სუს-ის ყოფილი უფროსის ნათესავს, ბიჭიკო პაიკიძესა და კიდევ 5 ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, კომპანია B.P. TRANS-ის მფლობელსა და ვანის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატს, ბიჭიკო პაიკიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით, დაუსწრებლად, პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება დღეს, 26 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

წინასწარი პატიმრობა შეეფარდა კომპანია B.P. TRANS- ის დირექტორს, ვალერიან კვარაცხელიას და სუს-ის მიერ დაკავებულ კიდევ ოთხს პირს - იოსებ ჭანჭალეიშვილს, როინ ფოფხაძეს, გიორგი კვახაძესა და ირაკლი გალოგრეს.

საქმის პროკურორის, ბექა ხუნაშვილის თქმით, ბიჭიკო პაიკიძისთვის ცნობილი იყო, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარეობდა გამოძიება, რის შემდეგაც მან საქართველო დატოვა და საგამოძიებო უწყებაში გამოცხადებას თავი აარიდა. დაცვის მხარე ამ ინფორმაციას უარყოფს.

„ბიჭიკო პაიკიძე არცერთხელ არ ყოფილა გამოკითხვაზე დაბარებული. როცა გამოძიება დაიწყო, ის ქვეყანში იმყოფებოდა. ამის შესახებ თანამშრომლებისგან გაიგო, თანამშრომლებს იბარებდნენ. ჩვენ თავიდან ბოლომდე ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან“, - განაცხადა პაიკიძის დამ, თათული პაიკიძემ ჟურნალისტებთან.

ბიჭიკო პაიკიძეს ბრალდება დაუსწრებლად, სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების შედგენა-გამოყენებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომპანიის დირექტორს ვალერიან კვარაცხელიას და კომპანიის თანამშრომელს იოსებ ჭანჭალეიშვილს, აგრეთვე ტენდერის შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელი საზოგადოების მენეჯერებს - გიორგი კვახაძეს, როინ ფოფხაძესა და ირაკლი გალოგრეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ჩადენილ დანაშაულს ედავება, რაც დიდი ოდენობით თანხის თაღლითობით დაუფლებაში დახმარებას გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენებას.

საქმის მასალების მიხედვით, 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით, სახელმწიფო ტენდერის შესრულების პროცესში, ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მონაკვეთისა და ონის მუნიციპალიტეტის არეალში სტიქიის შედეგად დაზიანებული ცალკეული მონაკვეთების ნაპირდამცავი სამუშაოების განხორციელებისას, შპს B.P. TRANS-ის 100% წილის მფლობელი ბიჭიკო პაიკიძე, ამავე კომპანიის დირექტორის, ვალერიან კვარაცხელიას და კომპანიის თანამშრომლის დახმარებით, აგრეთვე ტენდერის შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელი საზოგადოების მენეჯერების დახმარებით, მათთან ერთად ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის შედგენა-გამოყენების გზით, მოტყუებით დაეუფლა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილ თანხას - 4 184 249 ლარს.

25 სექტემბერს ბიჭიკო პაიკიძეს ბრალდება დაუსწრებლად გადასახადებისთვის თავის არიდების საქმეზეც წარუდგინეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ამ საქმეზე თურქეთის მოქალაქე ოსმან ქამალ ბაირახტარი დააკავა, რომელიც ბრალს არ აღიარებს. პროკურატურის ცნობით, ბრალდებულები საქმიანობის განხორციელების პროცესში და საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან მილიონობით ლარის მიღების პარალელურად, სისტემატურად ახდენდნენ ბიუჯეტში გადასახდელი თანხების არასწორ დეკლარირებას, რითაც განზრახ თავს არიდებდნენ სახელმწიფო ბიუჯეტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადების გადახდას. ბიჭიკო პაიკიძის ადვოკატის თქმით, საუბარია 2010-2012 წლებში განვითარებულ მოვლენებზე.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.