არაადამიანური მოპყრობა და მიზანმიმართული დევნა - სახალხო დამცველი აქციის დაშლაზე

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა თბილისში, 28-29 ნოემბერს საპროტესტო აქციის დარბევასთან დაკავშირებით. იოსელიანის თქმით, შემაშფოთებელია მედიით გავრცელებულ ვიდეოკადრებში ასახული მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის, მათი მიზანმიმართული დევნის დანაშაულებრივი ქმედებები.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ 29 ნოემბრის დილის 2 საათიდან აქტიურად დაიწყო საპოლიციო ღონისძიებების გატარება, დიდი რაოდენობით ადამიანური საპოლიციო ძალებისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებით.

ვიდეოკადრებში და გავრცელებულ ინფორმაციაში ცალსახად ვლინდება მშვიდობიანი აქციის დაშლის დროს, მომიტინგეების, მათ შორის, პოლიტიკოსების, ასევე, ჟურნალისტებისა და დაკავებულების მიმართ სპეციალური საშუალებების უსაფუძვლო გამოყენების არაერთი ეპიზოდი, სავარაუდო უსაფუძვლო დაკავების შემთხვევები, ძალადობის პირდაპირი განზრახვა და მიზანმიმართული დევნა.

გარდა აქციის ძირითადი ლოკაციისა, გავრცელებულ ვიდეოკადრებში აშკარად ჩანს, რომ პოლიცია ახორციელებს აქციის მონაწილეების დევნას შეკრების ადგილიდან დაშორებით, რაც მიანიშნებს სავარაუდო შურისძიებისა და დაშინების მიზანზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს ჟურნალისტების მიმართ გამოვლენილ ძალადობასა და სისასტიკის ხარისხზე, მათი ტექნიკის სავარაუდო მიზანმიმართულ დაზიანებაზე, რაც, სახალხო დამცველის განცხადებით, „წარმოადგენს ჟურნალისტების მიმართ არასათანადო მოპყრობის შემცველ ქმედებებს და ხელს უშლის მათ პროფესიულ საქმიანობაში“.

„სპეციალური დანიშნულების რაზმის მხრიდან გამოხატული დანაშაულებრივი ქმედებები სავარაუდოდ წახალისებულია იმით, რომ ისინი სარგებლობენ ფაქტობრივი დაუსჯელობის გარანტიებით. აღნიშნული კი განპირობებულია რაზმის წევრების საიდენტიფიკაციო ნიშნებისა და სამხრე კამერებით აღჭურვის ვალდებულების არარსებობით, წინა აქციების დროს მოძალადე პირების დაუსჯელობითა და სხვა.

ნიშანდობლივია, რომ საიდენტიფიკაციო ნიშნების აუცილებლობაზე სახალხო დამცველი წლებია საუბრობს და ნების არსებობის შემთხვევაში, აღნიშნულის უზრუნველყოფა არ უნდა საჭიროებდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან განსაკუთრებულ ძალისხმევას. საგულისხმოა, რომ ამ საკითხზე მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაშიც“, - აცხადებს ლევან იოსელაინი.

ღამის განმავლობაში სახალხო დამცველის რწმუნებულებმა 11 პირი მოინახულეს, რომელთაგან 9 დაკავებული იყო. სახალხო დამცველის ინფორმაციით, კლინიკაში გადაყვანილ ორ პირთან გასაუბრება ვერ მოხერხდა, მრავლობითი დაზიანებების გამო.

„გამოვლინდა 9 სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შემთხვევა, საიდანაც 3 ეხება ჟურნალისტებს. ვიზუალური დაზიანებები აღენიშნებოდა 6 პირს. მაგალითად, ერთ-ერთ ჟურნალისტს თავი ჰქონდა გატეხილი, მეორე ჟურნალისტს - მარცხენა თვალბუდის არე მთლიანად ჰქონდა ჩაწითლებული და სახე შეშუპებული, მესამეს კი ცხვირის, ყვრიმალებისა და შუბლის არეში შეშუპებები და ნაკაწრები.

ამასთან, იზოლატორში რწმუნებულის ყოფნის დროს შემოიყვანილ ერთ-ერთ დაკავებულს დასჭირდა კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანა ქირურგიული ჩარევის მიზნით“, - სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ მათი წარმომადგენლები ამ წუთებშიც აგრძელებენ დაკავებულების მონახულებას, როგორც თბილისში, ისე დასავლეთ საქართველოში.

სახალხო დამცველი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და პროკურატურას მოუწოდებს, შემჭიდროვებულ ვადებში ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება და გამოავლინოს ყველა პასუხისმგებელი პირი, ვისმა მოქმედებამ, შესაძლო დავალებამ თუ მდუმარებით გამოხატულმა თანხმობამ შედეგად გამოიწვია მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების უფლებების უხეში ხელყოფა.

„უკიდურესად აუცილებელია გამოძიება წარიმართოს სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციით (არასათანადო მოპყრობის სპეციალური მუხლებით), რომელიც ზუსტად ასახავს იმ ქმედებების შეფასებას, რაც ღამის მანძილზე განხორციელდა“, - აცხადებს სახალხო დამცველი.

ლევან იოსელიანი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ შეაფერხოს გამოძიების პროცესი და ითანამშრომლოს გამოძიებასთან ყველა დამნაშავე პოლიციელის, სპეცრაზმელისა და სამინისტროს შესაბამისი ხელმძღვანელების იდენტიფიცირების მიზნით და მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია გამოძიებას.

გარდა ამისა, სახალხო დამცველი მოუწოდებს სასამართლოებს უზრუნველყონ დაკავებული მომიტინგეების სამართლიანი სასამართლოს უფლების ზედმიწევნითი დაცვა, არსობრივად შეაფასონ დაკავების კანონიერების საკითხი და არ დაეყრდნონ მხოლოდ პოლიციელთა განმარტებებს ნეიტრალური მტკიცებულებების არარსებობის პირობებში.

მიუხედავად იმისა, რომ რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე სპეცრაზმი დემონსტრანტებს მთელი ღამის განმავლობაში, დილამდე არბევდა, აკავებდა და სასტიკად სცემდა, სახალხო დამცველი შეკრების ადგილზე არ გამოჩენილა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.