სპეცდანიშნულების რაზმი თბილისში, პარლამენტთან გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეებს შლის და აკავებს. დემონსტრანტების წინააღმდეგ პერიოდულად იყენებენ წყლის ჭავლსა და ე.წ. გაზის კაფსულებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 4 სოზარ სუბარი პოლიციელების ხელფასების 20%-ით გაზრდას ითხოვს
- 5 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 6 „ძლიერი საქართველოს“ წევრები ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი დააკავეს
თავის მხრივ, ახალგაზრდები პოლიციის მიმართულებით პიროტექნიკას ისვრიან და ბარიკადები აქვთ მოწყობილი. რუსთაველის გამზირზე იმყოფებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც.
„მორიგი ძალადობრივი ღამე თბილისში. არალეგიტიმური ხელისუფლება მიმართავს უკანონო საშუალებებს, რათა გააჩუმოს ქართველები, რომლებიც მტკიცედ დგანან თავიანთი კონსტიტუციური, ევროპული არჩევანისთვის“, - პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ასე ეხმაურება მიმდინარე მოვლენებს.
00:37 საათისთვის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეთა პროტესტის გამოხატვა სრულად გასცდა შეკრება-მანიფესტაციის შესახებ კანონით გათვალისწინებულ ფარგლებს და სრულად ძალადობრივი გახდა.
„შეკრებილები მასიურად არღვევენ საზოგადოებრივ წესრიგს. აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობის მიმართულებით ისროლეს პიროტექნიკა. გარდა ამისა, ქვებისა და სხვადასხვა საგნების გამოყენებით დააზიანეს პარლამენტის წინა და გვერდით ფასადზე განთავსებულ სამუშაო ოთახების ფანჯრები. ასევე, საკანონმდებლო ორგანოში ისროლეს ცეცხლმოკიდებული ნივთები რის შედეგად პარლამენტის შენობის რამდენიმე ოთახში გაჩნდა ხანძარი, რომელიც ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
ასევე, აქციის მონაწილეებმა დააზიანეს საკანონმდებლო შენობის დამცავი ჯებირები, პერიოდულად ცდილობენ პარლამენტში შესასვლელი ჭიშკრის დაზიანებას და ეზოში შეჭრას. მოძალადე ჯგუფებმა საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე სხვადასხვა საგნის გამოყენებით ხელოვნური ბარიერები აღმართეს და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მატერიალური ქონება დააზიანეს.
ამასთან, აქციის მონაწილეების მხრიდან ნასროლი პიროტექნიკის გამოყენების შედეგად დღეს მიმდინარე აქციაზე დამწვრობა მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთმა თანამშრომელმა“, - განაცხადა დარახველიძემ.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) შინაგან საქმეთა სამინისტროს სიცრუეში ადანაშაულებს. უფლებადამცველი ორგანიზაციის განცხადებით, აქციის მონაწილეთა აბსოლუტური უმრავლესობა პროტესტს მშვიდობიანად გამოხატავდა და საპოლიციო ძალებს აქციის დაშლის უფლება არ ჰქონდათ.
მესამე ღამეა მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.
პროტესტის პირველი ორი დღის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის 150 მონაწილე დააკავა. საპოლიციო ძალები მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებს სასტიკად უსწორდებოდნენ.