„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ (TI) სატელევიზიო სარეკლამო ბაზარის კვლევის მიხედვით, 2024-2025 წლებში, პროსამთავრობო მაუწყებლებმა ჯამში, 89.5 მლნ ლარის კომერციული სარეკლამო შემოსავალი მიიღეს, კრიტიკულმა ტელევიზიებმა კი თითქმის 4-ჯერ ნაკლები - 23 მლნ ლარის.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აზიის განვითარების ბანკმა არ დააკმაყოფილა საჩივარი ხარაგაულის დამეწყრილი სოფლებიდან
- 2 კადიროვმა თქვა, რა უშლის ხელს ითუმ-კალი – შატილის გზის მშენებლობას
- 3 სასამართლომ „ლუკოილ ჯორჯიას“ მითვისებული საწვავის დაბრუნება დაავალა
- 4 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 5 ფედერიკა მოგერინი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს
- 6 აზერბაიჯანი საქართველოს მედიის სფეროში გამოცდილებას უზიარებს
ორგანიზაციის შეფასებით, მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლების ანალიზი მკაფიოდ აჩვენებს, რომ სარეკლამო ბაზარი არ არის საკმარისი მედიის გამართულად ფუნქციონირებისთვის, რასაც თან ახლავს ბაზრის არათანაბარი და დისპროპორციული განაწილება პროსამთავრობო მაუწყებლების სასარგებლოდ.
„მხოლოდ 2025 წლის პირველ 3 კვარტალში, მხოლოდ პროსამთავრობო „იმედის ჰოლდინგმა“ 29.2 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო კომერციული რეკლამიდან, რაც ორი კრიტიკული მაუწყებლის - „ფორმულა“, „ტვ პირველი“ - იმავე პერიოდის ჯამურ შემოსავალზე 3.7-ჯერ მეტია. მათ საანგარიშო პერიოდში, ჯამურად მხოლოდ 7.8 მლნ ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღეს.
საყურადღებოა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ არსებობაც საერთო სარეკლამო ბაზარზე, რომლის სარედაქციო პოლიტიკაც ხელისუფლების დღის წესრიგზეა მორგებული და ისედაც სოლიდური სახელმწიფო დაფინანსების პირობებში, კომერციული რეკლამის ნაწილში კერძო მაუწყებლების კონკურენტად გვევლინება. რაც საბოლოო ჯამში, განაპირობებს სარეკლამო შემოსავლების უდიდესი ნაწილის აკუმულირებას პროსამთავრობო არხებზე. აღნიშნული განსაკუთრებულ წნეხად კვლავ კრიტიკულ მაუწყებლებს აწვებათ, რომლებიც ისედაც მინიმალური ფინანსური რესურსების ზღვარზე ოპერირებენ.
ამასთან, მკაფიოდ იგრძნობა ერთგვარი თვითცენზურა რეკლამის დამკვეთებშიც, რის ვარაუდსაც პირად საუბრებში თავად კრიტიკული მაუწყებლების წარმომადგენლებიც გამოთქვამენ. მათივე ცნობით, ადგილი ჰქონდა უკვე დადებული სარეკლამო კონტრაქტების გაუქმებასაც. ეჭვებს კიდევ უფრო მეტად ამყარებს მაუწყებლებში მიტანილი რეკლამების საერთო მაჩვენებლებიც.
კრიტიკულ მედიაში არსებულ ფინანსურ პრობლემებს თან სდევს, როგორც ტექნიკური, ისე ადამიანური რესურსების მკვეთრი ნაკლებობა. მრავალთვიანი სახელფასო დავალიანებების ფონზე, ბევრი ჟურნალისტი იძულებული ხდება დატოვოს პროფესია, დარჩენილები კი მოხალისეობრივ საწყისებზე განაგრძობენ საქმიანობას“, – ვკითხულობთ კვლევაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო“ ხაზს უსვამს „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რის შედეგადაც დასავლური ფონდებიდან დაფინანსების მიღება როგორც სატელევიზიო, ისე ონლაინ მედიისთვის ფაქტობრივად სრულად შეიზღუდა.
„შექმნილი ფინანსური პრობლებების გამო 2025 წელს მაუწყებლობა ვეღარ განაახლა 17-მა რეგიონულმა მაუწყებელმა. ფინანსური კრიზისის გამო დახურვის საფრთხის წინაშე არიან ქვეყნის მთავარი კრიტიკული მაუწყებლები - „ფორმულა“ და ტელეკომპანია „პირველი“. კრიტიკული მაუწყებლების დახურვა გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს საზოგადოების ჯეროვან ინფორმირებას, დატოვებს რა მას მხოლოდ სამთავრობო დღის წესრიგისა და პროპაგანდის ამარა“, – ვკითხულობთ კვლევაში.
ორგანიზაცია აღნიშნავს კომუნიკაციების კომისიის მაკონტროლებელი როლის გაფართოებასაც და აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, მარეგულირებელი ორგანო მაუწყებლების დასჯის ინსტრუმენტად გამოიყენება.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აცხადებს, რომ ბოლო წლებში მედიის წარმომადგენლებისთვის შექმნილი მტრული გარემო მათ უკანონო დაკავებებში (მათ შორის, სისხლის სამართლებრივი წესით), დაჯარიმებებში, ე.წ. SLAPP (საზოგადოებრივი ჩართულობის სტრატეგიული სარჩელები) სარჩელებში, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში, დაშინებაში, მუქარაში, შევიწროებასა და ჟურნალისტურ საქმიანობაში სხვადასხვა ტიპის ხელშეშლის შემთხვევებში გამოიხატა. ორგანიზაციამ ბოლო ორ წელში 600-ზე მეტი ამგვარი ინციდენტი აღრიცხა.
