სისხლის სამართლის წესით დააკავეს ქალი, რომელიც რუსთაველზე პოლიციის მანქანაზე ავიდა

ოლიციამ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, უწყვეტი პროტესტის 328-ე დღეს, აქციის 25-ზე მეტი მონაწილე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სისხლის სამართლის წესით, ხულიგნობის ბრალდებით არის დაკავებული ახალგაზრდა ქალი, რომელიც პოლიციის მანქანაზე ავიდა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ეს მზიასთვის“, – უთხრა პოლიციელებს თამარ ლორთქიფანიძემ მანქანაზე ასვლის შემდეგ. დღევანდელი აქცია მზია ამაღლობელის და პატიმრობაში მყოფი სხვა ჟურნალისტების მხარდასაჭერად გაიმართა.

როგორც შსს აცხადებს, თამარ ლორთქიფანიძე „არ დაემორჩილა სამართალდამცველთა კანონიერ მოწოდებას, საპატრულო პოლიციის ავტომანქანაზე ავიდა და შეურაცხყოფა მიაყენა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს, მათ ღირსებასა და მუნდირს, ასევე საზოგადოებას“.

სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის თანახმად, ხულიგნობა არის „ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით“ . იგივე ქმედება, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლის ან ხულიგნობის აღმკვეთი სხვა პირის მიმართ არის ჩადენილი, ისჯება ჯარიმით, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან გამასწორებელი სამუშაოთი, ანდა 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

იურისტი საბა ბრაჭველი Facebook-ზე წერს, რომ თამარ ლორთქიფანიძის ქმედება არ შეიძლება „ხულიგნობად“ იქნას მიჩნეული:

„ვისზე იძალადა ამ გოგომ, მანქანაზე? ვის დაემუქრა ძალადობით, სახურავს?

სამართლის მეორეკურსელმა სტუდენტმაც კი იცის, რომ თუნდაც შეურაცხმყოფელი ქმედება, თუ მას თან ძალადობა ან ძალადობის მუქარა არ სდევს, სისხლის დანაშაული კი არა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევა - წვრილმანი ხულიგნობაა.

ადმინისტრაციული ბრალდებითაც შეეძლოთ 60 დღით იზოლატორში გამოკეტვა, მაგრამ კანონი ფეხებზე დაიკიდეს“.

აქციის დანარჩენი მონაწილეები - მათ შორის, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ლიკა ბასილაია-შავგულიძე, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი და Facebook-ჯგუფ „დაიტოვეს“ დამფუძნებელი ილია ღლონტი - ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებული.

შსს-ს თანახმად, „მიუხედავად იმისა, რომ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მომიტინგეები არაერთხელ გააფრთხილეს, არ ჩაედინათ კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რადგან მათი რაოდენობა არ იძლეოდა გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის კანონიერ უფლებას, აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველთა მოწოდება არ გაითვალისწინეს“.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, „თავი შეიკავონ გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად, უკანონოდ გადაკეტვისგან“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.