სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში ლევან დავითაშვილი და გიორგი ჩიქოვანი გამოიკითხნენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და პირველი ვიცე-პრემიერი, ლევან დავითაშვილი და „ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი ჩიქოვანი გამოიკითხნენ.  

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

რამდენიმესაათიანი გამოკითხვის დასრულების შემდეგ, ლევან დავითაშვილმა მედიასთან განმარტა, კითხვები ევროპის გაზით მომარაგებაში საქართველოს მონაწილეობას შეეხებოდა.

„ჩვენ მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხში, ამაში ჩვენ ვთანამშრომლობთ აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან ერთად. ვფიქრობ, რომ ძალიან დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია მივეცი. შესაბამისად, ამას დასჭირდა დრო. ძალიან ლოგიკური კითხვები იყო. იყო კითხვები, ჩვენი აქტიური მონაწილეობა მომარაგების კუთხით რამდენად შეიძლება ქმნიდეს რისკებს ან არ ქმნიდეს. აქედან გამომდინარე, ჩემთვის ძალიან ლოგიკური იყო, რომ ყველა ეს საკითხი ამომწურავად განგვეხილა. ეს არის ძირითადი საკითხი, რაც ჩვენ განვიხილეთ“, - განაცხადა დავითაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, „განიხილეს“ მომავალში საქართველოს სტაბილურად გაზმომარაგების საკითხიც.

„ჩვენ გვაქვს ხელშეკრულებები, რომელსაც ვადები აქვს. გარკვეული ხელშეკრულებები გრძელვადიანად გარანტირებული გვაქვს, ხოლო გარკვეული ხელშეკრულებების გაგრძელებაა და გადახედვაა საჭირო, ეს საკითხებიც განვიხილეთ“, - თქვა ყოფილმა მაღალჩინოსანმა.

ლევან დავითაშვილის განცხადებებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოეხმაურნენ. კომენტარში, რომელიც „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტულმა ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა, სუს-მა „ორ უზუსტობაზე“ მიუთითა.

„დავითაშვილი ანტიკორუფციულ სააგენტოში იყო გამოკითხვაზე კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე და არა შეხვედრაზე, აქ საკითხები რომ განეხილა.

გამოკითხვისას რისკებთან დაკავშირებული კითხვა საქართველოს გაზმომარაგებას და დადებული ხელშეკრულებით საქართველოსთვის პირობების გაუარესებას ეხებოდა, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება და არა ევროკავშირის გაზმომარაგებას – ამ კუთხით რისკებზე გამოკითხვაში ერთი სიტყვაც კი არ არის ნათქვამი“, - განაცხადეს სუს-ში.

უწყების განმარტებით, თუ კიდევ იქნება „მსგავსი ინტერპრეტაცია, ცრუ ინფორმაცია ან სპეკულაცია“, მზად არიან,  გამოკითხული პირის თანხმობით გამოკითხვის ოქმიც გაასაჯაროვონ.

ლევან დავითაშვილმა ეკონომიკის მინისტრისა და პირველი ვიცე-პრემიერის თანამდებობა 2025 წლის 24 ივნისს დატოვა. როგორც მაშინ „ქართული ოცნების“ მთავრობის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მას ეკონომიკის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩევლის და ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობა უნდა დაეკავებინა. სექტემბერში ყოფილი მინისტრი „ბლექ სი პეტროლიუმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გახდა - ეს კომპანია ყულევში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნას აშენებს.

ლევან დავითაშვილის მინისტრის თანამდებობიდან წასვლას წინ უძღოდა სამი დღით ადრე, 21 ივნისს, კორუფციის ბრალდებით, მისი ყოფილი პირველი  მოადგილის, რომეო მიქაუტაძის დაკავება.

გიორგი ჩიქოვანი

რაც შეეხება გიორგი ჩიქოვანს, ის ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო კომპანიის - „ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გენერალური დირექტორი 2022 წლის 8 ივნისიდან იყო. 2025 წლის 15 ივლისს ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩიქოვანმა თანამდებობა „პირადი განცხადების საფუძველზე“ დატოვა. სხვადასხვა დროს ის იყო კონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრების მოადგილე, ასევე ხელმძღვანელობდა საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ლევან დავითაშვილი და გიორგი ჩიქოვანი ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოკითხვაზე იყვნენ დაბარებულები, სუს-ში განაცხადეს, რომ გამოძიება ერთ-ერთ მსხვილ ნავთობკომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.