TI-ის 2025 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს რეიტინგი 3 ქულით გაუარესდა

კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო 50 ქულით 56-ე ადგილზეა

„საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ (Transparency International) კორუფციის აღქმის ყოველწლიური ინდექსი (CPI) გამოაქვეყნა. 2025 წელს საქართველოს ქულამ 3 პუნქტით იკლო და 100 ბალიან შკალაზე 50 გახდა, რაც საშუალო შედეგია. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქართველოს ასეთი დაბალი ქულა 2013 წლის შემდეგ არ ჰქონია, მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის რეგიონში ის პირველობას ინარჩუნებს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

50 ქულით საქართველო 182 ქვეყანას შორის 56-ე ადგილზეა. 2024 წელს საქართველო 53 ქულით 53-ე ადგილზე იყო. მაშინ რეიტინგში 180 ქვეყანა იყო შეტანილი.

კორუფციის აღქმის ინდექსი ძირითადად ზომავს, თუ რამდენად არის კორუფციისადმი მოწყვლადი ამა თუ იმ ქვეყნის საჯარო სექტორი, მაგალითად, რამდენად არის გავრცელებული წვრილმანი მექრთამეობა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებით, საქართველოს საშუალო ქულა მიუთითებს სწორედ იმაზე, რომ ქვეყანაში წვრილმანი მექრთამეობა საყოველთაოდ გავრცელებული არ არის. თუმცა, ინდექსი არ ზომავს კორუფციის ისეთ კომპლექსურ ფორმებს, როგორიცაა სახელმწიფოს მიტაცება და კლეპტოკრატია, რაც, ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში კორუფციის მხრივ მთავარი გამოწვევაა.

2025 წლის შედეგების თანამდევი ანალიზის მიხედვით, საქართველოს ქულის კლება და შესაბამისად, კორუფციის რისკის ზრდა პირდაპირაა დაკავშირებული დემოკრატიის უკუსვლასთან და ქვეყანაში ავტოკრატიის აღზევებასთან:

„საქართველოს შემთხვევაში კარგად ჩანს, ​​თუ როგორ უწყობს ხელს დემოკრატიული უკუსვლა პირდაპირ კორუფციის რისკებს. მმართველი პარტიის მიერ შემოღებული ე.წ. „უცხოელი აგენტების“ კანონი და გრანტების კანონი ანტიდემოკრატიული ზომებია, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციების ლეგიტიმური საქმიანობის კრიმინალიზებას ახდენს და დამოუკიდებელ აქტორებს უცხოელ აგენტებად აცხადებს.

პარტიამ ასევე გააძლიერა განსხვავებული აზრის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნა, მედიის შეზღუდვა, არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების გაყინვა და მომიტინგეებისა და ჟურნალისტების ძალადობრივი დარბევა.

2024 წლის სადავო არჩევნებისა და ევროკავშირთან ინტეგრაციის მოლაპარაკებების შეჩერების შემდეგ, საერთაშორისო დამკვირვებლები საქართველოში ავტორიტარულ შემობრუნებაზე საუბრობენ, რაც გამოიხატება ოპოზიციური პარტიების აკრძალვისა და საჯარო სამსახურზე, პოლიციასა და სასამართლოზე პოლიტიკური კონტროლის გაღრმავების მცდელობით. ეს მწვავედ ზრდის კორუფციის რისკებს და მთლიანობაში აზიანებს ქართულ საზოგადოებას.

ქვეყნების თითქმის ორ მესამედში, რომელთა CPI ქულები მნიშვნელოვნად შემცირდა 2012 წლიდან, შეინიშნება გამოხატვის, გაერთიანებისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვის შემაშფოთებელი ტენდენცია.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო, ინდონეზია, პერუ და ტუნისი, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში პოლიტიზირებული ჩარევის შედეგად, მთავრობებმა მიიღეს ახალი კანონები დაფინანსებაზე წვდომის შესაზღუდად ან იმ ორგანიზაციების პირდაპირ დასახურად, რომლებიც მთავრობას ამოწმებენ და აკრიტიკებენ; ამ პროცესს, ხშირად, თან ახლავს ცილისწამების კამპანიები და დაშინება.

ასეთ კონტექსტში დამოუკიდებელი ჟურნალისტებისთვის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის და მამხილებლებისთვის უფრო რთულია კორუფციაზე თავისუფლად საუბარი, ხოლო კორუმპირებული თანამდებობის პირების მხრიდან იზრდება ძალაუფლების ბოროტად გამოყენების რისკი.“

კორუფციის აღქმის ინდექსი 182 ქვეყანაში ჩატარდა. ქვეყნები ფასდება 100 ბალიანი სისტემით, სადაც 100 დადებითი, ხოლო 0 უარყოფითი შედეგია.

2024 წლის მსგავსად, პირველ ოთხ ადგილს დანია (100-დან 89 ქულა), ფინეთი (88 ქულა), სინგაპური (84 ქულა) და ახალი ზელანდია (81 ქულა) იკავებენ. ყველაზე დაბალი კორუფციის მქონე ხუთეულშია ნორვეგიაც, რომელმაც ასევე 81 ქულა დააგროვა. მას მოსდევს შვედეთი და შვეიცარია (80 ქულა), ლუქსემბურგი და ნიდერლანდები (78 ქულა). 77 ქულით მეათე ადგილზეა გერმანია.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ აღნიშნავს, დემოკრატიები, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად უფრო ეფექტურები არიან კორუფციასთან ბრძოლაში, ვიდრე ავტოკრატიები ან არასრულყოფილი დემოკრატიები, საგანგაშო ვარდნას განიცდიან თავიანთი ქულების მხრივ. ეს ტენდენცია ვრცელდება ისეთ ქვეყნებზე, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები (64 ქულა), კანადა (75 ქულა) და ახალი ზელანდია (81 ქულა), ასევე ევროპის სხვადასხვა ნაწილში, როგორიცაა გაერთიანებული სამეფო (70 ქულა), საფრანგეთი (66 ქულა) და შვედეთი (80 ქულა).

რუსეთი კორუფციის აღქმის ინდექსით (22 ქულა) 157-ე ადგილზეა. რეიტინგში ბოლო ადგილებზე არიან სამხრეთ სუდანი, სომალი და ვენესუელა - 9 და 10 ქულებით.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.