საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, მცხეთის ყოფილი მერი გიორგი კაპანაძე დააკავეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
- 5 ხაზარაძე და გახარია: ჩვენს პარტიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შედგა
- 6 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
როგორც ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ განაცხადა, საქმე ეხება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის სანაცვლოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქისაგან განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის მოთხოვნისა და აღების ფაქტს.
„ჩატარებული გამოძიებით, ამ ეტაპზე გამოვლენილია, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავანში მდებარე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, ჯამში 2 ჰა ფართობის, ორი მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის, კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო სტატუსიდან არასასოფლო-სამეურნეო სტატუსზე გადაყვანის სანაცვლოდ, გ.კ-მ უცხო ქვეყნის ერთ-ერთ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა 1კვ. მეტრზე 20 აშშ დოლარი, საერთო ჯამში 400 000 აშშ დოლარი, საიდანაც მისთვის წინასწარ უნდა გადაეცა 100 000 აშშ დოლარი. გ.კ-ს განმარტებით, თავად იქნებოდა გარანტი, რომ ორივე მიწის ნაკვეთს შეეცვლებოდა მიზნობრივი დანიშნულება.
2025 წლის 5 სექტემბერს, გ.კ-ს მოთხოვნით, უცხო ქვეყნის აღნიშნულმა მოქალაქემ 400 000 აშშ დოლარიდან მას წინასწარ გადასცა ზემოხსენებული თანხის ნაწილი 80 000 აშშ დოლარი.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ამსახველი აუდიო/ვიდეო მტკიცებულებები.
ხსენებულ დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 11- დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - განაცხადა ემზარ გაგნიძემ დღეს, 5 სექტემბერს, სუს-ში გამართულ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური „განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს მსგავსი ფაქტების გამოაშკარავებას“.
სუს-ის ბრალდებასთან დაკავშირებით გიორგი კაპანაძის პოზიცია უცნობია. მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილედ დანიშვნამდე, 2017-2021 წლებში, ის მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობას იკავებდა.
