სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. „ფარას“ წინააღმდეგ საჩივრის განხილვა დაიწყო

თამარ ონიანი, საიას თავმჯდომარე

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) დაიწყო საქმის განხილვა, რომელიც ეხება 2025 წლის 1-ელ აპრილს „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტს“ (ე.წ. FARA). სასამართლომ მიუთითა, რომ ამ საქმეს, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე საქმის სტატუსი მიენიჭოს, რადგან გადაწყვეტილება პრეცედენტული იქნება ევროპის საბჭოს ყველა წევრი ქვეყნისთვის.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ აღნიშნული კანონი სტრასბურგის სასამართლოში გასულ წელს, ექვსი მომჩივნის სახელით გაასაჩივრა - მათ შორის არიან ორგანიზაციები: საია, „სტუდია მონიტორი“, „საქართველოს ამბები“ და მათი ხელმძღვანელები: ნონა ქურდოვანიძე, ნინო ზურიაშვილი და გელა მთივლიშვილი.

საჩივრის მიხედვით, კანონი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ამერიკული FARA-ს ანალოგად მიიჩნევს, სინამდვილეში არღვევს კონვენციით გარანტირებულ არაერთ უფლებას, მათ შორის გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას (მე-11 და მე-10 მუხლები), პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას (მე-8 მუხლი) და შეიცავს დისკრიმინაციულ ელემენტებს. მომჩივანი მხარე ხაზს უსვამს, რომ ამერიკული მოდელისგან განსხვავებით, რომელიც მტრული ძალების გამოაშკარავებას ემსახურება, ქართული ვერსია დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო სექტორის რეპრესიებსა და სტიგმატიზაციას ისახავს მიზნად.

ევროპულმა სასამართლომ საქმე წარმოებაში ყველა მუხლთან მიმართებით მიიღო და სახელმწიფოს უკვე დაუსვა კონკრეტული კითხვები, მათ შორის იმაზე, ხომ არ იყო უფლებების შეზღუდვის რეალური განზრახვა პოლიტიკური ანგარიშსწორება ან კრიტიკული ხმების გაჩუმება.

სასამართლო ასევე დაინტერესდა ტერმინ „უცხოური პრინციპალის აგენტის“ ლინგვისტური ნიუანსებითა და მისი სტიგმატიზაციის ეფექტით ქართულ ენაში. კითხვები შეეხება სანქციების პროპორციულობას და იმასაც, ჰქონდათ თუ არა მომჩივნებს ქვეყნის შიგნით სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალებები.

საქართველოს მთავრობას პოზიციის წარსადგენად ვადა 2026 წლის 21 ივლისამდე მიეცა.

სტრასბურგის სასამართლოს უკვე დასრულებული აქვს მსგავსი შინაარსის „რუსულ კანონთან“ დაკავშირებული 136 ორგანიზაციის საჩივრის განხილვა.  

„ქართული ოცნების“ მთავრობის იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის, ბექა ძამაშვილის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მათ სამი ორგანიზაციისა და სამი ფიზიკური პირის საჩივარი გამოუგზავნა. მისივე თქმით, სასამართლო საქმეს სტანდარტული პროცედურით განიხილავს და გადაწყვეტილება მომავალ წლამდე მოსალოდნელი არ არის. ძამაშვილმა აღნიშნა, რომ საქმის „პრეცედენტულობა“ არა მომჩივანთა პრივილეგიაზე, არამედ იმაზე მიუთითებს, რომ გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს სხვა ევროპულ სახელმწიფოებში მოქმედ მსგავს რეგულაციებზეც.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.