„ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დირექტორი მზია ამაღლობელი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან, ღობეზე სტიკერის გაკვრის გამო, 18 ივნისს მეორედ გაასამართლეს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მარიანა ფომაევამ, მზია ამაღლობელი, რომელიც უკვე 5 თვეზე მეტია პატიმრობაშია, 1000 ლარით დააჯარიმა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ზურაბ ჯაფარიძე დააპატიმრეს „ქართული ოცნების“ კომისიაში გამოუცხადებლობის გამო
- 2 2024 წელს საქართველოში რეკორდული რაოდენობის ჩინური კომპანია დარეგისტრირდა
- 3 ნენსკრას, ხუდონის, ნამახვანის ჰესების მიმართულებით მუშაობა დაწყებულია - კობახიძე
- 4 ტრამპი ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - ყაველაშვილის პრესსამსახური
- 5 „ქართული ოცნების“ დროშის დაწვის შემდეგ აქციის მონაწილე უჩა ქემაშვილი დააკავეს
- 6 კრიტიკული არხების ცენზურა - „ქართული ოცნება“ ტვ პირველს და ფორმულას უჩივის
მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტთან საპროტესტო აქციაზე ორჯერ დააკავეს. პირველად მაშინ, როცა მან პოლიციის შესასვლელთან მდებარე დამხმარე შენობის კედელზე სტიკერი გააკრა 15 იანვარს დაგეგმილ საყოველთაო გაფიცვასთან დაკავშირებით. მანამდე, პოლიციის შენობის ეზოს წინ, ქვაფენილზე ამ სტიკერის დაკვრის გამო უკანონოდ დააკავეს სამოქალაქო აქტივისტი და მზია ამაღლობელის მეგობარი ციალა ქათამიძე. მზია აქციაზე სწორედ ამის შემდეგ მივიდა და იგივე გააკეთა. ვიდეომასალაში ისმის, რას ასახელებს ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელის დაკავების მიზეზად - 150-ე მუხლი, რაც გულისხმობს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის იერსახის დამახინჯებას. 150-ე მუხლით პირის დაკავების უფლება პოლიციას არ აქვს, თუმცა მზია ერთი საათის განმავლობაში უკანონოდ ჰყავდათ დაკავებული. მოწმეთა მონათხრობით, აჭარის პოლიციის შენობაში ყოფნისას მზია ამაღლობელი შეესწრო, როგორ სცემდნენ ირაკლი დგებუაძე და სხვები აქციის დაკავებულ მონაწილეებს.
მზიას გათავისუფლების შემდეგ პოლიციის შენობასთან აქცია გრძელდებოდა. პოლიციელებმა დააკავეს მზიას ორი ახლობელი, ძმები გაბაიძეები, რომლებიც აქციაზე მზიას დაკავების შემდეგ მივიდნენ. მზია ამაღლობელი ირაკლი დგებუაძისგან ითხოვდა პასუხს ძმები გაბაიძეების დაკავების გამო, რა დროსაც მას სილა გააწნა.
ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალიდან ჩანს, რომ ირაკლი დგებუაძე მზიას მისამართით იგინება და იმუქრება - სისხლით დავიჭერ. მის მიმართ მართლაც აღძრეს სისხლის სამართლის საქმე, სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. არადა, პატაკში, რომლის საფუძველზეც გამოძიება დაიწყო, თავდაპირველად სწორედ ასე ეწერა - შეურაცხყოფა. შეურაცხყოფას კანონი მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიიჩნევს და დანაშაულად საერთოდ არ აკვალიფიცირებს.
ბათუმის პოლიციამ მზია ამაღლობელის მიმართ სტიკერის გაკვრის ეპიზოდზე სწორედ ამის შემდეგ შეადგინა ყალბი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილით. პოლიციელებმა ცრუ ჩვენებები მისცეს, თითქოს მზია ამაღლობელი მათ შეურაცხყოფას აყენებდა, რასაც ადგილი არ ჰქონია და ამის დამადასტურებელი მტკიცებულებაც არ არსებობს. პროკურატურამ ეს გარემოება გამოიყენა სილის გაწვნის საქმეზე მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის შესაფარდებლად ისე, რომ ჯერ სასამართლოს გაყალბებული საქმე განხილულიც არ ჰქონდა. მტკიცებულებების არქონის მიუხედავად, რომ მზია ვინმეს აგინებდა, 18 მარტს, მოსამართლე სალიხ შაინიძემ ის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა.
სტიკერის გაკვრის ეპიზოდზე, იერსახის დამახინჯების საბაბით, ადმინისტრაციული სამართთალდარღვევის ახალი ოქმი მომხდარიდან სამთვენახევრის შემდეგ, 30 აპრილს შეადგინეს.
ორი დღით ადრე, 28 აპრილს, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა აჭარის პოლიციის ყოფილმა უფროსმა გრიგოლ ბესელიამ თქვა, რომ მზია ამაღლობელის მიმართ შედგენილი იყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 150-ე მუხლითაც. ბესელიას ამ ჩვენებიდან 2 დღის შემდეგ, სამართალდარღვევის ოქმი პოლიციელმა ნოდარ ზენაიშვილმა შეადგინა. მოსამართლე მარიანა ფომაევამ მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 1000 ლარით დააჯარიმა.
სხდომას მზია ამაღლობელი არ დაესწრო და არც დისტანციურად მიიღო მონაწილეობა.
