სკოლებში რელიგიური კლუბები ფართოვდება - დამატებით 129 სასულიერო პირი გადამზადდა

ახალი სასწავლო წლიდან საქართველოს საჯარო სკოლებში „ღირებულებითი განათლების კლუბების“ რაოდენობა იზრდება. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საპატრიარქოში გამართულ პროგრამის შემაჯამებელ ღონისძიებაზე გახდა ცნობილი.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ქართული ოცნების“ მთავრობის განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, უკვე გადამზადდა 129 სასულიერო პირი, რომლებიც სექტემბრიდან საგანმანათლებლო დაწესებულებებში ახალ კლუბებს გახსნიან. ოფიციალური სტატისტიკით, ამჟამად საქართველოს მასშტაბით 141 სკოლაში 175 „ღირებულებითი განათლების კლუბი“ ფუნქციონირებს, რომელშიც 4 375 მოსწავლეა ჩართული.

„ეს რიცხვები მხოლოდ სტატისტიკა არ გახლავთ. თითოეულის უკან დგას მოზარდი, რომელსაც მიეცა შესაძლებლობა, უკეთ შეიცნოს საკუთარი თავი, განივითაროს სწორი ღირებულებები და ჩამოყალიბდეს საზოგადოების ღირსეულ წევრად“, - განაცხადა მიქანაძემ.

მისივე თქმით, იმ ფონზე, როდესაც საქართველო გაქრისტიანების 1700 წლისთავს აღნიშნავს და ქრისტიანული სამყარო გამოწვევების წინაშეა, აღნიშნულ პროგრამას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის იდენტობისა და ტრადიციების შესანარჩუნებლად.

გივი მიქანაძე

„შევუწყობთ ხელს, რომ პროგრამაში რაც შეიძლება მეტი მოსწავლე ჩაერთოს. გადამზადებული სასულიერო პირები სექტემბრიდან ახალ კლუბებს გახსნიან.

ეს ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა მიიღებს შესაძლებლობას, განვითარდეს ჯანსაღ ღირებულებებსა და პოზიტიურ გარემოზე დაფუძნებული განათლების მეშვეობით“, - აღნიშნა მიქანაძემ.

ღირებულებითი განათლების პროგრამა საპატრიარქოსა და განათლების სამინისტროს ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც 2024 წელს ამოქმედდა. სკოლებში არაფორმალური შეხვედრები მართლმადიდებელი სასულიერო პირების მიერ იმართება. პროგრამის ოფიციალური მიზანი მოსწავლეებში საკუთარი თავის, სამყაროსა და მიმდინარე მოვლენების მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულებების ჩამოყალიბება, ასევე მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეების აღზრდაა.

ინიციატივას აკრიტიკებს თეოლოგი და სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილი. მისი შეფასებით, პროცესი სცილდება რელიგიის სწავლების ტრადიციულ მცდელობებს და სხვა შინაარსს იძენს.

მინდიაშვილი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სწავლების ეს ფორმა სხვა რელიგიური ჯგუფების მიმართ დისკრიმინაციულია, თავად ინიციატივა კი ფართო საზოგადოებრივი განხილვის გარეშე დაინერგა.

„ისინი ასწავლიან არა რელიგიას, როგორც აკადემიურ დისციპლინას, არამედ რელიგიისა და ეთნიკური იდენტობის საფუძველზე ჩამოყალიბებულ ჰიბრიდულ შეხედულებებს. ეს პარადიგმა ეფუძნება მოსაზრებას, რომ ვიწროეთნიკური იდენტობა და მართლმადიდებლობა ერთი და იგივეა, რასაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვა აქვს“, - აცხადებს მინდიაშვილი.

ბექა მინდიაშვილი

თეოლოგი ასევე განმარტავს, რომ კლუბები ფორმალურად ნებაყოფლობითია, თუმცა პრაქტიკაში ისინი „მეთოდურად და დემონსტრაციულად“ ინერგება:

„ის, რაც სკოლებში შეაქვთ, არც რელიგიის და არც პატრიოტიზმის სწავლებაა; ეს არის მცდელობა, დაინერგოს იდეოლოგია, რომლითაც „ქართული ოცნება“ განსაკუთრებით ბოლო წლებში ხელმძღვანელობს.

არსებობს საფრთხე, რომ ეს პროცესი საჯარო სკოლებში რელიგიის საფარქვეშ იდეოლოგიური ჰიბრიდის სავალდებულო სწავლების ხასიათს მიიღებს და მძიმე გავლენას მოახდენს ბავშვების ცნობიერებაზე“.

მინდიაშვილი მიიჩნევს, რომ ეს შეიძლება იყოს „საბჭოთა კავშირის შემდეგ პირველად, საჯარო სკოლებში იდეოლოგიური და პოლიტიკური პროპაგანდა-აგიტაციის დაბრუნების მცდელობა“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.