სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ გაიმარჯვა

სომხეთში 7 ივნისს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ „სამოქალაქო ხელშეკრულებამ“ მოიპოვა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ფაშინიანის პარტიამ ხმების 49,82% დააგროვა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

მეორე ადგილზე გავიდა სომხური წარმოშობის რუსი მილიარდერის, სამველ კარაპეტიანის ბლოკი „ძლიერი სომხეთი“ 23,28%-ით, ხოლო მესამეზე - ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის ბლოკი „სომხეთი“ - 9,93%-ით. ბოლო მონაცემების მიხედვით, 4%-იანი საარჩევნო ბარიერის მიღმა დარჩა პარტია „აყვავებული სომხეთი“ (3,996%).

შესაბამისად, ახალ პარლამენტში 3 პოლიტიკური ძალა იქნება წარმოდგენილი.

„სამოქალაქო ხელშეკრულება“ 105 მანდატიდან 64-ს მიიღებს, რაც მას მთავრობის ერთპიროვნულად და დამოუკიდებლად ფორმირების საშუალებას მისცემს. პარლამენტში დარჩენილი ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდება: ბლოკი „ძლიერი სომხეთი“ - 29 მანდატი; „სომხეთი“ - 12 მანდატი.

ფაშინიანმა თავისი პარტიის წარმატებას „ისტორიული გამარჯვება“ უწოდა, რომელიც სომხეთის „მარადისობასა და განვითარებას“ უზრუნველყოფს. „მე მადლობას ვუხდი პარტიის ყველა ჩემს კოლეგას. ჩვენ ვმუშაობდით დღე და ღამე, და ეს არის ისტორიული გამარჯვება. ეს გამარჯვება სომეხ ხალხს ეკუთვნის“, - განაცხადა მან.

მიუხედავად რუსული მხრიდან წამოსული წნეხისა, ფაშინიანმა მკაფიოდ დააფიქსირა სომხეთის სამომავლო გეოპოლიტიკური ვექტორი: ქვეყანა გააგრძელებს ევროკავშირთან დაახლოების კურსს, თუმცა პარალელურად დარჩება ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში.

„ჩვენ განვავითარებთ ჩვენს ურთიერთობებს რუსეთის ფედერაციასთან და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სხვა ქვეყნებთან,“ - განმარტა სომხეთის პრემიერმა.

რაც შეეხება აზერბაიჯანს,  ფაშინიანმა განაცხადა, რომ აუცილებელია მშვიდობის ინსტიტუციონალიზაცია და მხარეებს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება.

„გზავნილი იგივე რჩება. სომეხი ხალხი გამოდის მშვიდობის, რეგიონული კეთილდღეობისა და რეგიონული თანამშრომლობის მომხრედ. ვიმედოვნებ, რომ ეს დადებით რეაქციას ჰპოვებს როგორც თურქეთის, ისე აზერბაიჯანის მხრიდან. აუცილებელია თურქეთთან საზღვრის გახსნა. თურქეთმა უნდა გახსნას საზღვარი და ასევე აუცილებელია დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება“, - აღნიშნა ფაშინაინმა.

ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი დაინტერესებულია ევროკავშირისა და საქართველოს, ასევე შეერთებულ შტატებისა და საქართველოს შერიგებით:

„ეს ჩვენი პოზიციაა. თუმცა, ამისგან დამოუკიდებლად, რა თქმა უნდა, ჩვენი თანამშრომლობა და ურთიერთობები საქართველოსთან განუწყვეტლივ განვითარდება. ეს ჩვენი მოძმე ქვეყანაა. ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა და ეჭვგარეშეა, რომ ჩვენი ურთიერთობების განვითარებას გავაგრძელებთ“.

7 ივნისს ამომრჩეველთა აქტივობამ 58,97% შეადგინა, რაც 2017 წლის შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

დაძაბული საარჩევნო კამპანიის დროს ნიკოლ ფაშინიანის პარტიის რიტორიკა სამ ძირითად თეზისს ეფუძნებოდა - ის მხარს უჭერდა მშვიდობას, პროევროპულ კურსსა და დემოკრატიას. „სამოქალაქო ხელშეკრულება“, რომელიც 2018 წლიდანაა ხელისუფლებაში, დაუპირისპირდა პრორუსულ, უკიდურესად დისკრედიტირებულ ოპოზიციას, რომელიც ფაშინიანს ყარაბაღის დათმობასა და ქვეყნის ღალატში ადანაშაულებდა.

სამველ კარაპეტიანი

მოქმედი პრემიერის მთავარი გზავნილი იყო ის, რომ მან აზერბაიჯანთან დაპირისპირებას წერტილი დაუსვა, რათა მთელი სამხრეთ კავკასიისთვის მშვიდობა და კეთილდღეობა უზრუნველეყო. გარდა ამისა, ის ამტკიცებდა, რომ ყარაბაღის გამო წარმოებული მუდმივი კონფლიქტი ქვეყანას რუსეთზე დამოკიდებულს ხდიდა.

საარჩევნო პროცესი მოსკოვსა და ერევანს შორის ურთიერთობების უპრეცედენტო გამწვავების ფონზე წარიმართა. არჩევნებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ევროკავშირთან დაახლოების გამო სომხეთს უკრაინის მაგალითი შეახსენა, რაც ერევანში რუსეთის მხრიდან პირდაპირ მუქარად და შანტაჟად აღიქვეს. მალევე მოსკოვმა სომხურ პროდუქციაზე (ყვავილები, კონიაკი, ბოსტნეული, თევზი) იმპორტის შეზღუდვები დააწესა.

სომეხი ოფიციალური პირები და ანალიტიკოსები რუსეთს პირდაპირ ადანაშაულებდნენ არჩევნებში ჩარევაში. ეს გამოიხატებოდა როგორც პრორუსული კანდიდატების მხარდასაჭერად მიმართულ სადეზინფორმაციო კამპანიებში, ისე რუსეთში მცხოვრები სომხების სამშობლოში მასობრივად ჩამოყვანის მცდელობებში, რათა მათ არჩევნებზე ხმა ფაშინიანის წინააღმდეგ მიეცათ. პრორუსულ ოპოზიციურ კანდიდატებს შორის მთავარი ფიგურა და ნიკოლ ფაშინიანის ძირითადი კონკურენტი სამველ კარაპეტიანი იყო. მან თავისი მილიარდიანი ქონების დიდი ნაწილი სწორედ რუსეთში დააგროვა და მოსკოვთან უფრო მჭიდრო კავშირების დამყარების ინიციატივით გამოდიოდა.

რუსული ეკონომიკური წნეხის გასამკლავებლად ევროკავშირმა სომხეთს 50 მილიონი ევროს დახმარება გამოუყო. ნიკოლ ფაშინიანმა მხარდაჭერა მიიღო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგანაც, რომელმაც მას „დიდი მეგობარი და ლიდერი“ უწოდა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.