უკრაინის მხარეს მებრძოლი საქართველოს მოქალაქე გიორგი კინოიანი, რომელიც ერთი თვის წინ სომხეთში დააკავეს და რუსეთში ექსტრადიცია ემუქრებოდა, თავისუფალია. საქართველოს სომხური სათემო პლატფორმის თავმჯდომარის, გიორგი ტუმასიანის განცხადებით, სომხეთმა კინოიანის რუსეთისთვის გადაცემაზე უარი თქვა, რადგან „ეს მისთვის საფრთხის შემცველი იქნებოდა“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დიდმა ბრიტანეთმა ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
- 2 „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მოძალადეები ზაზა მამალაძე და ირაკლი ბაუჩიძე გაათავისუფლეს
- 3 „8 შვილის მამა ტვინის შერყევით გინდათ, რომ გამიშვათ ციხეში“- ბურჭულაძეს პატიმრობა შეეფარდა
- 4 დაზიანებად არ შეიძლება შეფასდეს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში გაკეთებული წარწერა – ქურდოვანიძე
- 5 ლევან ხაბეიშვილი და მურთაზ ზოდელავა დააკავეს
- 6 მეგი დიასამიძეს ბრალი წარუდგინეს, მას „ოცნებისთვის“ 380 ლარის ზიანის მიყენებას ედავებიან
„ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო სომხეთის ხელისუფლებამ - აღიარა, რომ გიორგი კინოიანის და ზოგადად, უკრაინაში მებრძოლების რუსეთისთვის გადაცემა არის საფრთხე. ეს პრეცედენტული გადაწყვეტილებაა“, - განაცხადა ტუმასიანმა. მისი თქმით, „არცერთ ეტაპზე“ არ უნახავს საქმეში საქართველოს ხელისუფლების ჩართულობა.
სომხეთში გიორგი კინოიანის ინტერესებს Helsinki Citizens' Assembly იცავდა. არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებას კინოიანის გათავისუფლებისა და ექსტრადირების უკანონო მცდელობების შეწყვეტისკენ მოუწოდებდა.
„ადამიანის უკანონო პატიმრობაში ყოფნა ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ კრიმინალური დაჯგუფების სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ წაყენებული ბრალდებების საფუძველზე უბრალოდ წარმოუდგენელია. ჩნდება კითხვა - აღიარებს თუ არა სომხეთის რესპუბლიკა „დონეცკის სახალხო რესპუბლიკას“ და უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციას რუსეთის ფედერაციის მიერ? თუ ასეა, მაშინ ეს მკვეთრად ეწინააღმდეგება როგორც საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, ასევე სომხეთის მიერ აღებულ ვალდებულებებს“, - აცხადებდა ორგანიზაციის ხელმძღვანელი არტურ საკუნცი.
Helsinki Citizens' Assembly-ის ადვოკატის, ანი ჩატინიანის თქმით, მათ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს და „36-დღიანი პატიმრობის შემდეგ, გიორგი კინოიანი გათავისუფლდა არარეპატრიაციის პრინციპის გამოყენების შედეგად“.
29 წლის გიორგი კინოიანი, რომელიც უკრაინაში „ქართული ეროვნული ლეგიონის“ შემადგენლობაში იბრძოდა, 3 სექტემბერს, საქართველოდან სომხეთის საზღვრის გადაკვეთის შემდეგ დააკავეს.
საქართველოს მოქალაქის დაკავება და საექსტრადიციო პატიმრობის შეფარდება რუსეთის მიერ გამოცხადებული ძებნის საფუძველზე მოხდა. გასულ წელს, ოქტომბერში, გიორგი კინოიანს რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სასამართლომ დაუსწრებლად მიუსაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, კინოიანი 2022 წლის მარტიდან აპრილამდე პერიოდში ნებაყოფლობით ჩავიდა უკრაინაში და კიევში შეუერთდა „ქართულ ეროვნულ ლეგიონს“, გაიარა სამხედრო წვრთნები, რის შემდეგაც საბრძოლო მოქმედებებში უკრაინის მხარეს მონაწილეობდა. რუსეთს „ქართული ლეგიონი“ ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში ჰყავს შეყვანილი, ხოლო მის მეთაურ მამუკა მამულაშვილზე საერთაშორისო ძებნა აქვს გამოცხადებული.
სომხეთში პატიმრობაში რჩება საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე. ყოფილი სამხედრო ვანო საბაშვილი სომეხმა სამართალდამცველებმა რამდენიმე დღის წინ, საქართველო-სომხეთის საზღვრის გადაკვეთის შემდეგ დააკავეს. ახლობლების ინფორმაციით, საბაშვილი უკრაინაში ერთი თვე იბრძოდა და რუსეთს მასზე ძებნა ჰქონდა გამოცხადებული.
