შვედმა აქტივისტმა გრეტა თუნბერგმა, რომელიც ბოლო რამდენიმე დღეა თბილისშია, 11 ნოემბერს, 19:00 საათზე თავისუფლების მოედანზე (პუშკინის პარკი) „ავტორიტარიზმის, ომისა და კაპიტალისტური ექსპლუატაციის წინააღმდეგ“ აქცია დააანონსა. მის მიერ Instagram-ზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პროტესტის ორგანიზატორი კავკასიის ფემინისტური ომის საწინააღმდეგო მოძრაობაა. აქცია აზერბაიჯანში გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის (COP29) გახსნის დღეს იმართება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- 2 Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს
- 3 გერმანიამ საქართველოში მომიტინგეებზე ძალადობაზე პასუხისმგებელ 9 პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
- 4 საჯარო რეესტრის თანამშრომლები ამბობენ, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს
- 5 აშშ დაასანქცირებს და განდევნის კრიმინალების (ივანიშვილი და კომპანია) ნათესავებს - უილსონი
- 6 ყველა ბავშვს აქვს უფლება იცხოვროს უსაფრთხო გარემოში, რაც უსაფრთხო გზებსაც მოიცავს - იოსელიანი
„შემოგვიერთდით ჩვენს მიტინგზე ავტორიტარიზმის ტალღისა და ექსპლუატაციის წინააღმდეგ, რომელიც კავკასიას მოედო. აზერბაიჯანი, COP29-ის ფასადად გამოყენებით, კონტროლს აძლიერებს ყალბი „მწვანე“ დღის წესრიგის ქვეშ, ძალაუფლებას უფრო მეტად ებღაუჭება და რეგიონულ დაძაბულობას ამწვავებს.
20 წელზე მეტია, აზერბაიჯანის რეჟიმი ალიევის ხელმძღვაბელობით, ხალხს ჩაგრავს, ხელს უწყობს სიღარიბეს, შიშსა და სიჩუმეს. ეს ავტორიტარული ტენდენცია არ არის იზოლირებული - რეგიონის მასშტაბით ივანიშვილის, პუტინის, ერდოღანის მსგავსი ადამიანები, ირანის თეოკრატიული რეჟიმი აძლიერებენ კონტროლს, ახშობენ განსხვავებულ აზრს, ავიწროებენ საკუთარ ხალხს და იყენებენ ომსა და ეთნიკურ წმენდას სომხების, უკრაინელების, ქურთების და სხვა ეთნიკური უმცირესობებს წინააღმდეგ სასტიკი პოლიტიკის გასამართლებლად. ამ სისტემის პირობებში კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლა დაყვანილია კორპორაციული მოგების სქემებამდე, რითაც ხდება ხალხის საჭიროებების იგნორირება და თემების განადგურება.
კოლექტიური დასავლეთის როლი ამ ავტორიტარულ ტენდენციაში უდაოა, რადგან ის აგრძელებს მჩაგვრელი რეჟიმების ლეგიტიმაციას და დაფინანსებას ენერგიისა და მოგების მიზნით. რესურსების სანაცვლოდ ჩაგვრაზე თვალის დახუჭვით, დასავლური ძალები თანამონაწილენი არიან იმ რეპრესიებისა და ტანჯვის, რომელსაც კავკასიის ხალხი აწყდება.
კავკასიის ფემინისტური ომის საწინააღმდეგო მოძრაობა ითხოვს ავტორიტარიზმისგან, ომისა და კაპიტალისტური სიხარბისაგან თავისუფალ მომავალს. ჩვენ მხარს ვუჭერთ რეალურ თავისუფლებას, თანასწორობას, სამართლიანობას და რეგიონს, სადაც პირველ ადგილზეა ხალხი და არა მოგება“, - წერს გრეტა თუნბერგი.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენცია (COP29) ბაქოში 11-13 ნოემბერს გაიმართება. კონფერენციის მონაწილე ლიდერებს გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი უმასპინძლებენ. ბაქოში ჩავა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც, რომელიც, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, COP29-ის ლიდერთა სამიტზე და პანელურ დისკუსიებზე გამოვა სიტყვით.
კონფერენციაზე იქნება თალიბანის დელეგაციაც. თალიბანი მსგავს ღონისძიებაში პირველად იღებს მონაწილეობას მას შემდეგ, რაც 2021 წელს ავღანეთში ძალაუფლება ჩაიგდო ხელში.