რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში განის რესპუბლიკის ოფიციალური დელეგაცია იმყოფება. ვიზიტის ფორმალური მიზეზი ქალაქ სოხუმის დაარსებიდან 2510-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობა და სოხუმსა და განას ქალაქ სუჰუმს შორის „დაძმობილების“ შესახებ შეთანხმების გაფორმება იყო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 3 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 4 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 5 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 6 „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ფონიჭალის მეჩეთმა მოჯთაბა ხამენეის მიმართვა გააზიარა
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოლეგ ბარციციმ, აფრიკული ვექტორი რეგიონის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა. მან განის რესპუბლიკა „აფრიკის კონტინენტის სტაბილურ და ძლიერ სახელმწიფოდ“ მოიხსენია და აღნიშნა, რომ აფხაზეთი აქტიურად მუშაობს კონტინენტის ქვეყნებთან ეკონომიკური, სავაჭრო და საგანმანათლებლო კავშირების გასამყარებლად.
შეთანხმებას ხელი სოხუმის საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, თემურ აგრბამ და განის სუჰუმის მუნიციპალიტეტის მმართველმა, ბარიმა ამოაკო დარკომ მოაწერეს. დოკუმენტი „სახალხო დიპლომატიის“ ინსტრუმენტად განიხილება და მოიცავს: სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთქმედებას; ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში გამოცდილების გაზიარებას; მოსწავლეთა, სტუდენტთა და აკადემიურ კადრთა გაცვლით პროგრამებს; საერთო ფესტივალებისა და ტურისტული პროექტების დაგეგმვას.
განის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ბარიმა ამოაკო დარკომ, ვიზიტი გრძელვადიანი თანამშრომლობის დასაწყისად შეაფასა: „სოხუმის გაცნობის შემდეგ, ჩვენ აღფრთოვანებული ვართ მისი სილამაზითა და უნიკალური ხასიათით. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ვიზიტის საფუძვლები ჯერ კიდევ ჩვენმა წინაპრებმა ჩაყარეს. ჩვენი ჩამოსვლა არ არის ერთჯერადი მოვლენა. ჩვენი მიზანია დელეგაციების რეგულარული გაცვლა... განის კარი ამიერიდან ღიაა ჩვენი აფხაზი ძმებისთვის“.

მნიშვნელოვანია, რომ განის რესპუბლიკა არ აღიარებს ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობას. მეტიც, ცოტა ხნის წინ განამ მხარი დაუჭირა გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის ფარგლებში მიღებულ რეზოლუციას, რომელიც მკაცრად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს და ადასტურებს დევნილთა დაბრუნების უფლებას.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობას, საერთაშორისო სამართლის საპირისპიროდ, დღემდე მხოლოდ ხუთი სახელმწიფო - რუსეთი, ვენესუელა, ნიკარაგუა, ნაურუ და სირია აღიარებს. დანარჩენი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, მათ შორის განისთვის, აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია.
