სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს. როგორც „ქართული ოცნების“ გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, მას ბრალად ედება მილიონობით დოლარისა და ლარის ქრთამის სახით აღება. ლილუაშვილს ე.წ. თაღლითური ქოლცენტრების მფარველობაშიც ადანაშაულებენ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

გრიგოლ ლილუაშვილი დღეს, 23 დეკემბერს, გენერალურ პროკურატურაში ადვოკატთან ერთად მივიდა. შესვლამდე მან მედიას განუცხადა, რომ დაიბარეს და დამატებით არაფერი იცის.

ამ ეტაპზე, პროკურატურა სუს-ის ყოფილ უფროსს ქრთამის აღების შემდეგ ეპიზოდებს ედავება:

  • პირველი ეპიზოდი: საქმის მასალების მიხედვით, 2022 წლის ოქტომბრის თვეში, გრიგოლ ლილუაშვილმა თურქი ინვესტორი ჩაღათაი ულქერისგან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის იმჟამინდელი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით ქრთამის სახით აიღო 1 მილიონი აშშ დოლარი, რათა მას ლობირება გაეწია ქარის ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისათვის.
  • მეორე ეპიზოდი: ბრალდების მხარის მტკიცებით, 2022 წლის თებერვლის თვეში, ამ შემთხვევაშიც რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კომპანია ექსპრესსერვისი 2008-ის დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიას გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა და გამოართვა მილიონ ხუთასი ათასი ლარი.
  • მესამე ეპიზოდი: პროკურატურა მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ 2021-2023 წლებში ქვეყანაში არსებული თაღლითური ქოლ-ცენტრების „უმრავლესობა ეკუთვნოდა პირთა ჯგუფს, რომლებიც მიღებული შემოსავლებიდან სხვადასხვა ოპოზიციურ მედიასაშუალებას აფინანსებდნენ“. გრიგოლ ლილუაშვილს „ქოლ-ცენტრების შედარებით მცირე ნაწილის“ მფარველობაში ადანაშაულებენ – სუს-ის იმჟამინდელი უფროსი, საქმის მასალების მიხედვით, მფარველობას მისი ნათესავის, სანდრო (ანდრია) ლილუაშვილის მეშვეობით ახორციელებდა. ამ ეპიზოდში გრიგოლ ლილუაშვილს ქრთამის სახით, სანდრო ლილუაშვილის შუამავლობით, დაახლოებით 1 365 000 აშშ დოლარის მიღებას ედავებიან.

„ქართული ოცნების“ გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძის განცხადებით, გამოძიება „ინტენსიურად მუშაობს ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც გრიგოლ ლილუაშვილი სხვა თანამზრახველებთან ერთად უზრუნველყოფდა, რომ არ გამჟღავნებულიყო ოპოზიციური მედიასაშუალებების დამფინანსებელი თაღლითური ქოლ-ცენტრების არსებობა, ხოლო თავის მხრივ ოპოზიციური მედიასაშუალებები არ აშუქებდნენ ინფორმაციას ლილუაშვილის მფარველობის ქვეშ არსებული თაღლითური ქოლ-ცენტრების არსებობის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს ინფორმაცია გააჩნდათ“.

  • მეოთხე ეპიზოდი: საქმის მასალების მიხედვით, გრიგოლ ლილუაშვილი თავისი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ქრთამის აღების სანაცვლოდ, მფარველობას უწევდა თავის მეგობარს, თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს, ე.წ. ატკატებს იღებდა.

როგორც პროკურატურა აცხადებს, ლილუაშვილი-გვანცელაძის დანაშაულებრივ სქემაში ახაბერ გვანცელაძეს ჩართული ჰყავდა სააგენტოს ფინანსური აღრიცხვისა და გაანგარიშების, ასევე მონიტორინგის თანამშრომლები. ყველა მათგანის მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალდებულის სახით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

„სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებულია ასეულობით საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის დაკითხულნი არიან მოწმეები, რომელთა ჩვენებებითაც დასტურდება გრიგოლ ლილუაშვილის და სხვათა მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. ასევე ამოღებულია დანაშაულის დამადასტურებელი სხვადასხვა მტკიცებულება, მათ შორის ვიდეო და აუდიოჩანაწერები“, – განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.

„ქართული ოცნების“ გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე

გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც პროკურატურაში განაცხადეს, საქმეზე გამოძიება გრძელდება გრიგოლ ლილუაშვილის მიერ ჩადენილი სხვა დანაშაულების გამოვლენის და მასთან ერთად სავარაუდო დანაშაულებში მონაწილე პირების დადგენა-დაკავების მიზნით.

პროკურატურა სასამართლოს ლილუაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.

გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას 2019 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის აპრილამდე იკავებდა. მანამდე ის ამავე სამსახურის უფროსის მოადგილე იყო, უფრო ადრე კი – „ქართული ოცნების“ დეპუტატი პარლამენტში და თბილისის მერის მოადგილე. წლების განმავლობაში ლილუაშვილი ბიძინა ივანიშვილის კომპანიებში სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა, მათ შორის, 2015-2016 წლებში „ქართუ-ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და „ქართუ“ ჯგუფის გენერალური დირექტორი იყო, ხოლო 2014-2016 წლებში შპს Old City Development-ს და 2013-2014 წლებში შპს „ბურჯს“ ხელმძღვანელობდა. 2008-2013 წლებში ლილუაშვილი შპს „ქართუ მშენებელის“ გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.