TI განმარტავს, რა პრობლემებს შეუქმნის ბრიტანული სანქციები „იმედს“ და „პოსტივის“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ (TI) განმარტავს, ბრიტანული სანქციების დაწესების შემდეგ, რა შეზღუდვებისა და პრობლემების წინაშე შესაძლოა დადგნენ ტელეკომპანიები „იმედი“ და „პოსტივი“

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, ტელეკომპანიები ვერ მიიღებენ შემოსავალს რეკლამიდან, ვერ გასცემენ ხელფასებს, ვერ იყიდიან სერიალებს, გაუუქმდებათ გასართობი გადაცემების ლიცენზიები, ვერ მიიღებენ ბანკის მომსახურებას, ვერ აიღებენ სესხს და ახალ დაფინანსებას, ვერ გაყიდიან ან გააქირავებენ ქონებას, ვერ შეიძენენ ან იქირავებენ ტექნიკას, საბანკო გადარიცხვებით კომუნალურებს ვერ გადაიხდიან, თანამშრომლებს ბანკიდან სესხის აღება გაურთულდებათ.

„ბრიტანული სანქციის ეფექტი სცილდება მხოლოდ ბრიტანეთის იურისდიქციას. მეორადი სანქციის რისკისა და რეპუტაციული ზიანის თავიდან აცილების მიზნით, ბრიტანულ სანქციებს მთელი დასავლური სამყარო, განსაკუთრებით კი დასავლური საფინანსო სისტემა, იცავს. იმის გამო, რომ ქართული საბანკო სისტემა დასავლური სისტემის ნაწილია, ის იძულებულია დაემორჩილოს მის წესებს, თუ ბიზნესის შენარჩუნება სურს. ამ შემთხვევაში, ეს ნიშნავს ყველა ქართული ბანკის (და არა მხოლოდ ლონდონის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებული „თიბისისა“ და „საქართველოს ბანკის“) მიერ დასანქცირებული ტელეკომპანიებისთვის ყველანაირ სერვისებზე უარის თქმას“, - აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“.

ორგანიზაციის განმარტებით, ბრიტანული სანქციების შედეგად „იმედსა“ და „პოსტივის“ შემდეგი კონკრეტული პრობლემები შეექმნებათ:

