ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანელებს პროტესტის გაგრძელებისკენ მოუწოდა და დეტალების დაკონკრეტების გარეშე განაცხადა, რომ „დახმარება გზაშია“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 3 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 4 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 5 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 6 „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ფონიჭალის მეჩეთმა მოჯთაბა ხამენეის მიმართვა გააზიარა
„ირანელო პატრიოტებო, განაგრძეთ პროტესტი - დაიკავეთ თქვენი ინსტიტუტები!!! ჩაიწერეთ მკვლელებისა და მოძალადეების სახელები. ისინი ამისთვის ძვირს გადაიხდიან. მე გავაუქმე ყველა შეხვედრა ირანელ ოფიციალურ პირებთან მანამ, სანამ მომიტინგეების უაზრო მკვლელობები არ შეწყდება. დახმარება გზაშია“, - დაწერა ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ზე.
13 იანვარს ირანელმა ოფიციალურმა პირმა სააგენტო Reuters-ს განუცხადა, რომ ირანში გამართული საპროტესტო აქციების დროს დაახლოებით 2000 ადამიანი დაიღუპა. სააგენტო აღნიშნავს, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ირანის ხელისუფლებამ ქვეყნის მასშტაბით ორკვირიანი აქციების ინტენსიური დარბევის შედეგად დაღუპულთა მაღალი რიცხვი აღიარა.
აშშ-ში დაფუძნებული ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს მონაცემებით, 28 დეკემბრიდან მოყოლებული არეულობის დროს 1847 მომიტინგე და 135 უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი იქნა მოკლული.
ტელეკომპანია Iran International-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაღუპულთა რაოდენობა 12 000-ს აღემატება.
დაკავებულთა რიცხვი, სავარაუდოდ, 10 000-ს აჭარბებს.
ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია Hengaw-ს ცნობით, 26 წლის ერფან სოლთანს, რომელიც გასულ ხუთშაბათს დააკავეს, სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. ორგანიზაციის თანახმად, ახალგაზრდა მამაკაცის ოჯახს აცნობეს, რომ განაჩენი დღეს, 14 იანვარს აღსრულდება. უცნობია, როდის გაიმართა მისი სასამართლო პროცესი ან რა ბრალდებები წაუყენეს.
ირანის მასშტაბით ორ კვირაზე მეტია დემონსტრაციები იმართება უზენაესი ლიდერის, აიათოლა ხამენეის რეჟიმის წინააღმდეგ. საპროტესტო აქციები თავდაპირველად თეირანის დიდ ბაზარში მაღაზიების მეპატრონეებმა დაიწყეს ინფლაციის ზრდის, ვალუტის კურსის ვარდნისა და ეკონომიკური კრიზისის გამო.
საპროტესტო აქციების ფონზე ირანის ხელისუფლებამ ინტერნეტი ჩაახშო, რაც ინფორმაციის მიღებასა და გადამოწმებას ართულებს.
