სომხეთში გადატრიალების საქმეზე დააკავეს 2013 წელს საქართველოში ამნისტირებული ვაჰაგნ ჩახალიანი

სომხეთში ინიციატივის „ნება“ ხელმძღვანელი და აქტივისტი, ვაჰაგნ ჩახალიანი დააკავეს. საგამოძიებო კომიტეტის პრესმდივნის, კიმა ავდალიანის განცხადებით, ჩახალიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ტერორისტული აქტების და ხელისუფლების ხელში ჩაგდების მომზადების მუხლებით არის აღძრული. 

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„მოძრაობა „წმინდა ბრძოლის“ ლიდერებისა და მონაწილეების მიერ ტერაქტებისა და ხელისუფლების ხელში ჩაგდების მომზადების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, გამომძიებლის შუამდგომლობის საფუძველზე პროკურორის გადაწყვეტილებით, ვაჰაგნ ჩახალიანის მიმართ სისხლის სამართლის დევნა დაიწყო... [...] ის დაკავებულია და წარდგენილია სასამართლოს წინაშე პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით“, – განაცხადა ავდალიანმა.

საგამოძიებო კომიტეტი „წმინდა ბრძოლის“ მოძრაობის მონაწილეებსა და ლიდერებს სომხეთში ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით ტერორისტული თავდასხმებისა და ქმედებების დაგეგმვაში ადანაშაულებს. მოძრაობის ლიდერად მთავარეპისკოპოსი ვაზგენ გალსტანიანია დასახელებული, რომელიც 25 ივნისს დაკავებულ 16 ადამიანს შორისაა. 

საგამოძიებო კომიტეტი აცხადებს, რომ მოძრაობის წევრებმა გადაწყვიტეს, ჩამოეყალიბებინათ სამხედრო მომზადების მქონე 25 ადამიანისგან შემდგარი 200-დან 250-მდე დამრტყმელი ჯგუფი. გამოძიების ვერსიით, “დანაშაულებრივი მიზნის მისაღწევად” ვაზგენ გალსტანიანი და მოძრაობის წევრები გეგმავდნენ ტერორისტულ თავდასხმებს, ცეცხლის წაკიდებას, მთავარ ქუჩებსა და გამზირებზე ათობით ავტოსაგზაო შემთხვევის ინსცენირებას და ა.შ.

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სამართალდამცავებმა ჩაშალეს „კრიმინალური ოლიგარქიული სასულიერო პირების“ მასშტაბური გეგმა, რომელიც ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციას და ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ისახავდა მიზნად.

ეს ჩახალიანის დაკავების პირველი შემთხვევა არ არის. 2024 წლის მაისში, ის ერევანში, მთავრობის შენობასთან, ჯგუფური ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. სასამართლომ ჩახალიანს ორთვიანი შინაპატიმრობა შეუფარდა. 

ვაჰაგნ ჩახალიანი 2020 წლის ნოემბერშიც დააკავეს. მას შემდეგ, რაც მთიანი ყარაბაღის საკითხზე სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერებმა ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი, ერევანში პროტესტის ნიშნად ათასობით ადამიანი გამოვიდა. მათი ნაწილი პარლამენტისა და მთავრობის შენობაში შეიჭრა. დემონსტრანტებმა სასტიკად სცემეს პარლამენტის თავმჯდომარეს. ვაჰაგნ ჩახალიანი, რომელიც მთიან ყარაბაღში საომარ მოქმედებებშიც მონაწილეობა, ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც პარლამენტის შენობაში შეიჭრა და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვდა. სასამართლომ ის ხელწერილით გაათავისუფლა.

ჩახალიანი წარმოშობით სამცხე-ჯავახეთიდან არის და საქართველოს მოქალაქეობა ჰქონდა. საქართველოში ყოფნის პერიოდში ის მოძრაობა „ჯავახკის“ ერთ-ერთი ლიდერი იყო. 

2008 წელს, ხელისუფლებაში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფნის დროს, ის მასობრივ არეულობაში მონაწილეობის, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. სასამართლომ ჩახალიანს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა ციხე ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2013 წელს, “ქართული ოცნების” მიერ მიღებული ამნისტიის კანონის საფუძველზე დატოვა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მასშტაბური ამნისტიის შემდეგ განაცხადა, რომ ჩახალიანი უშუალოდ რუსეთის სპეცსამსახურებს ექვემდებარებოდა და 2013 წელს ის “უცხოური ძალის საამებლად გაათავისუფლეს”. თავად ვაჰაგნ ჩახალიანი ამტკიცებდა, რომ პოლიტიკური საფუძვლებით იყო დაპატიმრებული, “საქართველოს სომეხი მოსახლეობის უფლებების დასაცავად” ბრძოლის გამო.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.