სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში აქციებზე ნაცემი 300-ზე მეტი პირის შესახებ შევიდა შეტყობინება

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მიიღო შეტყობინება იმ 319 პირის შესახებ, რომელიც თბილისში, ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე პოლიციელების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა ან ხელი შეეშალა ჟურნალისტურ საქმიანობაში.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს.

„სამსახურმა ცხელი ხაზის მეშვეობით, ასევე სახალხო დამცველის აპარატიდან, მედიაომბუდსმენიდან და დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან 319 პირის უფლებების დარღვევის თაობაზე მიიღო შეტყობინება, რომელთა შორისაც არიან, როგორც აქციის მონაწილეები, ასევე მედიის წარმომადგენლები.

სამსახური მუდმივ რეჟიმში განაგრძობს შეტყობინებების მიღებას. თითოეულ შეტყობინებაზე, სამსახურის არსებული რესურსის მაქსიმალური გამოყენებით ხდება სწრაფი სამართლებრივი რეაგირება“, - ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

უწყების ცნობით, გამოძიების დაწყებიდან დღემდე, საგამოძიებო ორგანოში, დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და სამედიცინო კლინიკებში გამოკითხულია 140 პირი, მათ შორის 5 ჟურნალისტი, 42 მოქალაქეს ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა.

„მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, სხვადასხვა ლოკაციებზე დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რა დროსაც იდენტიფიცირებული იქნა გამოძიებისათვის საინტერესო სამეთვალყურეო ვიდეოკამერები. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს საჯარო ინტერნეტ-სივრცეში არსებული ასეულობით საათის ხანგრძლივობის სატელევიზიო გადაცემების ჩანაწერების შესწავლა/ანალიზი.

შემთხვევის ადგილებზე განთავსებული კერძო და საჯარო ობიექტებიდან დაწყებულია ვიდეომასალის გამოთხოვის პროცესი. ვიდეომასალის გამოთხოვა, ასევე, მიმდინარეობს სხვადასხვა ტელეკომპანიებიდან.

სსიპ „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრიდან“ გამოთხოვილია ინფორმაცია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფის იმ თანამშრომელთა ვინაობის შესახებ, რომლებმაც აქციაზე დაშავებულ პირებს გაუწიეს სამედიცინო დახმარება. კლინიკებიდან მოთხოვნილია ინფორმაცია იმ პირთა სამედიცინო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, რომელთაც 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში, საპროტესტო აქციაზე დაშავების შემდეგ გაეწია ამბულატორიული/სტაციონარული სამედიცინო დახმარება.

სამართალდამცავების გამოკითხვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან მიმდინარეობს ადმინისტრაციული დაკავების ოქმებისა და შედგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის შეგროვება. 

სამსახური, ყველა პირს, რომელიც უთითებს სამართალდამცავების მხრიდან საკუთარი უფლებების დარღვევის თაობაზე და მათ დამცველ ადვოკატებს, სისხლის სამართლის საქმეებთან წვდომის და საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობას აძლევს“, - აცხადებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მრავალათასიანი აქციები 28 ნოემბრიდან მიმდინარეობს. მოქალაქეები საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. ერთი კვირის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის 300-ზე მეტი მონაწილე დააკავა. მათი უმრავლესობა საპოლიციო ძალების მხრიდან სასტიკად არის ნაცემი.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.