სირიის სასამართლომ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, ბაშარ ასადს დაუსწრებლად სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. ეს არის პირველი ოფიციალური ვერდიქტი ყოფილი დიქტატორის წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც 2024 წლის დეკემბერში ამბოხებულთა შეტევის შედეგად მისი ხელისუფლება დაემხო და ასადების ოჯახის მრავალწლიანი მმართველობა დასრულდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
სასამართლომ ბაშარ ასადი დამნაშავედ ცნო კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ უმძიმეს დანაშაულებში. ყოფილ პრეზიდენტს ბრალი ედებოდა განზრახ მკვლელობებში (მათ შორის, ბავშვების), სისტემატურ წამებაში, მოქალაქეთა თვითნებურ დაკავებებსა და მასობრივ მკვლელობებში. სირიის გარდამავალმა ხელისუფლებამ ყოფილი მთავრობის წარმომადგენელთა გასამართლება მიმდინარე წელს დაიწყო.
ბაშარ ასადთან ერთად, სასჯელის უმაღლესი ზომა - სიკვდილით დასჯა მიესაჯა მის უმცროს ძმას, მაჰერ ასადსა და რეჟიმის კიდევ შვიდ მაღალჩინოსანს. სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს ასადის დეიდაშვილს, ბრიგადის გენერალ ატეფ ნაჯიბსაც. იგი ბრალდებული იყო საპროტესტო აქციების სასტიკ დარბევაში, რამაც, ფაქტობრივად, სათავე დაუდო სირიის სამოქალაქო ომს. ასადისგან განსხვავებით, ნაჯიბი სასამართლო პროცესს პირადად ესწრებოდა. იგი 2025 წლის იანვარში დააკავეს და დღეისათვის ერთ-ერთ ყველაზე მაღალი რანგის ჩინოვნიკია, რომელიც მართლმსაჯულების წინაშე უშუალოდ წარსდგა.
ბაშარ ასადი, რომელიც 1965 წელს დაიბადა, სირიას 2000 წლიდან მართავდა, მას შემდეგ, რაც მამამისი, ჰაფეზ ასადი გარდაიცვალა. მისი მმართველობის პერიოდი მჭიდროდ უკავშირდება შიიტური ისლამის ალავიტური სექტის დომინაციასა და ირანთან ალიანსს. 2011 წლის „არაბული გაზაფხულის“ დროს დაწყებული დემოკრატიული პროტესტი ასადის რეჟიმმა ძალის გამოყენებით ჩაახშო, რაც სისხლისმღვრელ სამოქალაქო ომში გადაიზარდა. კონფლიქტმა, საერთო ჯამში, ნახევარ მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ასადის რეჟიმი ბოლო ათწლეულის განმავლობაში თითქმის სრულად იყო დამოკიდებული მოსკოვის სამხედრო, ეკონომიკურ და დიპლომატიურ მხარდაჭერაზე. 2018 წელს მან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ აღიარა, რაც მოსკოვისთვის გაწეული დიპლომატიური სამსახური იყო.
2024 წლის დეკემბერში, ამბოხებულების დამასკოში შესვლის შემდეგ, ასადი ოჯახთან და ძმასთან ერთად რუსეთში გაიქცა. ამჟამად იგი მოსკოვში იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი დიქტატორი რუსეთის დედაქალაქში ფუფუნებაში ცხოვრობს, თუმცა სრულ იზოლაციაშია. მას არ აქვს კონტაქტი არც სირიის ახალ ხელისუფლებასთან და არც რუსულ ელიტასთან.
