ტრამპის თქმით, გრენლანდიასთან დაკავშირებით სამომავლო შეთანხმების ჩარჩო შემუშავებულია

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან „ძალიან პროდუქტიული შეხვედრის საფუძველზე“ შემუშავებულია „გრენლანდიასთან და, ფაქტობრივად, მთელ არქტიკულ რეგიონთან დაკავშირებით სამომავლო შეთანხმების“ ჩარჩო.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ეს გადაწყვეტილება, თუ განხორციელდება, დიდ სარგებელს მოუტანს ამერიკის შეერთებულ შტატებს და ნატოს ყველა ქვეყანას. აქედან გამომდინარე, მე არ დავაწესებ ტარიფებს, რომლებიც 1-ელი თებერვლიდან უნდა ამოქმედებულიყო“, - დაწერა ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში 21 იანვარს.

მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 1-ელი თებერვლიდან დანიიდან, ნორვეგიიდან, შვედეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, გაერთიანებული სამეფოდან, ნიდერლანდებიდან და ფინეთიდან შეერთებულ შტატებში გაგზავნილ ყველა საქონელზე 10%-იან ტარიფს დააწესებდა. 1 ივნისიდან, გრენლანდიაზე შეთანხმების მიღწევამდე,  ტარიფების 25%-მდე გაზრდა იგეგმებოდა.

ტრამპის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს შემდგომი მოლაპარაკებები „ოქროს გუმბათის“ საჰაერო თავდაცვის სისტემასთან დაკავშირებით, რომლის განთავსებაც შეერთებულ შტატებს გრენლანდიაში სურს.

ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ იმავე დღეს დაადასტურა აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება, თუმცა მედიას დამატებითი დეტალები არ მიაწოდა. რუტეს პრესმდივანმა მოგვიანებით განმარტა, რომ მან ტრამპთან არქტიკის უსაფრთხოების საკითხზე „ძალიან პროდუქტიული“ შეხვედრა გამართა.

„დანიას, გრენლანდიასა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები გაგრძელდება იმის უზრუნველსაყოფად, რომ რუსეთმა და ჩინეთმა იქ ფეხი არ მოიკიდონ - არც ეკონომიკურად და არც სამხედრო თვალსაზრისით“, - ციტირებს გერმანული საინფორმაციო სააგენტო, DPA მარკ რუტეს პრესმდივნის სიტყვებს.

ტრამპი ღიად აცხადებს პრეტენზიას გრენლანდიაზე, რასაც „ეროვნული უსაფრთხოების“ მიზეზებით ხსნის. თავდაპირველად, მან განაცხადა, რომ კუნძულის აშშ-ის შემაგდენლობაში შესაყვანად რამდენიმე ვარიანტს განიხილავდა, მათ შორის სამხედრო ძალის გამოყენებას და შეძენას. 21 იანვარს დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ ძალას არ გამოიყენებს.

ბუნებრივი რესურსებით მდიდარი გრენლანდია დანიის ავტონომიური ტერიტორიაა და სტრატეგიულად მნიშვნელოვან არქტიკულ რეგიონში მდებარეობს. დანიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებთან კუნძულის გაყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმოებას არ აპირებს.

გამოცემა Axios-ი წერს, რომ გრენლანდიასთან დაკავშირებული შეთანხმების ჩარჩო, რის შესახებაც ტრამპმა და რუტემ განაცხადეს, კუნძულზე დანიის სუვერენიტეტის შენარჩუნდებას ითვალისწინებს.

რუტეს წინადადების შესახებ ინფორმირებული ორი წყაროს თანახმად, ის არ მოიცავს გრენლანდიაზე სუვერენიტეტის დანიიდან შეერთებულ შტატებზე გადაცემას. Axios-ი წერს, რომ:

  • გეგმა მოიცავს აშშ-სა და დანიას შორის 1951 წელს დადებული „გრენლანდიის თავდაცვის შეთანხმების“ განახლებას, რომელიც აშშ-ს აძლევდა საშუალებას კუნძულზე სამხედრო ბაზები აეშენებინა და „თავდაცვითი ზონები“ შეექმნა, თუ ნატო ამას საჭიროდ ჩათვლიდა.
  • ის ასევე მოიცავს გრენლანდიაში უსაფრთხოების გაძლიერებისა და არქტიკაში ნატოს საქმიანობის შესახებ ნაწილებს, ასევე ნედლეულის საკითხებზე დამატებით სამუშაოებს.
  • წინადადება ასევე მოიცავს გრენლანდიაში „ოქროს გუმბათის“ განთავსებისა და რუსეთისა და ჩინეთის „მავნე გარე გავლენის“ წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს.

„თუ ეს შეთანხმება განხორციელდება და პრეზიდენტი ტრამპი ამას იმედოვნებს, აშშ გრენლანდიასთან დაკავშირებით ყველა სტრატეგიულ მიზანს ძალიან მცირე დანახარჯებით, სამუდამოდ მიაღწევს“, - წერს Axios.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.