2026 წლის 1-ელი ივნისიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის“ სამმართველო ამოქმედდა, რომლის მთავარი ფუნქციაც სოციალურ ქსელებსა და მედიასივრცეში გავრცელებული განცხადებების მონიტორინგია. ახალი სტრუქტურული ერთეული უწყების ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის დაქვემდებარებაში შეიქმნა და მას თამთა ქიმბარიშვილი უხელმძღვანელებს, საწყის ეტაპზე კი ის ათი თანამშრომლით დაკომპლექტდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 2 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 3 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
- 4 „ყველა სცემდა, ვინც მოვიდა“ - გორში პოლიციელებმა მოქალაქეები სასტიკად სცემეს
- 5 „პოლიციელს ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა“ – შს მინისტრის მოადგილე გორში ძალადობაზე
- 6 ბოლო ერთ წელში სუს-ის მესამე თანამშრომელმა მოიკლა თავი
„ქართული ოცნების“ მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრის, ადამიანის უფლებების დარღვევის გამო დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული სულხან თამაზაშვილის ბრძანების თანახმად, სამმართველოს მიზანია საჯაროდ გავრცელებული ადამიანის ღირსების შემლახველი, შეურაცხმყოფელი და სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების პროაქტიული გამოვლენა და მონიტორინგი, რომლებიც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ნიშნებს შეიცავს. სამმართველოს უფლებამოსილებებში შედის სავარაუდო დამრღვევი პირის იდენტიფიცირება, შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და დოკუმენტაციის შედგენა, საქმის განსჯადობის მიხედვით სასამართლოში გადაგზავნა და დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში ინფორმაციის საგამოძიებო ორგანოსთვის მიწოდება.
სპეციალური სამმართველოს შექმნის ინიციატივა ჯერ კიდევ 18 მაისს, „ქართული ოცნების“ მთავრობაში სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ წარადგინა. მისი თქმით, მონიტორინგი ნებისმიერი ტიპის საჯარო კომუნიკაციას შეეხება, თუმცა პროცესი არ ისახავს მიზნად გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას. შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განმარტა, რომ კანონი არ იზღუდება საზოგადოებრივი მოვლენების ან პოლიტიკის კრიტიკისას, თუმცა ამოქმედდება იმ შემთხვევაში, როდესაც ფიქსირდება პიროვნული თავდასხმები და ილახება კონკრეტული პირის პირადი ღირსება.
ახალი სამმართველოს შექმნას ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ონიანი მიიჩნევს, რომ აღნიშნული მექანიზმი პირდაპირი ცენზურაა, ხოლო სოციალური სამართლიანობის ცენტრის დირექტორი თამთა მიქელაძე ხაზს უსვამს, რომ მსგავს ფუნქციას ადრე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ასრულებდა და პროცესში პოლიციის ჩართვა სუს-ის რესურსების დეფიციტზე მიუთითებს.
აღნიშნული პრაქტიკა ეყრდნობა 2025 წლის თებერვალში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც პასუხისმგებლობა დაეკისრა უამრავ ადამიანს სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული იმ პოსტების გამო, რომლებიც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა შეურაცხმყოფელად აღიქვეს.
პირველადი დარღვევის შემთხვევაში სანქცია 1500-დან 4000 ლარამდე ჯარიმას ან 45 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს, განმეორებითი ქმედება კი 2500-დან 6000 ლარამდე ჯარიმით ან 5-დან 60 დღემდე პატიმრობით ისჯება, რასაც იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევაც ემატება. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის შეფასებით, ეს მუხლი ზედმეტად ფართო და სუბიექტურია, რაც მისი თვითნებური ინტერპრეტაციის მაღალ რისკებს აჩენს.
