„თან მიმაქვს ლეგიტიმურობა“ - სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლე დატოვა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ალომე ზურაბიშვილმა დატოვა ორბელიანების სასახლე, სადაც ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, მისი, როგორც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, რეზიდენცია მდებარეობდა. ამ გადაწყვეტილების შესახებ მან სასახლესთან შეკრებილი მოქალაქეების წინაშე, არალეგიტიმურ პარლამენტში მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად ინაუგურაციის პარალელურად განაცხადა. 

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ექვსი წლის წინ მე დავდე ფიცი კონსტიტუციაზე, მაგრამ კიდევ უფრო ქვეყნის მიმართ ერთგულებაზე და თქვენს მიმართ ერთგულებაზე. ამიტომ ვარ მე დღეს აქ და ეს ერთგულება არაფრით არ შეიცვლება, ვიქნები მე სასახლეში, თუ სასახლის გარეთ.

აქედან გამოვალ, თქვენთან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები. ეს შენობა არავისი არ არის.

ეს შენობა იყო სიმბოლო, ვიდრე აქ იჯდა პრეზიდენტი, რომელიც იყო ლეგიტიმური. მე ჩემთან ერთად მიმაქვს ლეგიტიმურობა. ჩემთან ერთად მიმაქვს დროშა. ჩემთან ერთად მიმაქვს ის, რაც არის თქვენი ნდობა.

ლეგიტიმურობა მოდის მხოლოდ ერთი წყაროდან და ეს წყარო ხართ თქვენ. იქ, სადაც ხალხის ნდობა არ არის, ლეგიტიმურობაც ვერ იქნება. ამიტომ, გამოვალ თქვენთან და თქვენთან ერთად ვიქნები“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილმა პარლამენტში მიმდინარე პროცესს პაროდია უწოდა, რომელიც „სახელმწიფოს არ ეკადრება“.

„იმიტომ, რომ იქ არის პაროდია, ამიტომ არის ეს განსხვავებული ორი სურათი. იქ არიან ჩაკეტილი, შეშინებული, გაყიდული, არალეგიტიმური, არაღიარებული არავისგან, სანქცირებული და დაბოღმილები. ჩვენ ვართ ღია, თავისუფალი, ლაღი, ძალიან მშვიდი და ჩვენთან არის სიმართლე. ჩვენთან არის სიყვარული, ჩვენთან არის ქვეყნის სიყვარული და ჩვენთან არის, რაც შეიძლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყოს - ერთმანეთის სიყვარული და ამიტომ არის, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ“,- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მან პირობა დადო, რომ იმუშავებს დოკუმენტის ტექსტზე, რომელიც საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საფუძველი გახდება.

„ეს არ არის ლოზუნგი, რომ ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს. ეს არ არის რიტორიკული განცხადება. ეს არის რეალური მოთხოვნა და ამიტომ უნდა იყოს რეალურად დაფუძნებული თავის პირობებზე.

არჩევნები ჩატარდება - სხვა გზა არ არის და ეს არის ყველა შემთხვევაში, ყველა ასეთი კრიზისის დროს ერთადერთი გამოსავალი, მაგრამ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამ არჩევნებისთვის და არა მხოლოდ იმით, რომ დავდოთ ასეთი დეტალური დოკუმენტი - პარტიები უნდა იყვნენ მზად, ახალი ძალები, რომლებიც გამოიკვეთა ამ პროტესტის დროს, ისინიც უნდა იყვნენ მზად, ვინც აპირებს, რომ ხვალინდელი ქვეყნის პოლიტიკაში იყოს - თქვენი ჯერია და მოემზადეთ, ამიტომ, რომ ეს ძალიან მალე მოვა და ამაში მეც დაგეხმარებით“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მან ყურადღება თავისუფალი მედიის დაცვაზე, აქციების დროს დაკავებული და დაჯარიმებული პირების, ასევე სამსახურებიდან გათავისუფლებული საჯარო მოხელეების, დახმარების გაძლიერების საჭიროებაზეც გაამახვილა.

„ჩემი მოვალეობა ახლა რა არის, გარდა იმისა, რომ გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები ბოლომდე სანამ არ დავნიშნავთ არჩევნებს, სანამ არ გვექნება ჩვენი თავისუფალი, ღირსეული ხელისუფლება - მე დავიწყებ მასშტაბურ შეხვედრებს საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტთან“, - უთხრა ზურაბიშვილმა შეკრებილებს.

როგორც მან აღნიშნა, ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განიხილავს მმართველი პარტიის „უგუნური ნაბიჯებისა“ და სანქციების გამო შექმნილი „უმძიმესი ეკონომიკური და ფინანსური კრიზისიდან“ გამოსვალის გზებს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.