საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი „რუსთავი 2“-სა და „იმედს“ დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და მათგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს. უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაცია „კატეგორიულად უარყოფს“ პროპაგანდისტული ტელევიზიების სიუჟეტებში გასულ ინფორმაციას, რომ „საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებული სასწავლო პირობები არასათანადოა, ხოლო ინფრასტრუქტურა არ შეესაბამება აკადემიურ სტანდარტებს“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 2 კადიროვმა თავისი 20 წლის ვაჟი, ახმატი, ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერად დანიშნა
- 3 ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ 66 საერთაშორისო ორგანიზაციას ტოვებს
- 4 ირაკლი ღარიბაშვილი მხნედაა, საზოგადოებისთვის გზავნილი არ დაუბარებია – ადვოკატი
- 5 ცხინვალში განაცხადეს, რომ ვენესუელის გადაწყვეტილების კანონიერება თბილისის შესაფასებელი არ არის
- 6 რა სიმპტომები აქვს გრიპის ყველაზე გავრცელებულ ტიპს, „ჰონგ კონგის“ ვირუსს
„აღნიშნული სიუჟეტები მოიცავს ფაქტობრივ შეცდომებს, დამახინჯებულ შეფასებებს და მკაფიო დეზინფორმაციას, რაც მიზანმიმართულად ქმნის საზოგადოებაში მცდარ შთაბეჭდილებას უნივერსიტეტის საქმიანობის, ინფრასტრუქტურისა და საგანმანათლებლო გარემოს შესახებ“, - ნათქვამია ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
პროპაგანდისტული ტელეკომპანიების ეთერებში სიუჟეტები გავიდა მას შემდეგ, რაც სტუ-ისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ „ქართული ოცნების“ მთავრობის ერთპიროვნულმა გადაწყვეტილებამ უკმაყოფილება გამოიწვია.
სტუ-ის ადმინისტრაციის განცხადების მიხედვით, სიუჟეტებში გაჟღერებული მტკიცებები აუდიტორიების გაურემონტებლობისა და სველი წერტილების ანტისანიტარიული თუ ავარიული მდგომარეობის შესახებ არ ეფუძნება რეალურ ფაქტებს და არ არის გამყარებული ობიექტური მტკიცებულებებით. სტუ განმარტავს, რომ ვიზუალურ მტკიცებულებად გამოყენებულია უნივერსიტეტის მეორე კორპუსის დერეფანში გადაღებული ვიდეოკადრები, რასაც „მაყურებლი ნებსით თუ უნებლიეთ შეჰყავს შეცდომაში“.
„მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტის ავტორები იმყოფებოდნენ უნივერსიტეტში, მათ მეორე სასწავლო კორპუსში არსებული ვითარების შესახებ კითხვა არ დაუსვამთ, წინააღმდეგ მათ ეცოდინებოდათ, რომ სტუ-ის მეორე კორპუსში სასწავლო პროცესი რამდენიმე თვეა არ მიმდინარეობს.
მეორე სასწავლო კორპუსის პარალელურად, ნაჩვენები იქნა მეექვსე სასწავლო კორპუსი, რომლის გაამაგრებით სამუშაოებსა (რაც დღესაც მიმდინარეობს) და სარეკონსტრუქციო პროექტის შედგენაზე უკვე გახარჯულია დაახლოებით 600 ათასი ლარი. აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემდეგ კი ჟურნალისტები ვერ მოამზადებდნენ და შესაბამისად, ვერც გაავრცელებდნენ მსგავსი შინაარსის სიუჟეტებს.
როგორც ჩანს, სიმართლე მათ ხელს არ აძლევდათ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იმიჯის შელახვა მაყურებლის შეცდომაში შეყვანის ხარჯზე სცადეს, რაც კარგად გამოუვიდათ“, – ნათქვამია სტუ-ის ადმინისტრაციის განცხადებაში.
სტუ-ის ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ „რუსთავი 2“-ის და „იმედის“ გადამღებმა ჯგუფებმა მე-8 სასწავლო კორპუსში, ენერგეტიკის ფაკულტეტზე, თავისივე სურვილით, გადაიღეს სასწავლო ფართში განთავსებული HUAWEI-ის ლაბორატორია, განახლებადი ენერგიების ლაბორატორია, მზის ელექტროსადგური, ელექტრონული ინჟინერიის ლაბორატორია და რამდენიმე სხვა საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად აღჭურვილი სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია, რაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი და კეთილმოწყობილი ლაბორატორიული ბაზის მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენს. თუმცა, როგორც უნივერსიტეტში აცხადებენ, „რუსთავი 2-ის და „იმედის“ ჟურნალისტებმა არცერთი ეს კადრი არ გამოიყენეს.
სტუ-ს ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ უნივერსიტეტის საერთო ფართი 187 547,9 კვ/მ-ია, საიდანაც საერთო სასწავლო ფართი შეადგენს 108 678,9 კვ/მ-ს, ხოლო საერთო დამხმარე ფართი - 78 868,955 კვ/მ-ს.
„სიუჟეტებში გამოყენებული ვიზუალური მასალა არ ასახავს არც აუდიტორიების, არც ლაბორატორიებისა და არც სველი წერტილების რეალურ მდგომარეობას. ამის მიუხედავად, სიუჟეტებში გაკეთებულია საპირისპირო დასკვნები, რაც წარმოადგენს მაყურებლის შეცდომაში შეყვანის მცდელობას და პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონს „მაუწყებლობის შესახებ“ (მუხლები: 52 პუნქტი „გ“ - პროგრამებში ფაქტებისა და კომენტარების მკაფიო გამიჯვნის ვალდებულება; 54 - მაუწყებლის ვალდებულება უზრუნველყოს ინფორმაციის სიზუსტე და ფაქტების ჯეროვანი გადამოწმება; 56 - დაინტერესებული მხარისთვის პასუხისა და ინფორმაციის შესწორების უფლება, 59 - მაყურებლის შეცდომაში შეყვანის დაუშვებლობა) და ჟურნალისტური ეთიკის ძირითად პრინციპებს, განსაკუთრებით კი, სიზუსტისა და ობიექტურობის ნორმებს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული სიუჟეტები წარმოადგენს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას და საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციის მცდელობას, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ბოლო პერიოდში მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაძლო გაერთიანების შესახებ“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი „რუსთავი 2“-სა და „იმედისაგან“ კატეგორიულად მოითხოვს:
- საჯაროდ მოიხადონ ბოდიში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წინაშე;
- საჯაროდ განაახლონ და შეასწორონ ინფორმაცია იმავე საინფორმაციო გამოშვებაში მსგავსი ქრონომეტრაჟით;
- მომავალში უზრუნველყონ ინფორმაციის გადამოწმება და დაიცვან როგორც მოქმედი კანონმდებლობა, ისე პროფესიული ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აცხადებს, რომ აღნიშნული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, იტოვებენ უფლებას, მიმართონ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას და გამოიყენონ ყველა კანონიერი სამართლებრივი მექანიზმი საკუთარი რეპუტაციის, ღირსებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად.
