სტრასბურგის სასამართლომ არასათანადო მოპყრობაზე მზია ამაღლობელის საჩივარი დაარეგისტრირა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დამოუკიდებელი ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი დაარეგისტრირა. საქმე ეხება ჟურნალისტის მიმართ პოლიციის მხრიდან განხორციელებულ არასათანადო მოპყრობასა და მომხდარის არაეფექტიან გამოძიებას.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) მზია ამაღლობელის სახელით სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი 4 მარტს გაიგზავნა. 1-ელ აპრილს უფლებადამცველ ორგანიზაციას აცნობეს, რომ სასამართლომ საქმე მიღებიდან ერთ კვირაში დაარეგისტრირა.

საია დავობს, რომ მზია ამაღლობელის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული ფუნდამენტური უფლებები - წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა და ამასთან კავშირში ეფექტიანი გამოძიების წარმოების ვალდებულება; დისკრიმინაციის აკრძალვა; პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება; სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება.

მზია ამაღლობელი ერთ წელზე მეტია უკანონო პატიმრობაშია. ის 2025 წლის 11-12 იანვრის ღამეს დააკავეს.

სარჩელში საია აღნიშნავს, რომ 12 იანვარს, დაახლოებით ღამის პირველ საათზე, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან პოლიციამ მის მიმართ ფიზიკური ძალადობა გამოიყენა.

როგორც საქმის მასალებშია მითითებული, ბათუმის პოლიციის მაშინდელი უფროსი, ირაკლი დგებუაძე, მზია ამაღლობელს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, აგინებდა და „სისხლით დაჭერით“ ემუქრებოდა. მან პოლიციის დეპარტამენტის ეზოში ჟურნალისტზე ფიზიკური ძალადობაც სცადა, თუმცა საკუთარმა თანამშრომლებმა შეაკავეს.

არასათანადო მოპყრობა შენობაშიც გაგრძელდა: დგებუაძემ მას სახეში შეაფურთხა, მისივე ბრძანებით დაკავებულს არ აწვდიდნენ წყალს და უკრძალავდნენ საპირფარეშოთი სარგებლობას. გარდა ამისა, ამაღლობელს რამდენიმე საათის განმავლობაში არ მისცეს ადვოკატთან დაკავშირების უფლება, ჩხრეკა დამცველების გარეშე ჩაუტარეს და დამცირების მიზნით, ხელბორკილები ზურგს უკან დაადეს.

სახელმწიფომ მზია ამაღლობელის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტები არ გამოიძია და იგი დღემდე არ არის დაზარალებულად ცნობილი.

სტრასბურგის სასამართლოში მზია ამაღლობელის კიდევ ორი საჩივარია შესული: პირველი ეხება მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონო გამოყენებას, ხოლო მეორე - ადმინისტრაციულ დაკავებას და მასთან დაკავშირებულ დარღვევებს.

მას შემდეგ, რაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო მზია ამაღლობელის საკასაციო საჩივარი, რომლითაც ის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას ითხოვდა, სტრასბურგში ძირითადი საქმის გასაჩივრებაც იგეგმება.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.