სიჩქარის გადაჭარბებისთვის დაწესებული ჯარიმები შემცირდა

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა, რომლითაც სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებისთვის სიჩქარის გადაჭარბებაზე სანქციები ახლებურად, დიფერენცირებულად განისაზღვრა და ჯარიმები შემცირდა.  

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

  • 15-დან 30 კმ/სთ-მდე გადაჭარბება გამოიწვევს 50 ლარით დაჯარიმებას (ნაცვლად 100 ლარისა). მართვის მოწმობას დააკლდება 10 ქულა.
  • 30-დან 50 კმ/სთ-მდე გადაჭარბება გამოიწვევს 100 ლარით დაჯარიმებას (ნაცვლად 300-ლარიანი ჯარიმისა, რომელიც აქამდე 40 კმ/სთ-ზე მეტით გადაჭარბებაზე მოქმედებდა). მართვის მოწმობას დააკლდება 10 ქულა.
  • 50 კმ/სთ-ზე მეტი გადაჭარბებაზე კვლავ იმოქმედებს 300-ლარიანი ჯარიმა, ხოლო მართვის მოწმობას დააკლდება 20 ქულა.

ცვლილებები მხოლოდ სისწრაფის კონტროლს არ ეხება. კანონში კიდევ ორი მნიშვნელოვანი სიახლე გაჩნდა. კერძოდ, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მუნიციპალიტეტის საზღვრებში (მათ შორის, თბილისში) ხე-ბუჩქნარისა და ნარგავების დაზიანება გამოიწვევს მძღოლის 500 ლარით დაჯარიმებას. იგივე ქმედების განმეორებით ჩადენისას ჯარიმა 1000 ლარი იქნება. მეორე - ღამის 01:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე პერიოდში, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს, სადისტრიბუციო მანქანებს ტვირთის გადმოსატვირთად ავტობუსის ზოლში (ე.წ. Bus Lane) დადგომის უფლება ექნებათ.

საგზაო-სატრანსპორტო წესების დარღვევისთვის ჯარიმები მიმდინარე წლის 1-ელი მაისიდან იყო გაზრდილი, რაც „ქართული ოცნების“ მთავრობის მტკიცებით, გზებზე სიკვდილიანობის მაღალმა მაჩვენებელმა განაპირობა. თუმცა, როგორც დღეს, 25 ივნისს, „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განმარტა, რადიკალურად გაზრდილმა სანქციებმა დიდი შედეგი არ მოიტანა.

„ჩვენ გავზარდეთ რადიკალურად სანქციები მინიმალურ დარღვევებზეც, შემდეგ დააკვირდა შინაგან საქმეთა სამინისტრო, მოგვცა თუ არა ამან შედეგი. დიდი შედეგი არ მოგვცა. რაც მოგვცა იყო ის, რომ მინიმალური დარღვევების შემთხვევაში იყო მაღალი ფინანსური ტვირთი მოქალაქეებისთვის. ამიტომ ჩვენ ავირჩიეთ ამ ცვლილებით უფრო დიფერენცირებული მიდგომა, სადაც იქნება დარღვევის ასე ვთქვათ სამი კლასი: მინიმალური გადაჭარბება, მეტი გადაჭარბება, დიდად გადაჭარბებული და იქნება შესაბამისი სიჩქარის გადაჭარბების ადეკვატური სანქცია და ვნახოთ, ამასაც დავაკვირდებით რა შედეგები იქნება. ეს მუდმივი პროცესი არის იმისთვის, რომ ჩვენ მივაღწიოთ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას“, -  განაცხადა პაპუაშვილმა.

ოფიციალური მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში 5 969 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, რის შედეგადაც 469 ადამიანი დაიღუპა (მათ შორის 27 ბავშვი), ხოლო 8 191 დაშავდა.

ტენდენცია მძიმეა მიმდინარე წელსაც - მხოლოდ პირველ კვარტალში (იანვარი-მარტი) 664 შემთხვევას 92 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 989 კი დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოხვევის მანევრის დარღვევა, შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა და გასწრების წესების დარღვევა ავარიების ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზებია.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.