ისრაელის თავდაცვის ძალებმა, ცაჰალმა, ირანზე დარტყმები ისრაელის საჰაერო ძალების ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ოპერაციად გამოაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 2 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 3 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 4 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 5 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 6 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
ცაჰალის განცხადებაში ნათქვამია, რომ დილიდან მოყოლებული, დაახლოებით 200-მა გამანადგურებელმა თვითმფრინავმა, ისრაელის თავდაცვის ძალების დაზვერვისა და ისრაელის საჰაერო ძალების ხელმძღვანელობით, მასშტაბური საჰაერო დარტყმა განახორციელა „ირანის ტერორისტული რეჟიმის სარაკეტო და თავდაცვის სისტემების წინააღმდეგ დასავლეთ და ცენტრალურ ირანში“.
„ეს ისრაელის საჰაერო ძალების ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო საჰაერო დარტყმაა, რომელიც განხორციელდა საფუძვლიანი დაგეგმვითა და მაღალი ხარისხის დაზვერვით, რაც ასობით გამანადგურებელი თვითმფრინავის ერთდროულ სინქრონიზაციას მოიცავდა.
საჰაერო თავდაცვის ძალების გამანადგურებლებმა ასობით საბრძოლო მასალა ერთდროულად ჩამოაგდეს დაახლოებით 500 სამიზნეზე, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და გამშვებ სისტემებზე, ირანის რამდენიმე რაიონში. თავდაცვის სისტემებზე დარტყმებმა გააფართოვა ისრაელის საჰაერო ძალების საჰაერო უპირატესობა ირანის საჰაერო სივრცეზე და სერიოზულად შეასუსტა ირანის რეჟიმის შეტევითი შესაძლებლობები - გამშვები სისტემები დასავლეთ ირანში“, - ვკითხულობთ ცაჰალის განცხადებაში.
უწყება აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი დარტყმა დასავლეთ ირანში, თავრიზში მდებარე ობიექტზე განხორციელდა: „ობიექტს იყენებდა ირანის მიწა-მიწა ტიპის სარაკეტო დანაყოფი, რომელიც ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ათობით რაკეტის გაშვებას გეგმავდა“.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ისრაელის საჰაერო ძალები გააგრძელებს ოპერაციებს, რომელთა მიზანია „ირანის რეჟიმის ყველა ასპექტის მნიშვნელოვნად შესუსტება“.
დღეს, 28 თებერვალს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანს შეუტიეს. საპასუხოდ, ირანმა ისრაელზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა და ასევე თავს დაესხა აშშ-ის სამხედრო ბაზებს ბაჰრეინში, ქუვეითში, ყატარსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში. მსოფლიოში ახალი მასშტაბური ომი დაიწყო.
ცაჰალი „სპეციალურ რეჟიმზე“ გადავიდა და ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით, დამატებით 20 000 რეზერვისტი გამოიძახა - უკვე სამსახურში მყოფ 50 000 რეზერვისტთან ერთად. ისრაელში სკოლები და უნივერსიტეტები დაკეტილია, გაუქმნდა საჯარო ღონისძიებები და მხოლოდ აუცილებელი სერვისები აგრძელებს ფუნქციონირებას.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სამხრეთ ირანში, ქალაქ მინაბში გოგონების დაწყებით სკოლაზე სარაკეტო დარტყმის შედეგად სულ მცირე 84 ადამიანი დაიღუპა. ჰორმაზაგანის პროვინციის გუბერნატორის მოადგილემ განაცხადა, რომ სკოლა „დარტყმის პირდაპირი სამიზნე იყო“. აღნიშნულ პროვინციაში რამდენიმე ირანული საზღვაო ბაზაა განთავსებული.
თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები აჩვენებს, რომ დარტყმების შედეგად ირანის უზენაესი ლიდერის რეზიდენცია ძლიერ დაზიანდა.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ შუადღისას განაცხადა, რომ აიათოლა ალი ხამენეი, „რამდენადაც მას აქვს ინფორმაცია“ ცოცხალია და რომ ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ ისრაელ-აშშ-ს სამხედრო ოპერაციის დროს ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის არცერთი წევრი არ დაღუპულა. NBC News-თან ინტერვიუში არაღჩიმ აღიარა, რომ ირანმა „შესაძლოა რამდენიმე მეთაური დაკარგა“.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად შესაძლოა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური მოჰამედ პაკპური და ირანის თავდაცვის მინისტრი ამირ ნასირზადე დაიღუპნენ. ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ირანზე საჰაერო დარტყმები მკაცრად დაგმო და მოითხოვა, რომ ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება „დაუყოვნებლივ“ მოლაპარაკებების ფორმატში დაბრუნდეს.
ჩინეთმა „უკიდურესი შეშფოთება“ გამოთქვა და ირანის „სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის“ პატივისცემისკენ, ასევე, ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებების განახლებისკენ მოწოდებით გამოვიდა.
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ირანის მთავრობას მოუწოდეს, შეწყვიტოს ბირთვული პროგრამა და განაახლოს მოლაპარაკებები. ევროპელმა ლიდერებმა ასევე „ყველაზე მკაცრი ფორმით“ დაგმეს ირანის მიერ ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებზე დარტყმები.
სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ რვაწუთიან ვიდეომიმართვაში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ აშშ ირანული საფრთხის აღმოსაფხვრელად „მასშტაბურ ოპერაციას“ ახორციელებს.
„ჩვენი მიზანია დავიცვათ ამერიკელი ხალხი ირანის რეჟიმისგან, ძალიან მკაცრი, საშინელი ადამიანებისგან შემდგარი სასტიკი ჯგუფისგან, მომდინარე გარდაუვალი საფრთხის აღმოფხვრით. მისი მუქარის შემცველი საქმიანობა პირდაპირ საფრთხეს უქმნის შეერთებულ შტატებს, ჩვენს ჯარებს, ჩვენს ბაზებს საზღვარგარეთ და ჩვენს მოკავშირეებს მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ირანელებს რეჟიმის შეცვლისკენ მოუწოდა: „თქვენი თავისუფლების საათი ახლოვდება... როდესაც დავასრულებთ, ხელში ჩაიგდეთ თქვენი მთავრობა. ის თქვენი იქნება. ეს, ალბათ, თქვენი ერთადერთი შანსი იქნება თაობების განმავლობაში“.
