ცხვირის მოტეხილობა, ტვინის შერყევა და სხეულის მრავლობითი დაჟეჟილობები - ამ დაზიანებებით მოხვდა საავადმყოფოში პანკისელი სტუდენტი ბილალ დუიშვილი მას შემდეგ, რაც სპცრაზმელებმა დაკავებისას სცემეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 4 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 5 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
- 6 გაჩხრიკეს ნანუკა ჟორჟოლიანის, ალეკო ცქიტიშვილის და კიდევ რამდენიმე აქტივისტის სახლები
21 წლის ბილალ დუიშვილი 4 დეკემბერს, გამთენიისას, დაახლოებით 3-4 საათზე დააკავეს. მანამდე სპეცრაზმმა პარლამენტის შენობის წინ დემონსტრაცია წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით დაშალა. პარალელურად, რესპუბლიკის მოედანზე სპეცრაზმელთა კიდევ ერთი ჯგუფი განლაგდა.
აქციის მონაწილეებს შორის, რომლებიც მეტროსადგურ „რუსთაველისკენ“ მიდიოდნენ, ბილალ დუიშვილი და მისი მეგობრებიც იყვნენ.
„ამ დროს დაიძრნენ სპეცრაზმის თანამშრომლები და აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყეს. ბილალ დუიშვილი 15-მა სპეცრაზმელმა მოაქცია ალყაში და დააკავა. ტელევიზიის პირდაპირი ეთერიდან ამოჭრილი მცირე კადრი გვაქვს, სადაც ჩანს, მისი დაბლა დაგდების მომენტი. როგორც თავად ამბობს, მერე ასფალტზე აფორთხიალეს და კორდონშიც გაატარეს, სადაც სპეცრაზმელები ურტყამდნენ. ფიზიკურთან ერთად იყო სიტყვიერი შეურაცხყოფაც. ამის შემდეგ გადაიყვანეს ე.წ. ფურგონში, სადაც რამდენიმე ადამიანთან ერთად იყო მოთავსებული. როგორც ამბობს, ფურგონში სხვადასხვა სპეცრაზმელი ამოდიოდა და მორიგეობით ურტყამდა მას და დანარჩენ დაკავებულებს“, - უთხრა „საქართველოს ამბებს“ დაზარალებულის ადვოკატმა, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტმა, მარიამ ყველაშვილმა.
სპეცრაზმელებმა ბილალ დუიშვილს საფულე და ტელეფონი წაართვეს. დღემდე მისთვის არცერთი ეს ნივითი არ დაუბრუნებიათ.
„უთხრეს, ყველაფერი ამოიღეთ ჯიბეებიდანო. ამოიღო ტელეფონი, საფულე და გასაღები. გასაღები უკან მიუგდეს - არ გვჭირდებაო. ამის შემდეგ ის გადასცეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს, რომლებმაც ერთ-ერთ სამმართველოში წაიყვანეს. თვითონაც შეატყვეს, რომ მძიმე მდგომარეობაში იყო, ოქმში ჩაუწერეს, თითქოს პოლიციის წარმომადგენლებს აგინებდა და იზოლატორის ნაცვლად პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანეს“, - ამბობს მარიამ ყველაშვილი.
ბილალ დუიშვილი საავადმყოფოდან ხუთი დღის შემდეგ გაწერეს. მის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი 27 დეკემბერს არის ჩანიშნული.
ადვოკატის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროსგან საქმის მასალები არ მიუღიათ, თუმცა, დიდი ალბათობით დუიშვილსაც პოლიციელის შეურაცხყოფას და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.
3-4 დეკემბერს, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული წესით 22 ადამიანი დააკავა. ამავე პერიოდში რუსთაველის გამზირიდან სამედიცინო დაწესებულებებში 15 დაშავებული იქნა გადაყვანილი, რომელთაგან 11 აქციის მონაწილე იყო, 3 - მედიასაშუალების თანამშრომელი და ერთი კი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი.
თბილისის ცენტრში საპროტესტო აქციები 28 ნოემბრიდან მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც საქართველოს არალეგიტიმურმა მთავრობამ გადაწყვიტა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. მოქალაქეების მთავარი მოთხოვნა ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლებაა.
