სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე დააკავეს. საქმე ეხება განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 250 000 ლარის ქრთამის აღებას. გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულებრივ სქემაში ფიგურირებს სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილიც, რომელიც ქრთამის აღების ბრალდებით ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა ემზარ გაგნიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დანაშაული 2024 წლის აპრილში მოხდა. გამოძიების თანახმად, ლევან ახობაძისთვის ცნობილი გახდა, რომ კერძო მეწარმეს ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე 40 000 000 რუსული რუბლი (ეროვნული ბანკის კურსით 1 164 000 ლარი) ჩამოართვეს.

„საქართველოს კანონმდებლობით, საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე მეტი ნაღდი ფულის არასწორი დეკლარირებით გადატანა იწვევს თანხის 10%-ით დაჯარიმებას ან მის უსასყიდლოდ ჩამორთმევას. მეწარმემ, სამართლებრივი გზით, შემოსავლების სამსახურს თანხის დაბრუნების მოთხოვნით მიმართა, თუმცა უარი მიიღო. ამის შემდეგ, ლევან ახობაძე შუამავლების მეშვეობით დაუკავშირდა მას და დახმარება აღუთქვა. მოლაპარაკებების შედეგად, მეწარმემ 10%-იანი ჯარიმა გადაიხადა და 2024 წლის 30 აპრილს თანხა დაიბრუნა. ამის სანაცვლოდ, ახობაძემ მას 500 000 ლარის ქრთამი მოსთხოვა, თუმცა გრიგოლ ლილუაშვილის ჩარევით თანხა განახევრდა და ახობაძემ შუამავლის მეშვეობით 250 000 ლარი მიიღო“, - განაცხადა ემზარ გაგნიძემ.

სუს-ის მტკიცებით, თანხა ახობაძეს მისსავე სამუშაო კაბინეტში გადასცეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ყოფილ მაღალჩინოსანს 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ცნობილია, რომ სასამართლოში მის ინტერესებს ანტიკორუფციული ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი რაჟდენ კუპრაშვილი იცავს.

ადვოკატის განცხადებით, ლევან ახობაძეს ბრალი ოფიციალურად უკვე წარედგინა. „თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და ამ ეტაპზე იყენებს დუმილის უფლებას. გაუთქმელობაზე გვაქვს ხელი მოწერილი, ამიტომ სხვა დეტალების თქმის უფლება არ მაქვს. ხვალ ჩაინიშნება სასამართლო სხდომა, სადაც იმსჯელებენ აღკვეთის ღონისძიებაზე“, - თქვა კუპრაშვილმა.

2021 წლის მარტამდე ახობაძე სუს-ის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი იყო. ოპოზიციური მედიის მტკიცებით, იგი ჩართული იყო უკანონო ფარულ მიყურადებაში, რის შემდეგაც გრიგოლ ლილუაშვილის მოადგილედ დააწინაურეს.

2023 წელს მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის კურირებდა კრიტიკული არხის „ფორმულას“ ერთ-ერთ ხელმძღვანელზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმას, სადაც თავდამსხმელი მისი ნათლული გიორგი მუმლაძე იყო.

ახობაძემ თანამდებობა 2025 წლის აპრილში, გრიგოლ ლილუაშვილის გადაყენების პარალელურად დატოვა. 2021-2025 წლებში, სუს-ის უფროსის მოადგილის პოზიციაზე, მისმა ოფიციალურმა ანაზღაურებამ 483 885 ლარი შეადგინა.

ამ ეტაპზე გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების მხილების მიზნით.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.