„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ (TI) თანახმად, 2025 წლის პირველ 9 თვეში კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობის, დაშინების, მუქარის, შევიწროების, დევნისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში სხვადასხვა ტიპის ხელშეშლის 180-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან ნახევარზე მეტი – ბოლო 5 თვეში.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დიდმა ბრიტანეთმა ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
- 2 მამულაშვილი კინოიანზე: რუსეთის იურისდიქციაში მოხვედრა სიკვდილის ტოლფასია
- 3 „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მოძალადეები ზაზა მამალაძე და ირაკლი ბაუჩიძე გაათავისუფლეს
- 4 „8 შვილის მამა ტვინის შერყევით გინდათ, რომ გამიშვათ ციხეში“- ბურჭულაძეს პატიმრობა შეეფარდა
- 5 დაზიანებად არ შეიძლება შეფასდეს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში გაკეთებული წარწერა – ქურდოვანიძე
- 6 ლავროვი აცხადებს, რომ „3+3“ ფორმატში შეხვედრების განახლებას დროულად მიიჩნევს
ორგანიზაციის განცხადებით, იანვარ-სექტემბერში, განსაკუთრებით საგანგაშო იყო ონლაინგამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობლის დაკავება და მისთვის 2-წლიანი პატიმრობის მისჯა.
„მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის საგანგაშო ტენდენდციასთან ერთად, სახიფათო პრაქტიკის სახე შეიძინა „ქართული ოცნების“ მხრიდან სასამართლო სისტემისა და სამართალდამცველი ორგანოების პარტიული ინტერესების შესაბამისად ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოყენებამ.
ეს ყველაზე თვალსაჩინოდ და ნათლად ვლინდება ჟურნალისტების გახშირებულ უკანონო დაკავებებსა და დაჯარიმებაში, მანდატურების მხრიდან არასათანადო დამოკიდებულებაში და ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოუძიებლობაში“, – აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“.
ორგანიზაციის შეფასებით, მიმდინარე წელს ტენდენციის სახე ჰქონდა მედიის წარმომადგენლებისთვის სასამართლო პროცესების გადაღებისას სხვადასხვა ტიპის დაბრკოლების შექმნასა და ჟურნალისტების სასამართლო დარბაზებიდან გაძევებას, რაც საბოლოოდ პროცესების ვიდეო და ფოტოგადაღებების სრული აკრძალვით დაგვირგვინდა.
„აღნიშნულმა მნიშვნელოვნად შეაფერხა და გაართულა სასამართლოებში ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელება და ისედაც დახურული სისტემა საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ჩაკეტილი გახადა“, – წერს ორგანიზაცა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აღნიშნავს, რომ მიმდინარე წელი საგანგაშო იყო დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიის წინააღმდეგ არაერთი შემზღუდავი კანონის მიღების თვალსაზრისითაც, რითაც ისედაც მწირი ფინანსური და ტექნიკური რესურსების მქონე მედიის საქმიანობა კიდევ უფრო გაართულა, რიგ შემთხვევებში კი - შეუძლებელიც გახადა.
მათივე შეფასებით, 2025 წელი დრამატულად რთული იყო რეგიონული მედიისთვისაც – რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ინფორმაციით, ფინანსური სირთულეების გამო, 21 რეგიონული მაუწყებლიდან ყოველდღიურ ახალ ამბებს ვეღარ აწარმოებს 17.
„მათ შორის, წლის დასაწყისში, მრავალწლიანი ოპერირების შემდეგ, მაუწყებლობა სრულად შეაჩერეს ტელეკომპანიებმა - „ბორჯომმა“ და „TV 25“-მა (აჭარა), ასევე ახალციხის ტელევიზია მეცხრე არხი ახალციხემ“. მფლობელებს შორის უთანხმოების შედეგად, 2025 წლის თებერვალში ჯერ მაუწყებლობა დროებით შეაჩერა, მაისში კი სრულად დაიხურა „მთავარი არხი“, – აღნიშნავს ორგანიზაცია.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შეფასებით, მედიის მიმართ ამგვარი მიდგომა ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელი თავისებურებაა, როდესაც თავისუფალი, გავლენებისგან დამოუკიდებელი მედია თავდასხმისა და რეპრესიების მთავარი სამიზნეა.
„სწორედ ამგვარი რეჟიმების მხრიდან არის გამოყენებული არაპროპორციულად მაღალი ჯარიმებიც, რაც მაგალითად, ბელარუსსა და რუსეთის ფედერაციაში ქმედითი ინსტრუმენტი აღმოჩნდა ჟურნალისტების საქმიანობის შეზღუდვისა და, ზოგადად, საპროტესტო ტალღის ჩასახშობად.
[...] მედიის წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების დევნის მავნე პრაქტიკა „ქართული ოცნების“ იმ რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელებაა, რომლის მიზანიც ქვეყანაში თავისუფალი სივრცის მოსუფთავება და გაქრობაა.
თუმცა, უამრავი სირთულის, გამოწვევისა და არაერთი შემზღუდავი კანონის მიღების მიუხედავად, რომელთა მიზანიც დამოუკიდებელი მედიის საბოლოო გაჩუმებაა, ქვეყნისთვის ამ გარდამტეხ მომენტში, ქართული კრიტიკული მედია მყარად იბრძვის ძალადობრივი სისტემის წინააღმდეგ, მწირი რესურსების პირობებშიც კი, კვლავ აგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას და პროსამთავრობო ტელევიზიების პროპაგანდისტული საინფორმაციო ველის დაბალანსებას“, – ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებაში.
