სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურის მიმდებარედ, ტყეში, აღმოაჩინეს იარაღის სამალავი, რომელიც 2017 წელს, კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული ახმედ ჩატაევის დაჯგუფებას ეკუთვნოდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
- 2 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 3 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 4 მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღებასთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული შეიწყალა
- 5 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
- 6 კალაძე შენობების ფასადების „ვანდალურად მოხატვისთვის“ კანონის გამკაცრებას ითხოვს
„ჩატაევისა და მისი დაჯგუფების წინააღმდეგ 2017 წელს დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სუს-ის კონტრტერორისტულ ცენტრში მიღებულ იქნა ოპერატიული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაჯგუფების კუთვნილი საბრძოლო მასალის ნაწილი, მათი განეიტრალების შემდეგ, წლების განმავლობაში, ინახებოდა წყაროს მიერ მითითებულ ადგილას, რის შემდეგაც კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლების მიერ, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურის მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში მოწყობილ სამალავში აღმოჩენილია ცეცხლსასროლი იარაღი, 5 მჭიდი, 161 ცალი ვაზნა, 3 ხელყუმბარა, სხვადასხვა სახის ასაფეთქებელი ნივთიერება, მათ შორის – ტროტილი. ასევე პირველადი დახმარების სამედიცინო ნივთები“, – ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადება
სუს-ის ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე (ტერორისტული აქტი), 331-ე პრიმა (ტერორიზმის დაფინანსება, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერა ან რესურსებით უზრუნველყოფა), 344-ე (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა), 328-ე (ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება ან ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება) და და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) მუხლებით.
2017 წლის 21-22 ნოემბერს, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, კონტრტერორისტული სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც საერთაშორისო ტერორისტთა სიაში შეყვანილი ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების ორი წევრის - რუსეთის მოქალაქე იბრაგიმ ადაშევის და ასლანბეგ სოლტახმადოვის ლიკვიდაცია მოხდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა რუსეთის მოქალაქე შოაიფ ბორზიევი, რომელსაც 13 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
სუს-ის განცხადებით, ახმედ ჩატაევი და მისი თანამზრახველები საქართველოში თურქეთიდან, საქართველოს საზღვრის კირნათი-მარადიდის მონაკვეთით უკანონოდ შემოვიდნენ და ტერორისტული აქტების განხორციელებას გეგმავდნენ როგორც საქართველოში, ისე თურქეთში. უწყების ინფორმაციით, მათ მიზანს დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმები წარმოადგენდა.
