საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთიკის კომისიამ გადაწყვიტა, სტუდენტის სტატუსი შეუწყვიტოს სტუდენტებს, რომლებიც ბოლო თვეების განმავლობაში პროტესტის ნიშნად ღამეს უნივერსიტეტის ფოიეში ათენებდნენ. გარდა ამისა, პოლიციამ სტუდენტები 5000-5000 ლარით დააჯარიმა „ქართული ოცნების“ ახალი კანონის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც, შენობაში აქციის გასამართად მესაკუთრის წერილობითი თანხმობაა საჭირო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 პროკურორი ბაჩიაშვილის ქვეყნიდან წასვლაზე: „აუცილებლად დაიწყება გამოძიება“
- 2 ირლანდიიდან საქართველოს 32 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა
- 3 მაკრონმა უკრაინაში ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტის ერთთვიან გეგმაზე ისაუბრა
- 4 რუსეთის დაზვერვა: EU საქართველოში აქციის მონაწილეებს დღიურად 120 ევროს გადაუხდის
- 5 მზია ამაღლობელს კლინიკიდან პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს დააბრუნებენ
- 6 ესტონეთში შესვლა საქართველოს კიდევ 55 მოქალაქეს აეკრძალა - სია
სტატუსის შეწყვეტის შესახებ შეტყობინება დღეს, 10 მარტს, 10-მა სტუდენტმა მიიღო. ეთიკის კომისია მათ „უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების“ დარღვევას ედავება, თუმცა, წერილში არ არის დაკონკრეტებული - კონკრეტულად რომლის.
სტუდენტებს უფლება აქვთ, გადაწყვეტილება 3 დღის ვადაში რექტორთან გაასაჩივრონ, რექტორი კი უფლებამოსილია, 30 კალენდარული დღის ვადაში მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება.
პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე ნინო გოგია ამბობს, რომ სტუდენტებისთვის უცნობია ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება.
„ჩვენ 83 დღე ვიყავით უნივერსიტეტში. გუშინ თვითონ უნივერსიტეტმა სამჯერ გამოიძახა პოლიცია და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გამოვეყარეთ უნივერსიტეტიდან. ჩვენ უნივერსიტეტი დავტოვეთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პროტესტი შეწყდება, პროტესტი უფრო ძლიერდება. ბოლო წერტილი, თითქოს, ამაში ოპოვეს, რომ „მოდი გავრიცხოთ უნივერსიტეტიდან ეს სტუდენტები“. ცდილობენ, ამ გზით შეგვაშინონ. ჩვენ თავიდანვე ვამბობდთ, რომ ეს უნივერსიტეტი რეჟიმის ნაწილია და იგივე ხერხებით მოქმედებს, რითაც ჩვენი ხელისუფლება“, - აცხადებს სტუდენტი.
თეატრალური უნივერსიტეტის წესდების მიხედვით, სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველი შეიძლება გახდეს „უხეში და არაეთიკური დამოკიდებულება, ძალადობა და შეურაცხყოფა სტუდენტების, აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის მიმართ“.
მოგვიანებით უნივერსიტეტმა ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, Facebook-ზე განმარტება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ „რექტორის მიერ ბრძანება სტუდენტების სტატუსის შეწყვეტის შესახებ ჯერ არ არის გამოცემული“.
„მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ასეთ ბრძანებას ხელი არ მოვაწერო. ამ შემთხვევაში უკვე, ძალიან ბევრი რამ თვითონ ამ ახალგაზრდებზეა დამოკიდებული, იმიტომ, რომ ეთიკის კომისია მოქმედებდა მხოლოდ და მხოლოდ ეთიკის კოდექსის და სტუდენტთა ქცევის წესების შესაბამისად“, - განაცხადა უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შალუტაშვილმა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხთან“ ინტერვიუში რექტორი ამბობს, სტუდენტების მიერ წესების „11-მდე პუნქტია დარღვეული“.
თეატრალური უნივერსიტეტის მუდმივმოქმედი კომისია შედგება 7 წევრისგან, რომლებიც გადანაწილებულნი არიან შემდეგი პრინციპით:
- უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე;
- უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე;
- უნივერსიტეტის იურისტი;
- წარმომადგენელი დრამის ფაკულტეტიდან;
- წარმომადგენელი კინო-ტელე ფაკულტეტიდან;
- წარმომადგენელი სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტიდან;
- წარმომადგენელი უნივერსიტეტის თვითმმართველობიდან.
კომისია იკრიბება პოტენციურად, დისციპლინური გადაცდომის შესახებ ინფორმაციის საფუძველზე. დებულების მიხედვით, კომისიისთვის „ინფორმაციის მიწოდება შეუძლია უნივერსიტეტთან დაკავშირებულ (დასაქმებული, სტუდენტი) ნებისმიერ სტრუქტურულ-ადმინისტრაციულ ერთეულს ან პირს, რომლის სამართლიანი უფლებებიც დაირღვა ან შემსწრეა სამართალდარღვევის“.
თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი პროევროპული აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებას, ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშნვნას და რექტორის გადადგომას ითხოვს.
