ტრამპმა და მსოფლიო ლიდერებმა ხელი მოაწერეს ღაზაში მშვიდობის დამყარების შესახებ დეკლარაციას

ეგვიპტის, ყატარის, აშშ-ისა და თურქეთის ლიდერებმა 13 ოქტომბერს ეგვიპტეში, შარმ-ელ-შეიხში გამართულ სამშვიდობო სამიტზე ხელი მოაწერეს ღაზაში მშვიდობის დამყარების შესახებ შეთანხმებას.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დოკუმენტი ბევრ წესს მოიცავს და „ის ძალიან ყოვლისმომცველია“.

„ეს არის დღე, რომლისთვისაც რეგიონში და მსოფლიოს მასშტაბით ადამიანები შრომობდნენ, იბრძოდნენ, იმედოვნებდნენ და ლოცულობდნენ. ისტორიული შეთანხმებით, რომელსაც ახლახან მოვაწერეთ ხელი, მილიონობით ადამიანის ლოცვა საბოლოოდ შესმენილი იქნა.

წლების განმავლობაში ტანჯვისა და სისხლისღვრის შემდეგ, ღაზაში ომი დასრულდა. ჰუმანიტარული დახმარება ახლა გზაშია, მათ შორის ასობით სატვირთო მანქანა საკვებით, სამედიცინო აღჭურვილობითა და სხვა მარაგით, რომელთა დიდი ნაწილი ამ ოთახში მყოფმა ადამიანებმა დააფინანსეს. მშვიდობიანი მოსახლეობა საკუთარ სახლებში ბრუნდება. მძევლები კვლავ ოჯახებს უბრუნდებიან.

ჩვენი სამუშაო აქ და ახლა იწყება. უძველესი დროიდან მოყოლებული, ეს რეგიონი არაჩვეულებრივად მრავალფეროვანი იყო თავისი ხალხით, კულტურით, რელიგიებითა და ეროვნული ხასიათის ყველა ელემენტით, შესაძლოა, დედამიწის სხვა ნებისმიერი რეგიონისგან განსხვავებით. 3000 წლის განმავლობაში აქ კონფლიქტები მძვინვარებდა. რაც არ უნდა ყოფილიყო მიზეზი, ეს იყო უზარმაზარი კონფლიქტები, მუდმივი კონფლიქტები. მაგრამ დღეს, ისტორიაში პირველად, ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი, რომ წარსულის დაპირისპირება და მწარე სიძულვილი უკან მოვიტოვოთ“, - განაცხადა ტრამპმა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.

ეგვიპტის პრეზიდენტმა ,აბდელ ფატაჰ ალ-სისიმ აღნიშნა, რომ მიღწეული შეთანხმება „კაცობრიობის ისტორიის მტკივნეულ თავს ხურავს და მშვიდობისა და სტაბილურობის ახალ ერას ხსნის“. ეგვიპტის ლიდერმა სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პალესტინელებს „აქვთ უფლება, ისარგებლონ თავისუფლებით და იცხოვრონ საკუთარ დამოუკიდებელ სახელმწიფოში, ქვეყანაში, რომელიც ისრაელის გვერდით მშვიდობიანად, უსაფრთხოდ და ურთიერთგაგებით იარსებებს“.

სამიტს არ ესწრებოდნენ ჰამასისა და ისრაელის წარმომადგენლები. სტუმრებს შორის იყო პალესტინის ეროვნული ავტონომიის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი.

„ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, მომავალი დავები მოვაგვაროთ დიპლომატიური ჩართულობითა და მოლაპარაკებებით და არა ძალის გამოყენებით ან გაჭიანურებული კონფლიქტით. ჩვენ ვაღიარებთ, რომ ახლო აღმოსავლეთი ვერ გაუძლებს გაჭიანურებული ომის, ჩიხში შესული მოლაპარაკებების ან წარმატებით მოლაპარაკებული პირობების ფრაგმენტული, არასრული ან შერჩევითი გამოყენების მუდმივ ციკლს. ბოლო ორი წლის განმავლობაში მომხდარი ტრაგედიები უნდა გვახსენებდეს, რომ მომავალი თაობები იმსახურებენ უკეთესს, ვიდრე წარსულის წარუმატებლობებია“, - წერია „მდგრადი მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ტრამპის დეკლარაციაში“.

სამიტს 30-ზე მეტი მსოფლიო ლიდერი დაესწრო.  მათ შორის იყვნენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი. საქართველო მიწვეული არ ყოფილა.

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება პარასკევს დილით შევიდა ძალაში მას შემდეგ, რაც ისრაელი და ჰამასი ტრამპის 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის პირველ ეტაპზე შეთანხმდნენ. ამ ეტაპის ნაწილი იყო მძევლებისა და პატიმრების გაცვლა.

13 ოქტომბერს „ჰამასმა“ ორწლიანი ტყვეობიდან გაათავისუფლა 20 ისრაელელი. სანაცვლოდ ისრაელმა ღაზაში დააბრუნა ომის დროს დაკავებული 1718 პალესტინელი და ასევე, გაათავისუფლა 250 ადამიანი, რომლებსაც 2023 წლის ოქტომბერში „ჰამასის“ მიერ ისრაელზე თავდასხმამდე, ისრაელში სამუდამო პატიმრობა ჰქოდათ მისჯილი.  

„ჰამასის“ მთავარმა მომლაპარაკებელმა, ხალილ ალ-ჰაიამ, გასულ კვირას განაცხადა, რომ აშშ-სა და საერთაშორისო შუამავლებისგან მიიღო გარანტიები, რომლებიც ადასტურებს, რომ შეთანხმება ნიშნავს „ომის სამუდამოდ დასრულებას“ და არა დროებით ცეცხლის შეწყვეტას.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.