სვანეთში რუსეთის მოქალაქის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე შოთა ბიჭიამ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და სვანეთში რუსეთის მოქალაქის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ორივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

38 წლის რევაზ პაკელიანსა და 32 წლის ბეჟან ჭკადუას ბრალად დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჯგუფური ყაჩაღობა, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება ედებათ.

საქმის მასალების მიხედვით, 5 იანვარს, ბრალდებულები ზუგდიდიდან მესტიაში მიმავალ რუსეთის ორ მოქალაქეს - ვიქტორ სოლოვიევს და მის თანმხლებ ქალს ყაჩაღურად თავს დაესხნენ და გასტაცეს მობილური ტელეფონები, დანაშაულის დაფარვის მიზნით კი, მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს. პროკურატურის მტკიცებით, მათ დანისა და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით ქალს მობილური ტელეფონები მოსთხოვეს და გაიტაცეს მესტიის რაიონის სოფელ ნაკრის მიმართულებით. პაკელიანი და ჭკადუა ბრალს არ აღიარებენ.

„ამბობს, რომ თავს იცავდა, [სოლოვიევი] დანით წამოვიდაო“, - განაცხადა რევაზ პაკელიანის ადვოკატმა, ვახტანგ გაბედავამ.

მეორე ბრალდებულის ინტერესების დამცველი, ლაშა ხოშტარია მიიჩნევს, რომ პროკურატურის მიერ დღეს წარდგენილი მტკიცებულებებით ბეჟან ჭკადუას უდანაშაულობა დასტურდება.

„მას არანაირი კავშირი არ აქვს არც მკვლელობასთან და არც ყაჩაღობის შემადგენლობა არსებობს მის ქმედებაში. დაზარალებულის ჩვენებიდან ჩანს, რომ როცა გზაზე გაჩერებული ავტომანქანიდან ითხოვდნენ ბრალდებულები დახმარებას, აწ გარდაცვლილი მანქანიდან ჩამოსვლისთანავე ამ პირებს როგორც საფრთხეს აღიქვამს, ის დანას ითხოვს, რასაც დაზარალებული ალინა გაბაევა აწვდის, ის მანქანიდან დანით ჩამოდის და ბრალდებულებს ასე ეგებება.

არანაირ ტელეფონების მისაკუთრებას, წართმევას ადგილი არ ჰქონია. ჩვენ უმოკლეს ვადებში დავამტკიცებთ, რომ ეს ტელეფონები განადგურებულია თავად დაზარალებული ქალბატონის მიერ, ვინაიდან შეიცავდა ინფორმაციას და ეს ინფორმაციაა ყველაფრის მთქმელი აღნიშნულ საქმეზე შემდგომი კვალიფიკაციის განსაზღვრის მიზნით.

ამ ბრალდების ძირითადი წყარო არის დაზარალებულის ჩვენება. მანქანაში ოქროც იყო, ფულიც იყო, თუმცა დაზარალებულის ჩვენებთ, სხვა ნივთის მოთხოვნას ადგილი არ ჰქონია. გამოძიება ერთხელაც არ სვამს შეკითხვას, რატომ მაინც და მაინც მობილური ტელეფონი, რატომ ითხოვდნენ ეს პირები მობილურს.

ჭკადუა მოსალოდნელი სასჯელის გამო გამოძიებას არ მიემალება. უფრო მეტიც, ვფიქრობ, მისი თავისუფლებაში ყოფნა ხელს შეუწყობს გამოძიებას, დადგინდეს დაზარალებული ქალბატონის როლი ამ საქმეში, ჰქონდა თუ არა გარდაცვლილისა და დაზარალებულის მხრიდან უმძიმესი დანაშაულების განხორციელებას ადგილი, როგორიც არის ქსელური ნარკოტიკის რეალიზაცია. ვფიქრობ, ბრალდების მხარემ ჭკადუას თანამშრომლობის საშუალება უნდა მისცეს“, - განაცხადა პროცესზე ადვოკატმა.

საქმის პროკურორმა დავით პაპავამ აღნიშნა, რომ ვიქტორ სოლოვიევი იმ პისტოლეტიდან გასროლის შედეგად გარდაიცვალა, რომელიც თან რევაზ პაკელიანს ჰქონდა. მისივე თქმით, გამოძიება ყველა მიმართულებით მიმდინარეობს, თუმცა ნარკოტიკებთან დაკავშირებული საკითხი ამ ეტაპზე არ არის გამოკვეთილი.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, პაკელიანსა და ჭკადუას 16 დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.