  1. გაეყინებათ ანგარიშები და ანგარიშებზე არსებული თანხები ქართულ ბანკებში – ქართულ ბანკებს ამას საქართველოში მოქმედი რეგულაციები პირდაპირ ავალდებულებს. კონკრეტულად, ეროვნული ბანკის 2023 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №208/04 ავალდებულებს ბანკებს, დაიცვან რუსეთისა და ბელარუსის მიმართ აშშ-ს, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციათა რეჟიმების მოთხოვნები. სწორედ ამ სასანქციო რეჟიმით მოხდა „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირება.
  2. ვერ მიიღებენ ვერანაირ შემოსავალს, მათ შორის შემოსავალს რეკლამიდან – ქართულ ბანკებს ეკრძალებათ რუსული პროპაგანდის გამავრცელებელი ტელეკომპანიებისთვის ნებისმიერი სახის ტრანზაქციის გატარება. შესაბამისად, „იმედი“ და „პოსტივი“ ვერ მიიღებენ თანხებს ეთერში გაშვებული კომერციული რეკლამებიდან, ხოლო ყველა შესაძლო შემოვლითი გზა, აღქმული იქნება ბრიტანეთის შესაბამისი უწყების მიერ, როგორც სანქციების გვერდის არიდება.
  3. რეკლამის ან შემოსავლის ნებისმიერი მიმცემი, ბიზნესი თუ სახელმწიფო დაწესებულება, მეორადი სანქციის რისკის წინაშე დადგება – ბიზნესმენი თუ კომპანია, რომელიც სანქცირებულ ტელეკომპანიებს გადაუხდის თანხას, ან დაეხმარება მათ თანხის შემოვლითი გზით მიღებაში, დადგება მეორადი სანქციის რისკის წინაშე. მეორადი სანქციების რისკი ასევე გავრცელდება იმ სახელმწიფო დაწესებულებებზე (სამინისტროებზე, სსიპ-ებსა და ააიპ-ები, სახელმწიფო შპს-ებზე და ა.შ.), რომლებიც გადაწყვეტენ „იმედსა“ და „პოსტივიში“ რეკლამის განთავსებას ან მათ სხვა მხრივ ფინანსურ დახმარებას.
  4. ვერ გასცემენ ხელფასებს თანამშრომლებზე – საბანკო სისტემიდან მოწყვეტა ნიშნავს, რომ კომპანია ვეღარ გასცემს ხელფასებს. იმ შემთხვევაში, თუ ტელეკომპანიები მიმართავენ ანაზღაურების არასაბანკო საშუალებებს, ესეც აღქმული იქნება, როგორც სანქციისთვის თავის არიდება.
  5. წარმოიშვება ფულის გათეთრებისა და გადასახადებისგან თავის არიდების გამოძიების საფუძველი – დასანქცირებული ტელეკომპანიების ფინანსური გადარჩენის სქემების მონაწილე ყველა პირის (მათ შორის თანამშრომლების მიმართ, რომლებმაც შესაძლოა ანაზღაურება ალტერნატიული გზითა და მეთოდით მიიღონ), წარმოიშვება შესაძლო ფულის გათეთრებისა და გადასახადებისგან თავის არიდების გამოძიების საფუძველი.
  6. თანამშრომლებს გაუჭირდებათ სესხის აღება და შესაძლოა საერთოდ უარი ეთქვათ საბანკო მომსახურებაზე – ხელფასების ალტერნატიული გზით დარიგების შემთხვევაშიც, თანამშრომლები მუდმივად იქნებიან ქართული ბანკების მხრიდან მომეტებულ რისკ ჯგუფში, რადგან მათი შემოსავლის წყარო სანქცირებული კომპანია იქნება. შემოსავლის წყაროს დადგენის შემდეგ, რაც სტანდარტული პროცედურაა, ბანკმა შესაძლოა უარი თქვას, მაგალითად, სესხის გაცემაზე ან საერთოდ მომსახურების გაწევაზე.
  7. თანამშრომლებს მოუწევთ დამალონ მათი კავშირი „იმედთან“ და „პოსტივისთან“, რათა არ შეექმნათ პრობლემები – თანამშრომლებს მუდმივად მოუწევთ საკუთარი თავის დისტანცირება ამ ორგანიზაციებისგან, რადგან განსაკუთრებით დასავლურ ქვეყნებში მოგზაურობის, ღონისძიებებში მონაწილეობის, სერვისებით სარგებლობისა და საქმიანი თანამშრომლობის წამოწყების შემთხვევაში მათ ნემისმიერ დროს შეიძლება მიიღონ უარი.
  8. ტელეკომპანიები ვერ მიიღებენ საბანკო სესხს ან სხვა საბანკო მომსახურებას – საბანკო სერვისების შეჩერების გამო, რუსული პროპაგანდის გამავრცელებელი ტელეკომპანიები ვეღარ შეძლებენ რომელიმე ბანკიდან სესხის აღებას და ამ გზით ფუნქციონირების შენარჩუნებას, ხოლო ის ბანკი, რომელიც სესხის, ან სხვა სერვისის მათთვის მიწოდებას გარისკავს, მეორადი სანქციის რისკის ქვეშ აღმოჩნდება.
  9. ვერ მიიღებენ ვერანაირ სხვა სახის დაფინანსებას – ტელეკომპანია „იმედი“ წლების განმავლობაში ზარალზე მომუშავე კომპანია იყო, რომელსაც წელიწადში 50 მილიონ ლარზე მეტი სუბსიდია (სესხის სახით) ესაჭიროებოდა მისი ყოფილი მფლობელის ირაკლი რუხაძისა და ბიძინა ივანიშვილის კომპანიებისგან. ტელეკომპანია „იმედს“ ასეთი სესხის სახით 391 მლნ ლარის დავალიანება ჰქონდა დაგროვილი 2024 წლის ბოლოს. საბანკო ტრანზაქციების აკრძალვის გამო, სანქცირებული ტელეკომპანიები ვეღარ მიიღებენ მსგავს დაფინანსებას; ხოლო, თუ შემოვლითი გზებით დაფინანსება გაგრძელდება, მაშინ დამფინანსებლები პირდაპირ დადგებიან მეორადი სანქციის რისკის ქვეშ.
  10. ვერ გაყიდიან ან გააქირავებენ ქონებას – „იმედი“ და „პოსტივი“ ასევე ვერ გამოიყენებენ საბანკო ტრანზაციებს მათ საკუთრებაში არსებული ნებისმიერი სახის მოძრავი ან უძრვი ქონების გასაყიდად ან გასაქირავებლად.
  11. ვერ იყიდიან ან იქირავებენ ტექნიკას – მათ გაუჭირდებათ მაუწყებლობისთვის საჭირო ტექნიკის შესყიდვა, განსაკუთრებით საზღვარგარეთიდან; ასევე, ამ ტექნიკის მოვლისა და პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვა.
  12. დაკარგავენ დასავლური გასართობი გადაცემების გამოყენების ლიცენზიებს და ვერ მიიღებენ ახალი გადაცემების ლიცენზიებს.
  13. ვეღარ შეიძენენ უცხოური სერიალების ტრანსლირების უფლებას – სანქცირებული ტელეკომპანიები დიდი ალბათობით მიიღებენ უარს უცხოური სერიალების შესყიდვაზე (გარდა, მაგალითად, რუსული, ბელარუსული, ირანული ან ჩრდილოეთ-კორეული სერიალებისა) და/ან ვერ შეძლებენ საბანკო ანგარიშსწორებას მათ შესაძენად.
  14. გადაიხედება მაუწყებლობასთან დაკავშირებული ყველა სერვისი, რასაც სანქცირებული ტელეკომპანიები იღებენ დასავლური კომპანიებიდან ან დასავლური კავშირების მქონე ქართული კომპანიებიდან.
  15. დაკარგავენ ჟურნალისტური საქმიანობის აკრედიტაციას დასავლურ ქვეყნებში – რუსული პროპაგანდის გამავრცელებელი „იმედის“ და „პოსტივის“ ჟურნალისტები და წარმომადგენლები ვეღარ განახორციელებენ ჟურნალისტურ საქმიანობას დასავლეთის ქვეყნებში. იქ, სადაც სპეციალური აკრედიტაციაა საჭირო, ისინი მას ვერ მიიღებენ.
  16. შეეზღუდებათ სოცმედიის გამოყენება / ვერ გაუშვებენ რეკლამებს – კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება მათ მიერ სოცმედიის სერვისების გამოყენება, როგორიცაა Facebook-ი და Youtube-ი; ასევე, ამ პლატფორმებზე რეკლამის სერვისების შესყიდვა.
  17. ვერ შეძლებენ კომუნალური მომსახურების გადახდას – საბანკო ტრანზაქციებისა და მომსახურების აკრძალვის გამო, „იმედი“ და „პოსტივი“ ვერ შეძლებენ კომუნალური გადასახადების გადახდას.
  18. გაუჭირდებათ ბიზნესის ნორმალური ფუნქციონირებისთვის საჭირო ნებისმიერი სხვა სერვისის მიღება და საფასურის გადახდა, როგორიცაა: დაზღვევა, სატელეკომუნიკაციო მომსახურება, იურიდიული და საბუღალტრო მომსახურება.

