ტრამპისა და პუტინის შეხვედრა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გარეშე დასრულდა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მოლაპარაკებები ალასკაში თითქმის სამი საათი გაგრძელდა. ისინი ვერ შეთანხმდნენ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, თუმცა, როგორც ამერიკის პრეზიდენტმა თქვა, „გარკვეულ პროგრესს“ მიაღწიეს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ქალაქ ანკორიჯში, ამერიკულ სამხედრო ბაზაზე გამართული მოლაპარაკებების შემდეგ პუტინი და ტრამპი პრესის წინაშე გამოვიდნენ. პუტინმა მადლობა გადაუხადა ტრამპს სტუმართმოყვარეობისთვის, გაიმეორა განცხადება უკრაინაში „კონფლიქტის ძირეული მიზეზების აღმოფხვრის“ აუცილებლობის შესახებ და თქვა, რომ ტრამპი 2022 წელს პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, ომი არ დაიწყებოდა.

„მოლაპარაკებები კონსტრუქციულ ატმოსფეროში წარიმართა. ჩვენი ქვეყნები ახლო მეზობლები არიან. როდესაც თვითმფრინავიდან ჩამოვედი, ასეც ვუთხარი: „გამარჯობა, ძვირფასო მეზობელო!“ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ჩვენთვის ტრაგედია და ტკივილია. ჩვენ უკრაინელ ხალხს ყოველთვის ძმებად მივიჩნევდით. კონფლიქტის მდგრადი მოგვარებისთვის მისი ძირითადი მიზეზები უნდა აღმოიფხვრას. რა თქმა უნდა, უკრაინის უსაფრთხოება უნდა იყოს უზრუნველყოფილი და ჩვენ მზად ვართ ამაზე ვიმუშაოთ. ვიმედოვნებთ, რომ კიევი და ევროპა პროვოკაციებს არ მოაწყობენ, რათა ხელი შეუშალონ მიმდინარე პროგრესს. შეერთებულ შტატებთან ჩვენს პარტნიორობას პოტენციალი აქვს. ტრამპს ესმის, რომ რუსეთს საკუთარი ეროვნული ინტერესები გააჩნია. ის ამბობს, რომ პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, ომი არ დაიწყებოდა და მე მას ვეთანხმები“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ვალადიმირ პუტინი აშშ-ის პრეზიდენტს პირველად შეხვდა. ამასთან, ეს იყო მისი პირველი ვიზიტი შეერთებულ შტატებში 2015 წლის შემდეგ.

„ბევრ საკითხზე შევთანხმდით, ვიტყოდი, რომ უმეტესობაზე. რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ჯერ არ შევჯერებულვართ, მაგრამ გარკვეული პროგრესი გვაქვს. ასე რომ, შეთანხმება არ იქნება, სანამ შეთანხმება არ იქნება მიღწეული. ცოტა ხანში NATO-ს დავურეკავ, სხვადასხვა ადამიანს დავურეკავ, ვისაც შესაფერისად მივიჩნევ და, რა თქმა უნდა, პრეზიდენტ ზელენსკის დავურეკავ და დღევანდელი შეხვედრის შესახებ ვეტყვი. საბოლოო ჯამში, ეს მათზეა დამოკიდებული. დღეს ჩვენ მართლაც დიდ პროგრესს მივაღწიეთ. მე ყოველთვის ფანტასტიკური ურთიერთობა მქონდა პრეზიდენტ პუტინთან, ვლადიმირთან. ჩვენ ბევრი, ბევრი რთული შეხვედრა გვქონდა, კარგი შეხვედრები. ჩვენ ვაპირებთ, კვირაში რეალურად 5, 6, 7 ათასი, 1000 ადამიანის სიკვდილი თავიდან ავიცილოთ და პრეზიდენტ პუტინს ეს ისევე სურს, როგორც მე. ასე რომ, კიდევ ერთხელ, ბატონო პრეზიდენტო, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ და ალბათ, ძალიან მალე შევხვდებით“, - განაცხადა ტრამპმა.

„შემდეგ ჯერზე მოსკოვში“, - აღნიშნა პუტინმა.

თავდაპირველად არსებობდა ვარაუდი, რომ პრეზიდენტები პირისპირ, თარჯიმნების თანდასწრებით, ისაუბრებდნენ, მაგრამ მოლაპარაკებების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ფორმატი შეიცვალა - პუტინთან და ტრამპთან ერთად მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ საგარეო პოლიტიკის მიმართულებების ხელმძღვანელები მარკო რუბიო და სერგეი ლავროვი, ასევე აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივენ ვიტკოფი და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი. გაუქმდა პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ დაგეგმილი სამუშაო სადილიც.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.