„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ - ამ სლოგანით დღეს, 13 აგვისტოს, დამოუკიდებელი მედიის მხარდასაჭერად კამპანია დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ოცდაორი ონლაინგამოცემის ვებ-გვერდი სიმბოლურად ერთი საათით გაითიშა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 4 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
„დღეს, საქართველოში, თავისუფალი სიტყვა გადარჩენისთვის იბრძვის. რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ მედიას გაქრობით ემუქრება. ონლაინმედია მთელი საქართველოდან გავერთიანდით, რომ ვიბრძოლოთ სანამ გვიან არ არის“, - აცხადებენ კამპანიის მონაწილეები.
გავრცელებულ ვიდეორგოლში ჟურნალისტები აღწერენ, რა ხდება მაშინ, როდესაც სინათლე ქრება - ქრება სიმართლეც:
„თუ არ იქნება სინათლე, ვერ გაიგებთ, როგორ იღებს სასამართლო უსამართლო გადაწყვეტილებებს;
თუ არ იქნება სინათლე, ვერ მოგიყვებით, როგორ იღუპებიან ადამიანები სახელმწიფოს უპასუხისმგებლობის შედეგად;
თუ არ იქნება სინათლე, ვერ გაჩვენებთ, როგორ ძალადობს სისტემა ადამიანებზე;
თუ არ იქნება სინათლე, ვერ გაიგებ, როგორ მიდის ხალხის ფული ჩინოვნიკის ჯიბეში;
თუ არ იქნება სინათლე, არ გეცოდინება, რომ ყოველი მე-5 ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს;
თუ არ იქნება სინათლე, ვერ დაინახავ როგორ ნადგურდება კულტურული მემკვიდრეობა;
თუ არ იქნება სინათლე, ვერარ გავიგებთ ერთმანეთის ხმას“.
კამპანიის ფარგლებში შეიქმნა ვებ-გვერდი sinatle.media, რომლის მეშვეობითაც დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერაა შესაძლებელი.
„შენი მხარდაჭერა ამ ბრძოლაში გადამწყვეტია. გადარიცხე დამოუკიდებელი ონლაინმედიის მხარდასაჭერად და დაგვეხმარე ინფორმაციის გავრცელებაში.
სინათლე არ უნდა ჩაქრეს.
თავისუფლება მზიას!
თავისუფლება სინდისის პატიმრებს!“ - ვკითხულობთ ვებ-გვერდზე.
კამპანიას უერთდებიან ონლაინმედიები: „ჩემი ხარაგაული“, „პუბლიკა“, „გურიის მოამბე“, „ინფო იმერეთი“, „ბათუმელები“, „ნეტგაზეთი“, „მედიაჩეკერი“, „გურია ნიუსი“, რადიო „მარნეული“, „აჭარა თაიმსი“, „OC მედია“, „ქუთაისი პოსტი“, „აპრილი მედია“, „Tok TV“, „64“, „სამხრეთის კარიბჭე“, „აი ფაქტი“, „სტუდია მონიტორი“, „ჩაიხანა“, „ინდიგო“, Qartli.ge, Jnews.
დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერა შესაძლებელია კამპანიის ანგარიშებზე თანხის გადარიცხვით:
თიბისი ბანკი #GE76TB7548536080100013
საქართველოს ბანკი #GE06BG0000000609779465
მიმღები: „ხალხის წყარო“
