„სინდისის პატიმრების“ და სხვა ტერმინების გამოყენებისთვის კომისიამ TV პირველი დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ კრიტიკული ტელეკომპანია „პირველი“ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო ისეთი ტერმინების გამოყენებისთვის, როგორიცაა „სინდისის პატიმრები“, „ოლიგარქი“, „ოცნების გამოძიება“, „ცრუ მოწმე პოლიციელების ჩვენებების საფუძველზე გასამართლებულები“, „არარსებული დანაშაული“ და სხვა. კომისიამ ტელევიზია 2 500 ლარით დააჯარიმა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

მარეგულირებელი ორგანოს განმარტებით, მაუწყებელმა კანონი დაარღვია, რადგან ახალი ამბები საკუთარი სარედაქციო დამოკიდებულებისა და მოსაზრების საფუძველზე გააშუქა.

„მაუწყებლის წამყვანებისა და ჟურნალისტების მიერ წარმოთქმული ფრაზები, მათი კონტექსტის, გავრცელების ფორმის, შინაარსისა და ინტენსივობის გათვალისწინებით, წარმოადგენს პირადი დამოკიდებულების საფუძველზე ახალი ამბების გაშუქებას“, - აცხადებენ კომისიაში.

ვინაიდან „TV პირველს“ მიმდინარე წელს მსგავსი დარღვევისთვის უკვე ჰქონდა მიღებული წერილობითი გაფრთხილება, განმეორებითი შემთხვევისთვის მას ფინანსური სანქცია დაეკისრა.

ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე გადაწყვეტილებას პირდაპირ ცენზურად აფასებს.

21 მაისს ანალოგიური მიზეზითა და იმავე ოდენობის თანხით კომისიამ ტელეკომპანია „ფორმულაც“ დააჯარიმა. მარეგულირებელმა დარღვევად მიიჩნია ისეთი ფრაზების გამოყენება, როგორებიცაა: „ოცნების სუსი“, „ივანიშვილის რეჟიმი“, „რეჟიმის პროკურატურა“, „ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრო“, „რეჟიმის ოპონენტები“ და სხვა.

2025 წელს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად, კომუნიკაციების კომისიას მაუწყებელთა შინაარსში ჩარევისა და მათი დასჯის უფლებამოსილება მიენიჭა. მანამდე ეთერში გასულ მასალებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვა მაუწყებელთა შიდა თვითრეგულირების ორგანოების კომპეტენციას წარმოადგენდა.

ამ ფონზე, 16 ივნისს პროკურატურამ „ფორმულას“ სიუჟეტების საფუძველზე „ცრუ დასმენის“ მუხლით გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება 2025 წლის დეკემბერსა და 2026 წლის იანვარში გასულ რეპორტაჟებს, რომლებიც რეჟისორ გოგა ხაინდრავას შესაძლო კორუფციულ კავშირებს შეეხებოდა.

პროკურატურამ აღნიშნულ საქმეზე მოწმის სტატუსით უკვე დაკითხა გოგა ხაინდრავა, ხოლო ტელეკომპანიის ჟურნალისტი, დავით ქაშიაშვილი უწყებაში 25 ივნისს დაიბარეს. პარალელურად, გოგა ხაინდრავამ „ფორმულას“ ცილისწამებისთვის უკვე უჩივლა და 10 000-ლარიან კომპენსაციას ითხოვს.

„საერთაშორისო გამჭვრვალობა - საქართველოს“ განცხადებით, მამხილებელი სიუჟეტების ობიექტური შესწავლის ნაცვლად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რეპრესიულ მეთოდებს მიმართავს.

„ჟურნალისტების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება ავტორიტარული რეჟიმების დამახასიათებელი ხელწერაა, რომლის მიზანიც პოტენციურ მამხილებლებზე ფსიქოლოგიური ზეწოლაა. უნდა გვახსოვდეს, რომ წყაროს კონფიდენციალობის დაცვა კანონით გარანტირებულია და ჟურნალისტს მისი გამჟღავნების ვალდებულება არ გააჩნია“, - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

კომუნიკაციების კომისიას „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი გოგა გულორდავა ხელმძღვანელობს. 2016-2020 წლებში ის პარლამენტის წევრი იყო, ხოლო 2013-2016 წლებში – წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი. საპარლამენტო საქმიანობის შემდეგ, 2020-2025 წლებში, გულორდავა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორის მრჩეველი და მოგვიანებით – შიდა აუდიტის დირექტორი იყო. პარალელურად, 2023-2025 წლებში, ის პროსამთავრობო მედიაჰოლდინგ „ტელეიმედის“ ფინანსური მონიტორინგისა და შიდა აუდიტის სამსახურში მუშაობდა. „ტელეიმედის“ თანამშრომელი იყო კომისიის კიდევ ერთი წევრი, ანი ვაზაგაშვილ, რომელიც 2024-2026 წლებში „ტელეიმედის“ იურიდიულ სამსახურს ხელმძღვანელობდა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.