თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის, იოსებ სიგუას წინააღმდეგ გამოწერილი შემაკავებელი ორდერი გააუქმა, რომელსაც ვადა ისედაც გასული ჰქონდა. საქმე ეხება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროსს, რომელსაც ყოფილი ცოლი, სოფიო სიგუა, მრავალწლიან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
იოსებ სიგუას წინააღმდეგ თავდაპირველად ორი შემზღუდველი მექანიზმი მოქმედებდა - შემაკავებელი ორდერი და ელექტრონული ზედამხედველობა (ე.წ. სამაჯური). სააპელაციო სასამართლოში მათ გაუქმებას იოსებ სიგუა ითხოვდა. შემაკავებელი ორდერის 30-დღიანი ვადა გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ოთხი დღით ადრე, 9 აგვისტოს ამოიწურა. ამ დროისთვის ელექტრონული მონიტორინგის ვადაც გასულია.
სოფიო სიგუას ადვოკატის, ორგანიზაცია „საფარის“ იურისტის, თამუნა ლუკავას განცხადებით, უცნობია, რა მოტივით გააუქმა მოსამართლემ ორდერი იმ ფონზე, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მისი ძალაში დატოვების საფუძველს იძლეოდა.
„განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ სააპელაციო სასამართლომ ელექტრონული ზედამხედველობაც კი დააწესა, რომელიც გაცილებით უფრო მკაცრი მექანიზმია, ვიდრე შემაკავებელი ორდერი. ჩვენ ვითხოვთ ობიექტურ გამოძიებას არა მხოლოდ ძალადობის ფაქტებთან, არამედ შემაკავებელი ორდერის დარღვევასთან დაკავშირებითაც“, - აღნიშნა ლუკავამ.
„საფარის“ ხელმძღვანელის, ბაია პატარაიას შეფასებით, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება „მხოლოდ იმას შეიძლება ნიშნავდეს, რომ ზემოთ უკვე გადაწყვეტილია იოსებ სიგუას გამართლება ოჯახში ძალადობის საქმეში“.
სოფიო სიგუა მიიჩნევს, რომ სასამართლომ მიკერძოებული გადაწყვეტილება მიიღო: „შსს-ს მთელი სტრუქტურა მუშაობს, რომ დამნაშავე დაიცვან. ზუსტად ვიცოდი, რომ მას მფარველობდნენ და დაცულად თავი არასდროს მიგრძნია. სამაჯურიც რომ ეკეთა, მაშინაც სულ უკან ვიყურებოდი“.
სოფიო სიგუამ ყოფილი ქმარი საჯაროდ დაახლოებით ერთი თვის წინ ამხილა. 4 ივლისს ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტში მან იოსებ სიგუა მრავალწლიან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ანგარიშსწორებაში, მათ შორის ორსულობის პერიოდში ძალადობაში დაადანაშაულა.
ქალის განცხადებით, ყოფილი მეუღლე მას სიცოცხლის მოსპობით, მე-12 სართულიდან გადაგდებით, იარაღის შუბლზე მიდებით, კასრში ჩასმითა და დამარხვით ემუქრებოდა.
საქმეში არსებობს არასრულწლოვანი შვილების ჩვენებებიც, რომლებიც ძალადობის ფაქტებს ადასტურებენ. გარდა ამისა, სოფიო სიგუა ყოფილ ქმარს მისთვის 200 000 ლარის მოპარვაშიც სდებს ბრალს.
ბრალდებების გაჟღერების დროს იოსებ სიგუა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსი იყო. რამდენიმე დღეში ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსად დააწინაურეს. მას შემდეგ, რაც პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, მან თანამდებობა დატოვა. იოსებ სიგუა ყოფილი ცოლის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.