დიდმა ბრიტანეთმა „ქართული ოცნების“ მიერ კონტროლირებად ტელეკომპანიებს, „იმედს“ და „პოსტივის“ ფინანსური სანქციები 24 თებერვალს დაუწესა. სანქციის საფუძვლად გამოყენებულ იქნა რუსეთის წინააღმდეგ არსებული სასანქციო რეჟიმი. ტელეკომპანიები მხილებულნი არიან უკრაინაში რუსეთის ომის შესახებ მცდარი ინფორმაციის განზრახ გავრცელებაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აღნიშნავს, რომ სანქციების დაწესებით, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ „იმედი“ და „პოსტივი“ გამოაცხადა რუსეთის სასარგებლოდ საინფორმაციო ომში ჩართულ მხარედ და მიზნად დაისახა მათი საქმიანობის შეჩერება ფინანსური შეზღუდვის გზით.

„ნებისმიერმა ქართულმა კომპანიამ და ფიზიკურმა პირმა თავი უნდა შეიკავოს „იმედისა“ და „პოსტივისთვის“ ნებისმიერი ფორმით, პირდაპირ და არაპირდაპირ, ნებისმიერი სახის სახსრების მიწოდებისგან, სერვისის გაწევისგან და შეღავათის მიცემისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა ეს პირი თუ კომპანია დადგება მეორადი სანქციის რისკის წინაშე“, - აცხადებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.