამართალდამრღვევად ცნობის შემთხვევაში, მაქარაშვილს 2 500-დან 6 000 ლარამდე ჯარიმა ან 5-დან 60 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრება.
