სომხეთმა და გერმანიამ პარტნიორობის სტრატეგიული დღის წესრიგის შესახებ დეკლარაცია გააფორმეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა და გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ბერლინში, 9 დეკემბერს ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას მათ ქვეყნებს შორის ორმხრივი პარტნიორობის სტრატეგიული დღის წესრიგის შესახებ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერით, მერცმა და ფაშინიანმა გერმანიასა და სომხეთს შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას ჩაუყარეს საფუძველი. კანცლერმა განმარტა, რომ გერმანია ამჟამად ერევანში გოეთეს ინსტიტუტის გახსნის პროცესშია. ასევე არსებობს თანამშრომლობა უნივერსიტეტებთან და ქალაქების პარტნიორობა. კანცლერის თქმით, მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს ციფრული ტექნოლოგიების სწავლებისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების სფეროებში, რაც სომხეთის მიმართ გერმანული კომპანიების მზარდ ინტერესში აისახება.

კანცლერმა მერცმა სომხეთს ევროკავშირთან დაახლოების საკითხში გერმანიის მხარდაჭერა დაადასტურა. როგორც მან აღნიშნა „სომხეთს ახლა დიდი, ჭეშმარიტად ისტორიული შესაძლებლობა აქვს, ევროპულ გზას დაადგეს“.

გერმანიის მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში, ვაშინგტონში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმება კარს ხსნის სომხეთსა და ევროკავშირს, ასევე სომხეთსა და გერმანიას შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის.

„ჩვენ მივესალმეთ სომხეთის სურვილს, დაუახლოვდეს ევროკავშირს. სომხეთმა იცის, რომ ევროკავშირში წევრობისთვის მრავალი წინაპირობაა დასაკმაყოფილებელი. [...] ჩვენ გვსურს თანამშრომლობის ეტაპობრივად გაძლიერება.

[...] ჩვენ ვთანხმდებით, რომ ახლა სომხეთსა და აზერბაიჯანს ევროპული გზის გავლის დიდი შესაძლებლობა აქვთ. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება მნიშვნელოვანი ერთობლივი ძალისხმევის, დიპლომატიისა და ურთიერთპატივისცემის შედეგად ასეთი სამშვიდობო პროცესი განვითარდეს. იმედი მაქვს, რომ ეს მაგალითი ევროპისა და მსოფლიოს სხვა ნაწილებშიც გავრცელდება. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო: ევროპისკენ მიმავალი გზა ახლა ღიაა. ჩვენ შევთანხმდებით თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმაზე. თქვენ დღეს ერთ-ერთი მათგანის მომსწრე ხართ“, - განაცხადა კანცლერმა.

ფრიდრიხ მერცმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა გაუზიარა ხედვა სომხეთის განვითარების, დემოკრატიული რეფორმების და ისეთი ქვეყნისა და საზოგადოების შესახებ, რომელსაც სურს მეზობლებთან მშვიდობიანად ცხოვრება და კეთილდღეობის შენება.

„ამ დემოკრატიული განვითარების ნაწილია ივნისში სომხეთში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები. ასევე არსებობს ბუნებრივი დაბრკოლება - დემოკრატიის მტრები, განსაკუთრებით რუსეთი, იყენებენ ჰიბრიდულ საშუალებებს, რათა დათესონ შიში ევროკავშირთან და დასავლეთთან დაახლოების, უფრო მჭიდრო ურთიერთობების შესახებ და ავრცელებენ დეზინფორმაციას ევროკავშირის ღირებულებების შესახებ“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

ნიკოლ ფაშინიანის თქმით, დეკლარაციის ხელმოწერით სომხეთსა და გერმანიას შორის ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის ფაზაში შევიდა.

„გერმანია სომხეთისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია, როგორც ორმხრივი, ისე სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობის ფარგლებში.

სომხეთის ევროპული ინტეგრაციის სწრაფი იმპულსი ეფუძნება სომეხი მოქალაქეების ევროპულ მისწრაფებებს და დემოკრატიული ღირებულებებისადმი მათ ერთგულებას, რაც ასევე აისახა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის მიერ მიმდინარე წლის მარტში „სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ“ კანონის მიღებაში.

ამ კონტექსტში, მე დიდად ვაფასებ გერმანიის მხარდაჭერას სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობის გაღრმავების მიმართ და მოუთმენლად ველი პოლიტიკურ მხარდაჭერას ევროკავშირში გაწევრიანების რთულ და გრძელვადიან გზაზე“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

მან გერმანელი კოლეგა ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია, რომელიც ერევანში მომავალი წლის მაისში გაიმართება. მერცის თქმით, ერევანში ვიზიტი უკვე შეტანილია მის გრაფიკში.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.