თაღლითობის ბრალდებით ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი და კიდევ 3 პირი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ბრალდებით 4 პირი დააკავეს, ერთი პირის მიმართ კი სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულთა ქმედებების შედეგად, მოქალაქეთათვის მიყენებული ზიანი 3 მილიონ ლარამდეა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

თბილისის პროკურორის მოადგილის, შოთა ტყეშელაშვილის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ტურისტული კომპანია „სმაილ თრეველ ჯორჯიას“ წარმომადგენლებმა, 2024-2025 წლებში, საზღვარგარეთ მოგზაურობის ორგანიზების დაპირებით, ფიზიკური პირებისგან მასიურად მოახდინეს დიდი ოდენობით თანხის მობილიზება და 200-მდე დაზარალებულის კუთვნილი, დაახლოებით 1 მილიონი ლარი მოტყუებით მიისაკუთრეს ისე, რომ აღებული ვალდებულება არ შეასრულეს.

პროკურორის განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე, გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს ბრალდებულთა მიერ მოტყუებული სხვა პირების იდენტიფიცირების მიზნით. შესაბამისად, დაზარალებულთა რაოდენობა და თაღლითურად დაუფლებული თანხების მოცულობა შესაძლოა გაიზარდოს.

გამოვლენილია კონკრეტული იურიდიული პირის, შპს „ზეკარის წყაროების“ 100% წილზე ქონებრივი უფლების მოტყუებით დაუფლების ფაქტი. კერძოდ, პროკურატურის ცნობით, ბრალდებული, „ზეკარის წყაროების“ წარმომადგენლებს, ფინანსური პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა, სანაცვლოდ კი წილების დათმობა მოითხოვა.

„ნდობის მოსაპოვებლად, ბრალდებულმა, თავის მხრივ, სხვა დაზარალებულისაგან მოტყუებით დაუფლებული დიდი ოდენობით თანხიდან ნაწილობრივ დაფარა კომპანიის საბანკო დავალიანება და პარტნიორებს, 100%-იანი წილის გადაფორმება მოსთხოვა. აღნიშნული ხერხით, ბრალდებულმა კომპანიის 100%-იანი წილი ოჯახის წევრზე გადააფორმა, თავად კი არც საწარმოს საკრედიტო ვალდებულებები დაფარა და ორგანიზაციის 100%-იან წილსაც მოტყუებით დაეუფლა. შედეგად, იურიდიული პირის მესაკუთრეებს 1 500 000 ლარზე მეტის, ხოლო კიდევ ერთ დაზარალებულ პირს 163 000 ლარამდე ქონებრივი ზიანი მიადგათ“, - განაცხადა პროკურორმა შოთა ტყეშელაშვილმა.

თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, დაზარალებულს გაუფორმეს ე.წ. მოჩვენებითი ხელშეკრულება „სამშენებლო სამუშაოების წარმოების შესახებ.“ საქმის მასალების მიხედვით, დაზარალებულმა, შეთანხმებისამებრ, კონკრეტული სამუშაოებისათვის განკუთვნილი 123 134 ლარი ბრალდებულებს გადასცა, ბრალდებულებმა კი არ შეასრულეს ფორმალურად ნაკისრი ვალდებულება და მითითებული დიდი ოდენობის თანხა მიისაკუთრეს.

პროკურატურა აცხადებს, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებზე დაკავებულ პირებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.