„სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

შპს „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე, თაღლითობის ბრალდებით, იურისტი სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს. პროკურატურის განცხადებით, გივი წულეისკირი, გიორგი მურუსიძე და სოფიკო პეტრიაშვილი 450 მოქალაქის კუთვნილ 29 მილიონ ლარს მოტყუებით დაეუფლნენ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

პროკურატურის განცხადებით, გივი წულეისკირმა და გიორგი მურუსიძემ ფიზიკური პირებისაგან დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, შპს „სფერო ჰოლდინგის“ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით იურიდიული პირი - „სფერო ინვესტი“ დააფუძნეს. კომპანიის დირექტორად გიორგი მურუსიძე გაფორმდა, თუმცა მის ფაქტობრივ მართვას წულეისკირი და მურუსიძე ერთობლივად ახორციელებდნენ.

რაც შეეხება სოფიკო პეტრიაშვილს, პროკურატურის თანახმად, ის ფიზიკურ პირებთან მოლაპარაკებებს, მათი დარწმუნებისა და ხელშეკრულებების გაფორმების გზით თანხების მოზიდვის პროცესს უძღვებოდა.

„გივი წულეისკირმა, გიორგი მურუსიძემ და სოფიკო პეტრიაშვილმა, მოქალაქეთა მოტყუებისა და მათი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით, 2022 წლის თებერვლიდან 2025 წლის ოქტომბრამდე, „სფერო ინვესტის“ სახელით, ფიზიკურ პირებთან გააფორმეს „უძრავი ქონების დროებით საცხოვრებლად გადაცემის,“ აგრეთვე ე.წ. კაპიტალდაბანდების შესახებ ხელშეკრულებები.

კერძოდ, უძრავი ქონების დროებით საცხოვრებლად გადაცემის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, ფიზიკურ პირებს „სფერო ინვესტის“ ანგარიშზე შეჰქონდათ თანხები, რის შემდეგაც „სფერო ინვესტი“ მათთვის მესამე პირებისაგან ქირაობდა ბინებს. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ ორგანიზაციას სრულად უნდა დააბრუნებინა მოქალაქეების მიერ შეტანილი თანხები.

მიუხედავად ამისა „სფერო ინვესტმა“ შეწყვიტა ქირის საფასურის გადახდა, არ დააბრუნა თანხები, რის გამოც ასეულობით მოქალაქე საცხოვრებლის გარეშე დარჩა.

„კაპიტალდაბანდების შესახებ“ ხელშეკრულების საფუძველზე, მოქალაქეები „სფერო ინვესტის“ ანგარიშზე რიცხავდნენ თანხებს, ხოლო კომპანიას მათთვის უნდა გადაეცა ყოველთვიური სარგებელი, ხოლო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ, მოქალაქეთა მიერ შეტანილი თანხები სრულად უნდა დაებრუნებინა, რაც არ განახორციელეს.

გივი წულეისკირმა, გიორგი მურუსიძემ და სოფიკო პეტრიაშვილმა ზემოაღნიშნული ხერხით, 450 მოქალაქეს, ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე ჩაარიცხინეს დიდი ოდენობის თანხები. თავად კი, არ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულება, როგორც სარგებლის გადახდის, ასევე შეტანილი თანხის დაბრუნების ნაწილში და ოცდაცხრამილიონზე მეტ (29 073 000) ლარს მოტყუებით დაეუფლნენ“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

სოფიკო პეტრიაშვილი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მიმდინარე წლის 4 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გივი წულეისკირს და გიორგი მურუსიძეს ბრალდება 2025 წლის 10 ნოემბერს წარედგინათ და მათ პატიმრობა შეეფარდათ. ამასთან, გიორგი მურუსიძე საზღვარგარეთ დააკავეს, როგორც ძებნილი პირი. ამჟამად მისი საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

საქმეზე გამოძიება გრძელდება და როგორც პროკურატურაში აცხადებენ, დაზარალებულთა რაოდენობა და ზიანის მოცულობა შესაძლოა გაიზარდოს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.