შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური სამმართველო იქმნება, რომლის მიზანიც საჯარო სივრცეში, მათ შორის სოციალურ ქსელებში (მაგალითად, Facebook-ზე), სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და დარღვევებზე რეაგირება იქნება. სასამართლოს მიერ სამართალდამრღვევად მიჩნეულ პირებს 6 000 ლარამდე ჯარიმა ან 60 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა დაემუქრებათ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 2 თავდაცვის ყოფილ მინისტრს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
- 3 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
- 4 აზერბაიჯანის ხელისუფლება მთიან ყარაბაღში სომხურ ეკლესიებს ანგრევს
- 5 მეუფე შიოს პატრიარქად არჩევა საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის – მეუფე ზენონი
- 6 Facebook-ზე პოლიციელების შესახებ პოსტის გამო მოქალაქე 15 დღით დააპატიმრეს
ახალი ინიციატივის შესახებ ცნობილი გახდა „ქართული ოცნების“ მთავრობის ვიცე-პრემიერის, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის ბრიფინგიდან.
„იგულისხმება ნებისმიერი ტიპის საჯარო კომუნიკაცია, რომელიც შეიცავს სიძულვილის ენას, შუღლის გაღვივებასა და ღირსების შელახვას“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
ახალი სამმართველო უკვე არსებული საკანონმდებლო ბაზის საფუძველზე იმოქმედებს. მდინარაძის განმარტებით, დღემდე რეაგირება მოქალაქეთა საჩივრების საფუძველზე, „კონტექსტიდან ამოგლეჯილად“ ხდებოდა, ახლა კი პროცესს პერმანენტული ხასიათი ექნება და უწყება პროაქტიულად იმოქმედებს:
„ახლად შექმნილ სამმართველოს ექნება უფლება, თვითონ მოიძიოს ასეთი დარღვევების ფაქტები და მიმართოს სასამართლოს. სწორედ ამის კონტროლი იქნება პირადად ჩემი და ზოგადად ხელისუფლების პასუხისმგებლობა, რომ სწორი ზღვარი გაივლოს ადამიანის უფლებებს, მათ შორის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას და შეურაცხყოფას შორის“.
მდინარაძემ ახალი სტრუქტურის შექმნა ასევე დაუკავშირა „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტულ ტელეარხებზე „დებატებისთვის სივრცის გახსნას“ და მას ჯანსაღი გარემოს შექმნისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი უწოდა.
„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საზოგადოების ერთიანობა ეროვნული ამოცანაა, რასაც შესაბამისი მექანიზმები სჭირდება.
„ქვეყანაში არის პოლარიზაციის ხელოვნურად თავსმოხვევის მცდელობა. ხდება სიძულვილის დათესვა, რასაც სხვადასხვა ქვეყანაში ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის საფუძველზე ცდილობენ. ჩვენ ამას უნდა დავუპირისპირდეთ. ამოქმედდა კანონმდებლობა, თუმცა საჭიროა აღსრულების ეფექტიანი მექანიზმებიც და ზუსტად ამას ემსახურება შსს-ში საგანგებო სამმართველოს ჩამოყალიბება“, - განაცხადა კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ინიციატივას სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი უწოდა და აღნიშნა, რომ სიძულვილის ენას „უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების წიგნებიდან გადმოწერით იყენებენ ქვეყნის ასარევად“. პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ ღიად ანტიდასავლური განცხადება გააკეთა და პროცესებში ევროპული სტრუქტურები დაადანაშაულა:

„ჩვენ უნდა შევძლოთ და ჩვენი საზოგადოების ყველა სფერო დავუბრუნოთ ქართულ ფასეულობებს.
სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, ბრიუსელის ფასეულობებს სადამდეც მივყავართ, ზიზღის ენა სწორედ იქიდან არის წაქეზებული. ჩვენ ვხედავთ, რომ რამდენიმე ელჩი არის, რომელიც ამაშია ჩართული. ჩვენ ვხედავთ ევროპარლამენტარებს, რომლებიც ამ ზიზღის ენაში არიან ჩართული და ფაშისტურ გამონათქვამებს იყენებენ ქართველი ხალხის მიმართ. ბრიუსელის ღირებულებები ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელია.
ამიტომ, ჩვენ ჩვენსას დავუბრუნდეთ და სხვების მიერ თავს მოხვეულ ზიზღს სათანადო პასუხი გავცეთ“.
შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი ინიციატივას ცენზურას უწოდებს და აღნიშნავს, რომ სიძულვილის ენის მთავარი შემოქმედი თავად „ქართული ოცნებაა“.
„ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტი სახელმწიფოსგან ადამიანების დასაცავად შევქმენით და არა ხელისუფლების დასაცავად. ავტორიტარიზმის ლოგიკა ასეთია: ადამიანების დაცვის ინსტრუმენტი ცენზურის ინსტრუმენტად უნდა გადაკეთდეს. ზიზღის ენის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედის მიერ ამის „რეგულირებას“ ცენზურა ჰქვია“, - წერს მეზვრიშვილი.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარე თამარ ონიანიც მიიჩნევს, რომ ახალი სტრუქტურა განსხვავებული აზრის კონტროლის მექანიზმია, რომლის საკანონმდებლო ბაზაც 2025 წელს მომზადდა.
„განსხვავებული აზრის სისტემატიზებული კონტროლის ინსტიტუციური მექანიზმი ინერგება. 2025 წლის 6 თებერვალს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს დაემატა 173(16) მუხლი, რომელზეც „ეუთო/ოდირმაც“ მიუთითა, რომ ის თვითნებური განმარტების საშუალებას იძლევა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ საჯარო პირებს კრიტიკის მიმართ თმენის გაცილებით დიდი ვალდებულება აქვთ. პოლიტიკოსებს არ აქვთ პრივილეგია, ისარგებლონ გაძლიერებული დაცვით. შესაბამისად, დაანონსებული მექანიზმი ცენზურის ინსტრუმენტია და მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ საზოგადოებასთან“, - აცხადებს ონიანი.
2025 წლის დასაწყისში „ქართულმა ოცნებამ“ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს დაუმატა 17316-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სასჯელებს სახელმწიფო და საჯარო მოსამსახურეების მიმართ შეურაცხყოფისთვის (სიტყვიერი შეურაცხყოფა, გინება და ა.შ.). პირველადი დარღვევა ისჯება 1 500-დან 4 000 ლარამდე ჯარიმით ან 45 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით, ხოლო განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში სასჯელი იზრდება და შეადგენს 2 500-დან 6 000 ლარამდე ჯარიმას ან 5-დან 60 დღემდე პატიმრობას. გარდა ამისა, თუ დამრღვევი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, შესაძლებელია მისი საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 3 წლამდე ვადით.
ამ მუხლის საფუძველზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა არაერთ ჟურნალისტს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსსა და სამოქალაქო აქტივისტს უჩივლეს შსს-ში. სასამართლომ ყველა მათგანი სამართალდამრღვევად ცნო. სულ ახლახანს გიგა მაქარაშვილს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა იმის გამო, რომ Facebook-ში გამოქვეყნებულ ფოტოზე შალვა პაპუაშვილს „შალვა განდონი“ დააწერა. მოქალაქეებს აპატიმრებენ სოციალურ ქსელში პოლიციელების „შეურაცხყოფის“ საბაბითაც.
