TI საქართველომ ალექსანდრე ელისაშვილი პოლიტიკურ პატიმართა სიაში შეიყვანა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ოპოზიციური გაერთიანება „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრი, ყოფილი დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი პოლიტიკურ პატიმართა სიაში შეიყვანა. საქმის შესწავლის შედეგად, ორგანიზაციამ დაასკვნა, რომ ელისაშვილის ქმედებაში არ იკვეთება ტერორისტული მიზანი, თუმცა სასამართლომ ის სწორედ ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობაში ცნო დამნაშავედ და 13 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებით, საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, სასამართლოს ჰქონდა საფუძველი დაესკვნა, რომ ალექსანდრე ელისაშვილმა სასამართლოს შენობისთვის ცეცხლის წაკიდება სცადა, თუმცა განაჩენის მთავარი პრობლემა ამ ქმედების ტერორისტულ აქტად კვალიფიკაციაა.

„სასამართლომ სწორედ დაადგინა ელისაშვილის ქმედების პოლიტიკური მოტივი: იგი უკმაყოფილო იყო სასამართლოსა და ხელისუფლების საქმიანობით, საკუთარ ქმედებას პოლიტიკური პროტესტის გამოხატულებად მიიჩნევდა და ხელისუფლებისთვის წინააღმდეგობის გაწევა სურდა. მაგრამ პოლიტიკური მოტივი და ტერორისტული მიზანი ერთმანეთისგან განსხვავებული სამართლებრივი ცნებებია. სასამართლოს უნდა დაედგინა, კონკრეტულად რომელი ტერორისტული მიზანი ამოძრავებდა ელისაშვილს და რომელი კონკრეტული მტკიცებულებები ადასტურებდა ამ მიზანს. სასამართლომ ეს მოვალეობა ვერ შეასრულა. ცნო რა ალექსანდრე ელისაშვილი დამნაშავედ ტერორისტული აქტის მცდელობაში, მიუხედავად იმისა, რომ ტერორისტული მიზნის არსებობა ვერ დაამტკიცა, სასამართლომ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით უზრუნველყოფილი სამართლიანი სასამართლოს უფლება და სხვა უფლებები. ეს გარემოება წარმოშობს საფუძველს, რომ ალექსანდრე ელისაშვილი მიჩნეულ იქნეს პოლიტიკურ პატიმრად, რადგან იგი აკმაყოფილებს ევროსაბჭოს მიერ დადგენილ კრიტერიუმებს“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

მიუხედავად იმისა, რომ ევროსაბჭოს რეზოლუციის მიხედვით ტერორისტული დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირი ზოგადად პოლიტიკურ პატიმრად არ მიიჩნევა, ეს პრინციპი არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც კვალიფიკაცია და მსჯავრდება ეროვნულ სამართალსა და ევროპულ კონვენციას ეწინააღმდეგება.

ორგანიზაციის შეფასებით, ელისაშვილი სრულად აკმაყოფილებს ევროსაბჭოს კრიტერიუმებს, რადგან იგი აშკარად არასამართლიანი პროცესისა და არაპროპორციული სასჯელის მსხვერპლი გახდა.

ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ 2026 წლის 21 ივლისს გამოაქვეყნა პოლიტიკური პატიმრების სია. მასში შეყვანილი პირების დაკავება, ბრალდება და მსჯავრდება, ორგანიზაციის დასკვნით, აშკარად უკავშირდებოდა 2024-2025 წლების საპროტესტო აქციებში მათ მონაწილეობასა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობას. სიაში სულ 91 პირია.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.