22 ივლისს, საღამოს, თბილისში, შანიძის ქუჩაზე 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი მოკლეს. თავდასხმის შედეგად მასთან ერთად კიდევ სამი პირი - ერთი არასრულწლოვანი და ორი ზრდასრული დაჭრეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
- 3 ივანიშვილის გინების შემდეგ, გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმეს
- 4 დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე კიდევ ორი პირი დააკავეს
- 5 მამუკა მდინარაძისთვის ჩაფიქრებული თანამდებობები უქმდება
როგორც თვითმხილველი ელენე ქორიძე სოციალურ ქსელში წერს, თავდამსხმელმა მანქანაში მჯდომ ახალგაზრდებს ცეცხლი იმის გამო გაუხსნა, რომ ისინი იცინოდნენ, რის შემდეგაც შორიახლოს მყოფ ქალსაც ესროლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოთხივე დაჭრილი სამედიცინო დახმარების მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მიყენებული მძიმე დაზიანების შედეგად, ერთ-ერთი არასრულწლოვანი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. დანარჩენი დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„სკოლა წელს დაასრულა, ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა. 1-ელ აგვისტოს 18 წლის გახდებოდა. უმცროსი ძმასავით ამშვენებდა დედ-მამას და ყველას აბედნიერებდა ნიკოლოზი“, - წერს მოკლულის შესახებ მისი მასწავლებელი მაია კობახიძე.
ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა პოლიციამ 42 წლის ნიკა კაპანაძე მალევე დააკავა. შსს-ს ცნობით, დაკავებისას მან სამართალდამცველებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია.
დაკავებისას მიღებული დაზიანებების გამო ბრალდებული კლინიკაშია მოთავსებული. როგორც ექიმმა ლევან ბესელიამ განაცხადა, პაციენტს მარცხენა ხელის მეორე თითი ამპუტირებული ჰქონდა. მას ჩაუტარდა ოპერაცია, ამჟამად იმყოფება პალატაში, ქირურგის, ტრავმატოლოგისა და ანგიოქირურგის მეთვალყურეობის ქვეშ. მისი მდგომარეობა სტაბილურია, არის ნათელი ცნობიერებით, კონტაქტური და ადეკვატური, თუმცა იმყოფება პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
