„ქართული ოცნების“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე რუსულ „გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საიდუმლო დანართის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 4 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიება „საბოტაჟის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე“ მიმდინარეობს.
„გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან შემოსული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადმინისტრაციის ვებგვერდზე განხორციელდა სავარაუდო კიბერთავდასხმა და გარკვეული მანიპულაციები, რაც მიზნად ისახავდა არასწორი ინფორმაციის საჯარო სივრცეში გავრცელების გზით საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაზიანებას, მათ შორის ქვეყნისთვის დამაზიანებელი პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგების დადგომას.
სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედების შემდეგ სხვადასხვა მედიასაშუალებასა და სოციალურ ქსელში დაიწყო საკითხის გაშუქება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება – სახელმწიფო ინტერესების დაზიანების აღმოფხვრის მიზნით, პრევენციულად, მედიის წარმომადგენლებს, ასევე ცალკეულ პირებს, მიეცათ რეკომენდაცია, რომ ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეეკავებინათ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე და 284-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
13 იანვარს ტელეკომპანია „ფორმულამ“ და სააგენტო „ბიემჯიმ“ გაავრცელეს ინფორმაცია „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის 25 დეკემბრის N2212 განკარგულების შესახებ, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე იყო გამოქვეყნებული და რუსულ „გაზპრომთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას ეხებოდა.
განკარგულებასთან ერთად გამოქვეყნებული იყო მისი დანართიც, სადაც შესასყიდი ბუნებრივი აირის მოცულობა და ფასები იყო მითითებული. ეს მონაცემები, განკარგულების თანახმად, კომერციული საიდუმლოება უნდა ყოფილიყო.
„ფორმულას“ დანართის შინაარსი არ გამოუქვეყნებია, ხოლო „ბიემჯიმ“ გამოქვეყნებული ინფორმაცია წაშალა.
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე აცხადებდა, კონფიდენციალურობის დარღვევის გამო „გაზპრომს“ შეეძლო საქართველოს მთავრობისთვის საერთაშორისო არბიტრაჟში ეჩივლა.
მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდიდან N2212 განკარგულება მედიაში ინფორმაციის გავრცელების შემდეგ წაშალეს.
აღსანიშნავია, რომ 12 იანვარს, „გაზპრომმა“ განაცხადა, რომ 2025 წელს საქართველოში გაზის მიწოდება 40.4%-ით გაზარდა. კომპანიას გაზის მოცულობა არ დაუსახელებია.
